logo_geo
გოგი ქავთარაძე დარჩება, როგორც ლეგენდა, სახელად „ქორწილი“
- +

23 დეკემბერი. 2020. 01:16

 

 

 

დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოს სახალხო არტისტი, რეჟისორი გოგი ქავთარაძე მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

 

ყველასათვის საყვარელი მსახიობი, რამდენიმე დღის წინ, 80 წლის ასაკში, გულის დაავადებით გარდაიცვალა.

 

დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სპექტაკლებში განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში.

 

 

მისი დებიუტი კინოში შედგა 1964 წელს მოკლემეტრაჟიან ფილმში “ქორწილი”, პოპულარობა მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა “არ იდარდო“, “განგაში” “ჩარირამა“, „სათადარიგო ბორბალი“ და მრავალი სხვა.

 

იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.

 

 

და მაინც, გოგი ქავთარაძე დარჩება, როგორც ლეგენდა, სახელად „ქორწილი“.

 

სადიპლომო ფილმი „ქორწილი“ მიხეილ კობახიძემ 1964 წელს გადაიღო, რომელმაც ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი  ,პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, „საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი“).

 

“ქორწილის” იდეა სწორედ ამ ფილმის აკრძალვის შემდეგ გაჩნდა. სცენარი იქვე, კინოსტუდიაში დავწერე, ფურცლის ნაგლეჯზე; ანუ მე, მთავარი გმირივით, ვაწყობ გეგმებს, რაღაცაზე ვოცნებობ, რეალობა კი სულ სხვაა – მკაცრი. “ქორწილის” სცენარზე მუშაობისას მსურდა გადამეღო ფილმი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა, დიპლომს მომცემდნენ, მერე კი, რასაც მოვისურვებდი, გავაკეთებდი.

 

იმხანად, გოგი ქავთარაძეს სცენაზე რამდენიმე როლი ჰქონდა ნათამაშები, ქუჩაში შევამჩნიე, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ტიპი იყო, რასაც ვეძებდი… მსახიობის შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს ისეთ ფილმში, როგორიც არის “ქორწილი,” – იხსენებდა მიხეილ კობახიძე.

 

ფილმში მთავარ გმირს, მსახიობი ნანა ქავთარაძე ასრულებს, რომელიც კარდიოქირურგ ვლადიმერ ალექსი–მესხიშვილის მეუღლეა (მსოფლიოში აღიარებულ სცენოგრაფ გოგი ალექსი–მესხიშვილის ტყუპისცალი). ის ამჟამად, გერმანიაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

 

 

 

ფილმის „ქორწილის“ ჯილდოები – სატელევიზიო ფილმების პირველი საკავშირო ფესტივალის (კიევი, უკრაინა) პრიზი 1965.

 

ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – ფიპრესის პრიზი, ევანგელისტური საზოგადოების კინოცენტრის “ინტერფილმის” პრემია 1965.

 

ახალგაზრდული ფილმების მეექვსე საერთაშორისო შეხვედრის მთავარი პრიზი (კანი, საფრანგეთი) 1966. მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის პრემია (ბუენოს-აირესი, არგენტინა)სიუჟეტი:

 

ფილმის გმირს ავტობუსის მგზავრობისას გოგონა ჩაუვარდება გულში. მოგვიანებით მის გაცნობასაც ახერხებს და უკვე ქორწილზეც ოცნებობს, მაგრამ ოცნებები ყოველთვის არ ხდება.

 

სცენარის ავტორი: მიხეილ კობახიძე ოპერატორი: ნიკოლოზ სუხიშვილი მხატვარი: გივი გიგაური მუსიკალური გაფორმება: მიხეილ კობახიძე ხმა: თენგიზ ნანობაშვილი როლები: ნანა ქავთარაძე (გოგონა), გოგი (გიორგი) ქავთარაძე (ჭაბუკი), ეკატერინე ვერულაშვილი (დედა), ბაადურ წულაძე (მგზავრი).

 

 

 

შეგახსენებთ, რომ მსახიობი გოგი ქავთარაძე დაიბადა 1940 წლის 2 აპრილს თბილისში. 1967 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.

 

1958-1963წწ. იყო მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი; 1963-1969, 1972-1976წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972წწ. ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1974-1976წწ. თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი.

 

1976-1982წწ. ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1982-1992წწ. სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით;

 

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1999წწ. ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

 

2004-2008წწ. შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდან.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი