logo_geo
ოთარ ჭილაძემ „ლონდრე“ 26 წლის გივი ბერიკაშვილისთვის დაწერა
- +

31 დეკემბერი. 2020. 18:32

 

 

სიკვდილზე ლაპარაკი არ მიჭირს და ყველგან ვამბობ, რომ მისი არ მეშინია. ერთი რამის უფრო მეშინია-მეთქი, ამას რომ ვიტყვი, ყველა მაგას მეკითხება, ამისთანა რისი გეშინია, განა სიკვდილზე უარესი რამე არისო. ნამდვილად არის, იმდენი კარგი მსხაიობი წავიდა ამქვეყნიდან, იქ ერთი კარგი თეატრი ექნებათ გახსნილი, ნეტა, მიმიღებენ იმ თეატრში, უმუშევარი არ დავრჩე, ამის მეშინია-მეთქი“, – ყვებოდა ჩვეული იუმორით მსახიობი გივი ბერიკაშვილი.

 

კინოსა და თეატრის ვარსკვლავი იმქვეყნიურ „თეატრს“ 3 წლის წინ შეუერთდა, ამქვეყნად კი უამრავი საინტერესო სახე შექმნა, როცა ეკითხებოდნენ, მისი საეტაპო როლი რომელი იყო, დაუფიქრებლად პასუხობდა, რომ ლონდრე ფილმიდან „ლონდრე“, ამ როლის შესრულებისას ის 26 წლის იყო.

 

„ლონდრე“ კინოეკრანებზე 1966 წელს გამოვიდა, ის ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზე აგებული ფილმია, რომლის სცენარიც უკვე კლასიკოსთა თანავარსკვლავედში გადასულმა მწერალმა, ოთარ ჭილაძემ, შექმნა.

 

„ლონდრე“ გაბრიელის ნაცვლად

 

– ლონდრე ჩემთვის პირველი მთავარი როლი იყო, – იხსენებდა გივი ბერიკაშვილი, – ოთარ ჭილაძე ჩემი უბნელი გახლდათ და ვმეგობრობდით, თურმე, როცა თავისი სცენარი რეჟისორ თამაზ მელიავასთან მიიტანა, უთხრა, ეს გივისთვის დავწერე და ამ ფილმში გაბრიელის როლი მან უნდა შეასრულოსო.

 

მართლაც, დამიძახეს და გაბრეილის როლზე დამამტკიცეს, მთავარ როლზე მსხაიობი აყვანილი ჯერ არ ჰყავდათ, შემოქმედებით კოლექტივთან ერთად ლონდრეს მეც ვეძებდი, ვის არ გადავუღეთ სინჯი, მაგრამ შესაფერისი კანდიდატი ვერ მოვძებნეთ.

 

ახლა რომ ვუყურებ, ზოგიერთ ეპიზოდზე მეღიმება და ვფიქრობ, სხვანაირადაც შეიძლებოდა გადაღებულიყო, მაგრამ იმ დროს ასე იყო. „ლონდრეს“ ახლა რომ იღებდნენ, ეს სხვა ამბავი იქნებდა, მაგრამ მაშინ ეგეთი დრო იყო და მაგ დროზე მორგებული ფილმი გადაიღეს. ტიტლიკანა ლონდრეს როლმა უამრავი რამ მომცა, კინოში გზა გამიხსნა, რომ დამინახავდნენ, სახეზე ყველას ღიმილი ეფინებოდა და ამბოდნენ: „ვაა, ლონდრე!“

 

ტარტაროზი და ეშმაკის კერძი

 

– „ლონდრემ“ წარმატება, ბევრი სიხარული მომიტანა, ის სახელები, რომლებსაც ფილმში მეძახიან, დიდხანს შემრჩა: ტარტაროზი, უწმინდური, ეშმაკის კერძი... ერთი პერიოდი ქალაქში ასეთი ჭორები დაყარეს, ვინც ძველით ახალ წლამდე არ მოინათლება, მოკვდებაო. ეკლესიებთან უზარმაზარი რიგები იყო, ერთი ჩემი ახლობელი მოვიდა და მთხოვა, 16 წლის ბიჭი უნდა მომინათლოო. დიდუბის პანთეონში წავედით, სადაც ჩემი ნაცნობი მოძღვარი მსახურობდა, იქაც დიდი რიგი დაგვხვდა და მოძღვრამდე როგორღაც მივაღწიე, თავის ოთახში იჯდა და ფულს ითვლიდა. რომ დამინახა მითხრა: შე უწმინდურო, მოხვედი? და თან გაიღიმა, მეც ხუმრობითვე ვუპასუხე, მე ვარ უწმინდური თუ შენ-მეთქი?

 

სხვათა შორის „ლონდრე“ სამღვდელოებამ რომ ნახა, ძალიან გაბრაზდნენ, კიდევ ბევრი სცენა იყო მღვდელზე, რომლებიც შემდეგ ამოვჭერით, მაშინ ისეთი დრო იყო, სამღვდელოებაში ასეთი რაღაცები მართლაც ხდებოდა და ფილმშიც ავსახეთ.

 

გაკვირვებული კასპელები

 

– ფილმზე ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდით, გადაღებები წითელწყაროში, კასპში, ახალქალაქსა და თბილისში მიმდინარეობდა. ადრე ხომ რუსული ტერმინოლოგიით ვსაუბრობდით, ჰოდა, გადაღებებზე როცა მთავარ გმირს ეძახდნენ, ასე იცოდნენ თქმა: „გდე გეროი კარტინკი?“ მოკლედ, სულ „გეროი, გეროის“ გაიძახდნენ.

 

ერთხელ კასპში გვქონდა გადაღებები, თურმე ადგილობრივებს რომ ეს ფრაზა ესმოდათ, უკვირდათ, მხედავდნენ, რომ პატარა ტანის, ჩვეულებრივი კაცი ვიყავი და ფიქრობდნენ, გმირობა რაში მიიღოო. ერთ საღამოს იქაურმა კაცმა სახლში დამპატიჟა, ღვინო დავლიეთ, შუა ქეიფის დროს მკითხა:

 

– ერთი ის მითხარი, ამ პატარა კაცმა ეს გმირობა რაში მიიღე?

– რა გმირობა, ბატონო?

– აი, სულ „გეროი, გეროი“–ს რომ გეძახიან, ესე იგი გმირი ხარ!

– „გეროის“ იმიტომ მეძახიან, ბატონო, რომ ფილმის მთავარი გმირი ვარ, – ავუხსენი იმ კაცს და ორივეს გულიანად გაგვეცინა.

 

გაბუტული ეროსი

 

ოთახში ეროსი მანჯგალაძესთან ერთად ვცხოვრობდი, ერთ დილასაც გადაღებაზე დამიძახეს, ეროსის კი უთხრეს, თქვენ შუადღეს მოდითო, იმ სცენას იღებდნენ, როდესაც ლონდრე კუბოში იძინებს. ამის შემდეგ ვიღაცამ ეროსის ამბავი მიუტანა, გადაღებაზე ბევრი ვიცინეთ, გივი კუბოში იწვაო. თურმე გადაირია, ერთი ასეთი უცნაური თვისება ჰქონდა – მიცვალებული რომელ ოთახშიც იყო, იქ არაფრით შედიოდა. რაც უნდა ახლობელი გარდაცვლილიყო, მიცვალებულთან ახლოს არ მიდიოდა. ჰოდა, ეროსის რომ გაიგო კუბოში ვიწექი, ჩემ გვერდით რაღა გააჩერებდა, ოთახში რომ შევედი, განრისხებული დამხვდა.

 

– აქ აღარ შემოხვიდე! – მითხრა მკაცრად.

– რატომ?

– შენ კუბოში იწექი და მაგის მერე ამ ოთახში ვეღარ იცხოვრებ.

– კარგი, ბატონო, წავალ მაშინ სხვა ოთახში.

– მოიცა! მე წავალ სხვაგან! – ლოგინი აივანზე გაიტანა და იქ დაძინებას აპირებდა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და შემოვირიგე.

 

მოპარული ქათმები და გადახდილი ვალი

 

კასპში სოფელ მეტეხში გადაღებების დროს ქათმებს ვიპარავდით, ჩვენი პავილიონის კარს გავაღებდით და ქათმებიც შემობრძანდებოდნენ ხოლმე, რამდენიმე რომ მოგროვდებოდა, კარს მივხურავდით და ვიჭერდით, ნოდარ ფირანიშვილი მოხარშავდა ან შეწვავდა და კარგადაც შევექცეოდით.

 

– ერთხელ ეროსიმ იკითხა, ამ ქათმებს რომ ყიდულობთ, ფულს მეც რატომ არ მადებინებთო. ვუთხარი, რომ სხვის ქათმებს ვკლავდით, ეროსიმ მკაცრი სახე მიიღო და მითხრა, ჩემთან წამოდიო.

 

– ქალბატონო სუსანა, ჯამაგირამდე ასი მანეთი მასესხეთ, – უთხრა ფილმის დირექტორ სუსანა კვარაცხელიას, ფული გამოართვა და თან წამიყვანა.

 

ჩვენი პავილიონის გარშემო რაც კი სახლები იყო, ყველგან მივედით. ყველას ეკითხებოდა, ამ დღეებში ქათამი ხომ არ დაგიკარგავთო, ვინც ეტყოდა, დავკარგეო, ხუთ მანეთს აძლევდა, რომ ქათამი ეყიდა. თუ რომელიმე იტყოდა, ორი დავკარგეო, მაშინ თუმანს უხდიდა, აი, ასეთი საოცარი კაცი იყო ეროსი მანჯგალაძე!

 

„პატრონი არ გყავს?!“

 

ის ეპიზოდი, როცა ლონდ რე აბანოში შერბის და ქალები ქოშებს ესვრიან, დამატებით გადავიღეთ. 26 დეკემბერი იყო და გადაღება ჭრელ აბანოსთან მიმდინარეობდა, მე ტიტველი ვიდექი და ვიყინებოდი, დაძახებას ველოდებოდი, რომ აბანოში შევვარდნილიყავი და დუბლი გადაეღოთ. ერთი გამვლელი ქალი გაჩერდა და გაკვირვებით შემათვალიერა, მივხვდი, რაში იყო საქმე და სანამ რამეს მეტყოდა, მე დავასწარი:

 

– დეიდა, გიჟი არ გეგონო, კინოს ვიღებთ და კადრში არ გამოხვიდე.

– არა, შვილო, გიჟი არა მგონიხარ, მაგრამ პატრონი არ გყავს?! – მითხრა ქალმა.

აღარაფერი ვუპასუხე, ან რა უნდა მეთქვა?! 25 დეკემბერს შუა ქუჩაში ტიტველი, ფეხშიშველი ვიდექი და ამის მერე იმ ქალისთვის როგორ უნდა დამემტკიცებინა, რომ გიჟი არ ვიყავი და პატრონიც მყავდა?!

 

ფარაჯანოვის რჩეული

 

მეტეხში გვქონდა გადაღება, ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი დაახლოებით 40 ბიჭი მწკრივში ვიდექით, პირველ ეპიზოდს ვიღებდით, ჯერ ლონდრე არაა გაშიშვლებული, ერთი დუბლი გადავიღეთ, მეორე, მესამე... ცოტა დავიღალეთ, ჰოდა, დასასვენებლად იქვე, ფერდობზე მდგარ დიდ კაკლის ხეს შევაფარეთ თავი.

 

უცებ მანქანა რეჟისორის შორიახლოს გაჩერდა და იქიდან სერგო ფარაჯანოვი გადმოვიდა, იკითხა, ლონდრე რომელიაო, თამაზ მელიავამ უთხრა, ამ ჯარისკაცებიდან ერთ-ერთია და გამოიცანიო. ფარაჯანოვმა ყველა აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა და რეჟისორს უთხრა, შენი არ ვიცი და ამას გადავიღებდიო და მე არ დამადო ხელი?! ბევრმა ისიც თქვა, ჩაწყობილი იყოო, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა.

 

ქალების აბანოში

 

მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე „ლონდრეში“ ეპიზოდურ როლს თამაშობდა, ის იუმორით ყვებოდა ერთ ამბავს, რომელიც მის მეგობარს, გივი ბერიკაშვილს უკავშირდებოდა:

 

– ფილმში ერთი სცენაა, რომელიც სულ რამდენიმე წამი გრძელდება, გივი შედის ქალების აბანოში და მას აწივლებული, შიშველი ქალები სხვადასხვა ნივთს ესვრიან.

 

ამ სცენის გადასაღებად რეჟისორმა სამხატვრო აკადემიის ნატურისტი ქალები მიიწვია, რომლებიც დედიშობილა ბანაობდნენ, წესით, ეს სცენა მაქსიმუმი, ორ დუბლში უნდა ჩატეულიყო, სინმდვილეში კი მის გადაღებას ოცი დუბლი და რამდენიმე კილომეტრი ფირი დასჭირდა.

 

დუბლს ის აფუჭებდა, რომ როგორც კი გივი აბანომდე მიაღწევდა, წაიქცეოდა ხოლმე და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მეოცე დუბლის წინ თამაზ მელიავა დაემუქრა, თუ კიდევ წაიქცევი, როლიდან მოგხსნი და სხვას ავიყვანო. მეორე დუბლი გივი მშვიდობიანად ჩაათავა და მხოლოდ ფილმის დასრულების მერე გამომიტყდა, ბიჭო, განა მართლა ფეხი მიცურდებოდა და ვვარდებოდი, განგებ ვაკეთებდი, ისეთი ტანწერწეტა „ნატურშიცები“ იყვნენ, რომ თვალს ვერ ვწყვეტდიო.

 

– ფილმის გამოსვლის შემდეგ პასუხისმგებლობა მომემატა. ქუჩაში რომ გამოვდიოდი, ხალხი მცნობდა, ყველა ჩემკენ იშვერდა თითს, ახალგაზრდა კაცი ვიყავი, ისეთი ასაკი მქონდა, თავში რომ რაღაც უქრით ხოლმე, მაინც ვცდილობდი, თავდაჭერილად მოვქცეულიყავი, რადგან ხალხი მაკვირდებოდა, – ჰყვებოდა „სარკესთან“ გივი ბერიკაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი