logo_geo
იარაღასხმული ქართული ელიტა - წითლად შეღებილი რუსთაველი - რა მოხდა 29 წლის წინ, 22 დეკემბერს
- +

22 დეკემბერი. 2020. 00:28

 

 

29 წლის წინ ამ დღეს თბილისის ომი დაიწყო.  დედაქალაქში სამოქალაქო დაპირისპირებამ 15 დღეს გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო.

 

ქვეყანაში ომის წინაპირობა 6 თვის განმავლობაში იქმნებოდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტმა ე.წ გეკაჩეპეს პუტჩის დროს გააუქმა ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა, ეროვნულ გვარდიას შინაგანი ჯარის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალოდ დაექვემდებარა. მაშინ სარდალი თენგიზ კიტოვანი იყო. ის არ დაემორჩილა გამსახურდიას. გვარდიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა.

 

მაშინ კიტოვანმა განაცხადა, რომ გამსახურდიამ გვარდია ერთი ხელის მოსმით დაშალა და იგი მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა.

 

„გადაეცით, რომ იარაღს არ დავყრი. მე მაგას დედას ვუტირებ იცოდეთ. ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ მე ცოცხალი ვარ და ერთი გვარდიელი მაინც იქნება, სისხლს ამოვუღებ“, - თქვა მაშინ კიტოვანმა.

 

თავის მხრივ, ოპონენტებს გამსახურდიაც უწოდებდა მოღალატეებს და რუსეთის აგენტებს.

 

„რაც არ უნდა დაირქვან მათ, გინდ დემოკრატიული ოპოზიცია, გინდ ანგელოზების ფრთებგამობმული ოპოზიცია, ყველამ იცის, რომ ისინი მკვლელები არიან, მოღალატეები და გამყიდველები...“ - ამბობდა გამსახურდია.

 

დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს.

 

22 დეკემბერს, დილის 8 საათზე რუსთაველის გამზირზე სროლის ხმა გაისმა. თენგიზ კიტოვანმა მაშინ რამდენიმე შენობა დაიკავა. ზვიად გამსახურდიამ ბუნკერს შეაფარა თავი.

 

ამავე პერიოდში კიტოვანმა კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი ციხიდან გამოუშვა, რომელმაც შეიარაღებული არაფორმალური ფორმირება მხედრიონი შექმნა და გამსახურდიას დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი დაჯგუფება მიზნად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების სეპარატისტებისგან დაცვას ასახელებდა. ის ციხეში 1991 წლის თებერვლიდან ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით იჯდა.

 

თავად გამსახურდია კი 1992 წლის 6 იანვარს ჯერ აზერბაიჯანში გაიქცა, სადაც მას თავშესაფარზე უარი მიიღო, შემდეგ კი სომხეთში წავიდა და იქ მცირე ხანი დაჰყო.

 

1993 წელს გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა, ზუგდიდში ჩავიდა და აჯანყება სცადა. მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

 

დასავლეთ საქართველოში მხედრიონი შევიდა და დარბევა და ძარცვა დაიწყო. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს გამსახურდია და მისი მხარდამჭერები იძულებულები გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 31 დეკემბერს ის ხობის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი