logo_geo
რატომ ვერ იტანდა ნიკალა მღვდლებს და ვისი საფლავიდან გააგდო მოძღვარი
- +

21 დეკემბერი. 2020. 22:35

 

 

 „ფიროსმანიშვილის ბიოგრაფიული ფაქტების ჩაწერა დავიწყე 1922 წელს. ჩაწერას ვაწარმოებდი დღიურის სახით. 1930 წელს, მარტის-აგვისტოს თვეებში ჩემი დღიური ისევ განახლდა კიტა მეგრელიძისა და დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით.

 

ფიროსმანიშვილის ცხოვრების დეტალებთან ერთად, როგორც პირველად, ისე ახლა, თან მისი ბიოგრაფიული ფონიც მაინტერესებდა. მასალების შესაკრებად მე ვინახულე ღვინის ვაჭრები, ქუჩის მხატვრები, მღებავები, საზანდარები, მეთევზეები, დალაქები, მემწვანილეები, ყასბები, მედროგეები, მეჩექმეები, რკინიგზის კონდუქტორები და სხვა – მხატვრის მეგობრები, მცნობები და პატივისმცემლები. მე იქვე ვიწერდი მათს ნაუბარს „საწყალ ნიკალაის“ უბრალო ცხოვრებაზედ და ფაქტებს მათ საკუთარ თავგადასავლიდანაც. მრავალი ახალი და საინტერესო აღმოჩნდა მათთან შეხვედრებში ფიროსმანის ბიოგრაფიის გასარკვევად. ამ ნედლ მასალას, რაც სტენოგრაფიული სისწორითაა თითქმის ჩაწერილი და უმეტესად დაუმუშავებელიცაა – ახლა ვაქვეყნებ მათივე პასუხისმგებლობით“. – წერს გიორგი ლეონიძე. მაშ, მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი ფიროსმანის ცხოვრების ამსახველ ქრონიკას.

 

***

ფიროსმანის სავაჭრო კომპანიონი ცოცხალი ყოფილა! მაგრამ პოვნა გამიძნელდა. წინათ, თურმე, ბაზარში მწვანილით ვაჭრობდა. სად არის ახლა? მისი სახელია დიმიტრი. გვარი – ალუღიშვილი. მის ნათესავს, ვასო ალუღიშვილს შევეკითხე: ვასომ თავი გაიქნია, – ცოცხალი აღარ უნდა იყოსო. ყოველ შემთხვევაში, არაფერი იცის. ჩემთვის კი მეტად საჭიროა დიმიტრის ნახვა. ფიროსმანის ცხოვრების პირველი პერიოდის მონაწილეა, ფიროსმანის ახალგაზრდობამ მის თვალ-შუა გაიარა... დილიდანვე გამოვდივარ ყასბების რიგში. მთელი ბაზარიც მოვიარე. კითხვა-კითხვით ვის არ იპოვი? დიმიტრიც მთლად უცნობელი არ ყოფილა. „არც ისე დაკარგული ვარ...“ დიმიტრის მართლაც მივაგენ. კოლოფისტოლა დუქანია. მე დროზე ვაცნობე ჩემი მიზეზი. მოხუცი ერთ წამს დამშვიდდა. ახლა სხვა მღელვარება შეეტყო და სახე აეტკრიცა. ეს ხომ ის კაცია ფიროსმანის დაღუპვას რომ აბრალებენ და გზის შეშლას ცხოვრებაში? აი, სწორედ ამან ჰკრა ხელი თურმე „საწყალ ნიკალას“ და სარდაფების კარი უჩვენა. იქნებ მართალია ყველაფერი და მიტომ მიყურებს თვალდაფეთებული? საკვირველია, რაც არ უნდა შეეკითხო, დიმიტრი მაინც ამტკიცებს, რომ მისი კომპანიონი „ტვინდასეტყვილი“ კაცი იყო და ათას რამეს ჩაგიარაკებს.

 

ნიკალაი ქალაქში გავიცანი პირველად, თუმცა ქიზიყიდან მეზობლებით, – დაიწყო დიმიტრიმ მოზომილი საუბარი თავის ჭიჭინობელა სკამზედ. – მე ერთს ოჯახში მზარეულად ვეყენე. ისიც ვინმე სომხის ოჯახში ლაქიობდა და მზარეულობდა. გამართული „პოვერი“ ვერ იყო. ხშირად მოვიდოდა ჩემთან და მკითხამდა რჩევას საჭმელების გაკეთებასა თუ შენელებაზე. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. თვითრჯული იყო! ჭკვა შეფრქვეული! ჯერ შიკრიკად იყო რკინის გზათა სამმართველოში, მერე – საქონლის მატარებლის კონდუქტორად განჯის მხარეში. მაგრამ არც იქ დადგა! ავად გახდა და სამსახურს თავი დაანება. იქიდან გამოსვლის დროს დახმარება მიიღო, იშოვა სათავნო ფული და სარძეო დუქანი გახსნა ვერის თავდაღმართზე (სადაც დღეს მელიქ-აზარიანცის სახლია). ორ წელიწადს ვაჭრობდა. საქმე კარგად წაუვიდა. ერთ დღეს ჩემთან შემოვიდა და შემეკითხა: „იარმუკაში“ დუქანი მინდა გავხსნა, შენ რას მეტყვიო? მე გადმოსვლა ვურჩიე. ლაპარაკი ლაპარაკს შეჰყვა და მეც თვალში მომივიდა და ორივემ შეამხანაგება გადავწყვიტეთ. თქმა იყო და გასრულება. დუქანი გავაღეთ. სარძეო საქონელი უხვად გვქონდა: კარაქი, ერბო, მაწონი, თაფლი, ყველი. დიდკაცობის მზარეულები სულ ჩვენთან ვაჭრობდნენ – ჩვენი მცნობები და მეგობრები იყვნენ. შადიოვმა კრედიტი გაგვიხსნა. საქმე კარგად წაგვივიდა. ერთმანეთს უფრო დაუახლოვდით. მე შვილი მოვანათლინე და ოჯახში დავიშინაურე. მაგრამ მისი ხასიათი მალე გავიგე. ვაჭრობა ეზარებოდა და კიდეც თაკილობდა. ზაფხულში, გაჩაღებული ვაჭრობის დროს მიმატოვებდა, ორი ვირის საპალნე მწვანე ბალახს იყიდდა, აიტანდა დუქნის თავზე საკუთარ „ბალახანში“, გაიშლიდა და გამოეხვეოდა: სოფელში რომ ვერ მივდივარ, ეს მიამებაო! დუქანსაც იამებოდა? მე, როგორც თავგზიანი, დახლში ვიდექი. თითონ ის ან კართან იდგა აყუდებული, ან ბალახანაში

 

ხატავდა. მოიყვანდა რომელიმე მეზობელს, დააყენებდა და ეტყოდა: მოდი, ისე დაგხატო, შენზე მაიმუნი არავინ იყოსო. ერთხელ მეც დამხატა. თურმე, უჩუმრად გადამიღო ვაჭრობის დროს. დიდხანს ვინახავდი სახლში ამ სურათს, რაღაც საზარელი შესახედავი ვიყავი, შავფერი. ბავშვებს ეშინოდათ, დავწვით... როგორც გულქართლი ვარ, ისეთი ძმობა დავუდე. ისიც ჩემზედ იყო დაგულისგულებული. ჩემი ოჯახის კარი მისთვის ღია იყო. მაშინ კუჭის ავადმყოფობა სჭირდა – კატარი. ექვსი თვე კუჭი ვუზილე (საბრს ვახვევდი პურის გულში და ისე ვაყლაპებდი). მაგრამ დღეს შეიპეპლა. ისეც მოსწრაფებული იყო, გასაღები გამომართვა – აღარ მინდიხარო! დამითხოვა. მაგრამ უჩემობა მალე დაეტყო, თაგვებმა აიკლეს. ისევ მომძებნა. ისევ შევამხანაგდით, მალე ასი თუმანი ფული ბანკში შესანახვად შევიტანეთ. ნიკალა ისვვ ჰხატავდა, ისევ ბალახანში ნებივრობდა. მე კი ვვაჭრობდი. ვინ იცის, იქნებ ამასაც ტკბილად ეცხოვრა ამ ქვეყანაზედ, რომ ჩვენს შორის ხვანჯიანი ენა არ ჩარეულიყო? სოფლად ხმა გავარდნილიყო – ნიკალაი გამდიდრებულაო! დასაც გაეგო და ერთ დღეს ქმრიანად გვეწვია. ჩვენში ასე იციან, თუ კაცმა ცალი ფეხი სიღარიბიდან ამოათრია, დახმარების მაგივრად, მეორე ფეხსაც უკანვე ჩაადგმევინებენ. ნიკოსაც სუნი დაჰკრეს და მსუნაგებივით აეხვივნენ. დაიც და სიძეც დაუოროლდნენ, თურმე ღამეობით ჩურჩიდნენ. თურმე მრავალი უსამართლობა გააჩინეს ჩემზედ, ქარი ბორბალი ატეხეს, – შენი ქონების უფალი შენვე უნდა იყოო! უჩემოდ უფრო კარგად გაძარცვავდნენ. მოქსოვილი ენა დაატრიალეს. ქარიყლაპიამ ყველა დაიჯერა. სამივემ დაასკვნეს: დიმიტრია გავაგდოთო!.. დახლში მისი სიძე უნდა დამდგარიყო. ის კი იყო ნამდვილი დამაქცეველი. ეს არ აკმარეს. მაშინ ქიზიყში დიდი შიმშილობა იყო. ახლა ურჩიეს, ბანკიდან ფული გამოიტანეო, თეთრი ფქვილი ივაჭრე, ქიზიყში კარგ ფასად გავყიდითო. თან სოფელში გაიპატიჟეს დასაქორწინებლად. ნიკალა დაათათბირეს. ერთი ფურგუნი თეთრი ფქვილი ქიზიყს გაისტუმრა (ვინ იყიდდა თეთრ ფქვილს ქიზიყში?).

 

წავიდა ცოლის სათხოვრად და ბედის გასასინჯად. ო-ო-ო-ო! როგორ უქროდა მაშინ ნიკალას! დამ და სიძემ საწადელი აისრულეს. ფქვილი ჩალის ფასად გაუყიდეს, ფული მიისაკუთრეს და რაც საწყალს ჯიბის ფულად გადარჩა, ამით თავისი ძველი სახლი შეაკეთებინეს, თუნუქით გადაახურინეს. მერე ორთავემ გამოუცხადეს: შენ გიჟი ხარ. ან ცოლი რად გინდა, ან ფულიო? აიღეს და გამოაგდეს. როგორც ელდა, ერთ დღეს გამტვერიანებული და გახვითქებული ნიკალა კარზე მომადგა. ჭკვაზე უფრო შეფრქვეულიყო. ხელში ხანჯლის შვილი ეჭირა და სხაპასხუპით გაიძახოდა: - გამომაგდეს, გიჟი ხარო! თუ სადმე ჩემს სიძეს მოჰკრა თვალი, შემატყობინე, ამ ხანჯლით უნდა მოვკლაო! უცბად დაიჩოქებდა. ტიროდა, თან იატაკს ჰკოცნიდა. თვალები გადაუტრიალდებოდა და ხელებს მაღლა იშვერდა:

 

– მთავარანგელოზი მამევლინა!

– წმინდა გიორგი გამომეცხადა!

– ხელში მათრახი უჭირავსო!

 

– აგერ, აგერ, ვერა ხედავ, აქა დგასო? მე შევშინდი. არ ვიცოდი, რა მექნა. ტკბილი სიტყვებით ვესაყვარლე. დაწყნარდა. კოცნა დამიწყო. მერე სრულ გონებაზე მოვიდა. დონეზე დადგა.

 

ისევ მივეშველე. საქონელი დავაწყე და დუქანი ახლად გავმართე. არ გამოვიდა დიდი ხანი, ავაზაკი სიძე ჩამოვიდა. ნიკალა ხანჯლით გამოუდგა. მეც ბევრი ვუსაყვედურე: რათ აუშალეთ ბუდე ტყუილად! მაგრამ ვინ დამიფასა? ერთხელ, როცა სასყიდელზე ვიყავი წასული, ჩემი წილი ბარგი და საქონელი გამოეყარა და სხვისთვის მოებარებინა. თვითონ საქმე ვერ დაეწყო. ან რა საქმის დამწყობი იყო? გული საზანრებში და ამხანაგებში გაენიავებინა, მალე ოხრემოხეტე შეიქმნა. ამბავი მომიტანეს, გაჭირვებაშიაო! მეწყინა! ხუთი მანეთი ხარჯად გაუგზავნე. შემოდგომა დადგა. ხალხი აგარაკებიდან ჩამოიწმინდა. ნიკალასაც კოჯორში აღარ ედგომებოდა. ერთ დილას, ვხედავ. გაშიშვლებული ნიკალაი დამდგარა „მეხბორეების რიგის“ ბოლოში და შორიდან მეძახის: ნათლიმამ, მიმიღებ თუ არაო!

 

მე ახლოს მიველ, ალერსიანად ხელი მოვკიდე: – მოდი, ნიკალაი, მოდი, ნუ გრცხვენიან!

 

– მერიდება შენი, ბევრი ოინები მიყვეს. ახლა ყველამ დამტოვა. აკი ისევ შენ დამეხმარე. მადლობელი ვარ…

 

– ნურსად ნუ წახვალ, დადინჯდი. ჩემთან დადექი. დღეში მანეთს მოგცემ. დამიჯერა. თვე დარჩა. მაშინ იყო, რომ მხატვრობის ალი მოედო. ვინც არაყს დაალევინებდა, დაჰხატავდა. მაგრამ უფულობით კარგ საღებავს ვერა ხმარობდა. მე ჩემი პირობა გაუთავე. ყოველდღე მანეთი მქონდა მისთვის გადადებული. ის კი არაყში ხარჯავდა. შემდეგში ჩემგან ფულის აღებაც დაირცხვინა. ორჯერ, სამჯერ კიდევაც იტირა.

 

– რათა სტირი?

 

– შენ მირონი დამიფასე, მე კი – ვერა, ეს მატირებსო! დიდხანს ვერ იდგომილა ჩემთან. ეხათრებოდა. მერე ვაგზალს შეეჩვია. იქ ნაკლებ იცნობდნენ. ახატვინებდნენ და ასმევდნენ. ერთხელ საქმეზე ჩავიარე ვაგზალში. ქუჩაში დამხვვდა ჩამოხეული. შერცხვა და ტელეგრაფის ბოძს ამოეფარა. მივუახლოვდი. თავი დაღუნა და ამოიკვნესა.

 

– არ გენანებიო?

– რა გინდა, ნიკალაი, რა გიჭირს?

– არაყი!

– ერთი მანეთი მივეცი…

– უყურე, დამ რა მიყო? შენ ცოლ-შვილიანი, კიდევ მე – „ხმელა კაცს“ – მეხმარები. რათ მაძლევო?

მე უთხარი:

– გაძლევ მისთვის, რომ ჭკვის პატრონი არა ხარ. პურის ფულს რათ აქრობ არაყში?

– რა ვქნა, თუ არ დავლიე, ვერ დავხატავო!

 

საუბრის დასრულებისას დიმიტრას ცოლიც შემოვიდა. – რა მშვენიერი ვაჟკაცი იყო! ჯანიანი, ზღვის ლერწამივით მოსული. ქალი არ იქნებოდა ისეთი ლამაზი, როგორიც ახალგაზრდობაში მახსოვს... ეხ, საწყალი! თავი ტყუილად გაიფუჭა! ყოველთვის არეული მახსოვს, სუფრაზედ ათ წუთს ვერ გაჩერდებოდა. სულ უნდა ჩიტივით ეტრიალა და არაყი ესვა… საშინელი ეჭვიანი იყო, – განაგრძობს მანდილოსანი, – თუ სიტყვას კარგად არ აუხსნიდი, გაგიჟდებოდა. თუ პატივსა სცემდი და დაპატიჟებდი, გეტყოდა: ‘„რათა მპატიჟობ, თუ გულში ეშმაკობა არა გაქვსო?“ მუდამ ვერიდებოდით! გვეშინოდა. ერთ სიტყვას არავის დაუთმობდა. თან ადვილი დამჯერიც იყო, ბავშვივით.

 

მე, როგორც ნათლიდედას, პატივსა მცემდა.

 

– ნათლიდედ, მოდი, ჩემს ნახატებს უყურეო.

 

მიმიყვანდა. მაშინ სულ შიშველ ქალებს ჰხატავდა. მრცხვენოდა ხოლმე, თვალს ვერ ვუსწორებდი.

 

– უყურე, უყურე, რა ნახატებიაო. დახე, რა ვარო! სურათებს ხან ვის აჩუქებდა, ხან ვის, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა.

 

მე და ჩემი ქმარი ნიკოს დაცოლშვილებას ვფიქრობდით. ქალიც აჩენილი გვყავდა კარგი ოჯახიდან, მაგრამ ნიკომ ქვას შეუშვირა თავი. ერთხელ ყვირილით მომაძახა: თავი სადა მაქვს შვილის ჩხავილისა, ცოლის ლეჩაქისა და კაბისაო? მე ვიცი მარტო: დამისხი! დალიეო!

 

თვითონ ოჯახი არა ჰყვანდა, არც სხვისა მოსწონდა! — იძახის დიმიტრა, – ერთხელ შინ არ ვიყავი, ჩემი ცოლისთვის ეთქვა: „თავი გაანებე დიმიტრას, სხვასთან გღალატობსო!“

 

– არ ვიცი, ჩემმა ქმარმა გითხრათ თუ არა, ნიკო ჩემი პატარა ქალის მომნათლავი იყო და ჩემი დის მეჯვარეც. ხანი გამოვიდა, ჩემი დაი – ნინა – შვიდი თვის ჯვარდაწერილი, მოკვდა. ნიკალას ძალიან ეწყინა, ცუდი ხელი მქონიაო! გაგიჟება უნდა გენახათ, როცა მისი ნათლულიც, ჩემი სამი წლის მარუსა მოგვიკვდა. ორივე მე დავღუპეო! – ტიროდა. ჩვენზე მეტს ის გლოვობდა. წლის წირვაზე რომ გავედით სასაფლაოზე, ნიკალაც მოვიდა ყვავილებით, წამოუჩოქა საფლავს და მოუტირა. მღვდელი წესს ასრულებდა. ნიკალაის მღვდლები ეჯავრებოდა. აქაც ვერ მოითმინა. შემოსილ მოძღვარს ხელი გაჰკრა და გააგდო.

 

– ჩემი ნათლული მტრედია, ანგელოზია! ცაში წასულა! ამ ეშმაკს აქ რა უნდაო? – უნებურად ყველას გაგვეცინა. თვითონ კი ტიროდა. უცბად ისევ წამოხტა: განა მე კი არ მოვკვდები, რა მატირებსო. ბოლომდის ხომ ვერ ვიცოცხლებთო? ადექით ჩქარაო! – და ყველანი გამოგვრეკა სასაფლაოდან. იმ დღეებში ხან ტიროდა, ხან იცინოდა: ჩემი ტირილ-სიცილისა არ შეგეშინდეთო, უბედური ვარო!

 

ვიცოდით და გვეცოდებოდა. თითონაც გრძნობდა, შუბლზე ხელს მიიდებდა და იტყოდა: ქართველები კარგი ხალხი ვართ, მაგრამ აქ არ მიყრიაო!

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი