logo_geo
რა აკავშირებდა თენგიზ არჩვაძეს ილიას მკვლელთან და როგორ დამეგობრდა შონ კონერთან
- +

20 იანვარი. 2021. 22:37

თენგიზ არჩვაძე — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, 2017 წელს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. არის რუსთავის საპატიო მოქალაქე - ასეთია ლეგენდარული მსახიობის მოკლე ბიოგრაფია, რომლის მიღმაც საინტერესო ცხოვრება და კარიერა იმალება.

ბავშვობა

„იყო ომი და საშინელება. შავი პური და ჩაი უშაქროდ. და მაინც, ბედნიერი წლები ბავშვობის… „შავი პური კი არა, მახსოვს, ბავშვობაში „რაშკებსა“ ვჭამდით. „რაშკა“ დიდი, ხის, კიტრივით მოგრძო, მაგრამ თხელი, ყავისფერი ნაყოფია, იმას ვღეჭავდით, ტკბილი წვენი ჰქონდა. ბავშვები ვიყავით, ტკბილი გვინდოდა, მაგრამ სად იყო. სამაგიეროდ იყო ერთმანეთის გატანა, სიყვარული…“ - ასე იხსენებს ლეგენდარული მსახიობი ბავშობის წლებს.

ისე ჩანს, თითქოს მასთან წარმატება თავისით მოვიდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რამდენს მუშაობდა მსახიობი საკუთარ თავზე:

„ნერვიული ვიყავი და ხმა მეხშობოდა – ჯერ ამის შეკავება არ გინდა? ეს რომ არ გამოჩნდეს? ეს უნდა ჩაკლა, გაანეიტრალო, მართლაც დიდი შრომა და ოფლისღვრა დამჭირდა…“ - ამბობდა არჩვაძე.

როლები არც კინოში აკლდა და არც თეატრში. ის უყვარდათ, როგორც მსახიობი, როგორც პიროვნება და როგორც კაცი – ბევრ მსახიობ მამაკაცს არ ჰყოლია თაყვანისმცემელ მანდილოსანთა იმხელა ლაშქარი, რაც მას. თუმცა, თვითკმაყოფილებას არასდროს მისცემია.

აღიზიანებს ფრაზა - „ქართულმა კინომ არ გამოიყენა“. „გამოსაყენებელი, რა, ცხვირსახოცები ვიყავით თუ სკამები? უბრალოდ, ჩვენ შეგვეძლო, ბევრი გვემუშავა და სიკეთე მოგვეტანა. არ მოგვცეს საშუალება. მერე ეს ყველაფერი დაიშალა და მოგვისროლეს ყველა…“

მანამდე კი, მან მართლაც ბევრი მოასწრო – სცენაზეც და კინოშიც.

მხოლოდ კინოში 50-ზე მეტი როლი აქვს განსახიერებული. ამბობს, რომ თითოეულ მათგანში თავის სათქმელს, თავისი სულის ნაწილს დებდა.

„როგორ გგონიათ, ზარანდიაში ჩემი არ დევს? ბევრი დევს ძალიან… მეუბნებიან ხოლმე, შენ რა საერთო გაქვს, როგორც პიროვნებას, ზარანდიასთანო. ადამიანი რთულია ძალიან, ჩვენ რომ არ ვიცით, იმდენი რამე გვაქვს საერთო. ბევრ რამეში დამიჭერია თავი, მაგრამ არ ვიტყვი, ბევრი რამე არსებობს, რასაც უახლოეს მეგობარსაც, ხანდახან საკუთარ თავსაც, ვერ გაუმხელ. გახსნა და ყველაფრის ამოლაგება ძალიან ძნელია. მერე ცუდ მდგომარეობაში მაყენებს ხოლმე შინაგანად. არის შრეები, რომელსაც მხოლოდ უნდა ელოლიავო და ხელი არ უნდა ახლო“, - ამბობდა არჩვაძე.

შონ კონერი და თენგიზ არჩვაძე

„ხუთი წელი მოსკოვში ვიყავი. ბევრი ფილმი მაქვს „მოსფილმში“ გადაღებული. გამოცდილება მომცა, ცოტა მოვშორდი აქაურობას, რაღაცაზე გაჯავრებული ვიყავი. უცხოეთში არავინ გვიშვებდა. უიღბლო ვიყავი, ამ მხრივ,. რატომ? – არ ვიცი, ალბათ, იმიტომ რომ, უპარტიო გახლდით. მერე კალატოზიშვილმა „წითელ კარავზე” დამიძახა. იქ გავიცანი პიტერ ფინჩი, შონ კონერი. შონ კონერს „ჯეიმს ბონდის“ რამდენიმე სერია უკვე ნათამაშები ჰქონდა. კალატოზოვმა მოახერხა მისი ჩამოყვანა, სხვას არ მისცემდნენ ამის ნებას. კალატოზოვი დიდი ავტორიტეტი იყო. შონ კონერთან საერთო სცენებიც მქონდა. გადაღებისას დავძმაკაცდით. მერე ჩვენი სცენები მონტაჟმა შეიწირა, ალბათ, განგებ გააკეთეს… ერთხელ შონ კონერმა მითხრა, შოტლანდიელი ვარ და იქ მითხრეს, საბჭოთა კავშირში არის ერთი ქვეყანა, საქართველო, რომელიც ჩვენი ბუნებისააო. მე მთის მოყვარული კაცი ვარ, მინდა, როგორმე მოვახერხო და ჩამოვიდე თქვენთან, მეგზურობას ხომ გამიწევო, – კი-მეთქი, უარს როგორ ვეტყოდი. ამის გამო მთელი ორი კვირა „კაგებეში” მარბენინეს, რა უფლებით ეპატიჟებოდი შონ კონერს საქართველოში, მოსკოვიდან გასვლის უფლება არ აქვსო. არ ვიცოდი-მეთქი, ვამტკიცებდი, მაგრამ ორი კვირა მაინც მაწვალეს, მატარეს, მერე თვითონ კონერმა თქვა, აღარ მივდივარო...“

როგორ იხსენებდა თენგიზ არჩვაძე ილია ჭავჭავაძის მკვლელს

„ილია რომ მოკლეს, ძველი სტილით 30 აგვისტოს, მას მერე 15 სექტემბერს – ბაბუა ემსხვერპლა მკვლელებს. იმიტომ რომ საიმათო საქმეს არ აკეთებდა. მაგრამ კონკრეტულად, რა მოხდა, არ ვიცი... მერე მკვლელები ვითომ დაიჭირეს, მაგრამ რა... ასე ვითომ ილიას მკვლელებიც დაიჭირეს... სხვათა შორის, ბერბიჭაშვილი ვორონცოვზე ჩვენი მეზობელი იყო, კანფეტებს მაჭმევდა ხოლმე... მაღალი კისერი ჰქონდა, ჭროღა თვალები, პატარა თავი, ფართო ბეჭები, გრძელი კიდურები... გამოკვეთილად განსხვავებული გარეგნობისა იყო“, - იხსენებდა არჩვაძე ერტ-ერტ ინტერვიუში.

თენგიზ არჩვაძის თბილისი

„მახსენდება ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობდი: შიო დედაბრიშვილი ნიკოლაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. იქვე იდგა გივი თოხაძის სახლი, მეზობლად - გიზო სიხარულიძისა. მე, გივი და გიზო ერთად ვიყავით პიონერთა სასახლეში. შიო დედაბრიშვილი (არქეოლოგი, შიო არაგვისპირელის შვილიშვილი) სულ ნასვამი დადიოდა, სიგარეტს ეწეოდა, ფული კი არასდროს ჰქონდა. ყოველ საღამოს ვხვდებოდით რუსთაველზე და დილის 6 საათამდე დავდიოდით, ვლაპარაკობდით პოეზიაზე. გალაკტიონი გადაღმა იდგა - ოპერასთან. ჩვენ იქით არ გადავდიოდით... თუ სპექტაკლზე მივდიოდით, პირდაპირ ოპერასთან გადავჭრიდით ქუჩას... ვერის დაღმართი... ელბაქიძის ქუჩა... იქ რეზი თარხან-მოურავი ცხოვრობდა, პეროვსკაიაზე - ავთო ვარაზი. სამაიას ბაღთან ექვთიმე თაყაიშვილი და შალვა ნუცუბიძე სეირნობდნენ ხოლმე. ექვთიმეს ფეხი აწუხებდა, ამიტომ ერთი ფეხსაცმლის ქუსლი საგანგებოდ ჰქონდა ამაღლებული. შორიდანვე ვცნობდი... ფეხს ავითრევდი, რომ იქნებ, ყური მომეკრა, რაზე საუბრობდნენ... ორივემ იცოდა კომუნისტური მათრახის ძალა, ხმადაბლა საუბრობდნენ... ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტიდან რომ გამოასვენეს, ორმოცი კაციც არ იყო... შორიდან მივყვებოდი, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა. მე მოსკოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი - ჩვენ გვერდით ცხოვრობდნენ ძმები კაკაბაძეები - დავითი და მისი ძმა. დავითი დიდი პიროვნება და მხატვარი იყო. როცა საბჭოთა იდეოლოგიამ შეავიწროვა და თავისი ჭკუით ხატვას ჩამოაშორა, ჯერ ფრანგულს, მერე კი ფიზიკასაც ასწავლიდა სკოლაში. საოცარი ადამიანები იყვნენ“.

 

რატომ ჩამოსვა „კაგებემ“ რეზო ლაღიძე და თენგიზ არჩვაძე პარიზის რეისიდან

თენგიზ არჩვაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:

„გაგანია კომუნიზმის დროს მე და რეზო ლაღიძეს გვითხრეს: პარიზში მიემგზავრებით ფესტივალზე, პრიზები და ჯილდოები უნდა ჩამოიტანოთო. მოკლედ, „კაგებეში“ ვართ, თან ერთი ჩვენი მეგობარი გვახლავს. ვიღაც პოლკოვნიკი ანკეტებს ავსებს. ჩანდა, საკმაოდ უვიცი და უზრდელი იყო, ისე დაიწყო გამოკითხვა, სკამიც არ შემოგვთავაზა.. რეზოს ჯერ სახელი ჰკითხა, შემდგომ გვარი და ბოლოს პროფესია. ჩვენმა მეგობარმა ვერ მოითმინა და უთხრა:

– კომპოზიტორია. ნუთუ „თბილისო“ მაინც არ მოგისმენიაო...

პოლკოვნიკმა ყური არ ათხოვა და უკვე ჩემზე გადმოვიდა. ანკეტები რომ შეგვივსეს, მერე სამედიცინო შემოწმება ჩაგვიტარეს, ბოლოს 200-200 დოლარი მოგვცეს და თვითმფრინავში ჩაგვსვეს. აფრენამდე წუთებია დარჩენილი. ტრაპი ლაინერს მოაცილეს და ძრავები გუგუნებს. მე და რეზო კი უკმაყოფილოები ვართ, რომ სულ რაღაც 200-200 დოლარი გვაქვს და იმედს გამოვთქვამთ, რომ პარიზში ჩვენი თანამემამულეები (ემიგრანტები) მოვლენ და გვიპატრონებენ. ამ საუბრის გაბმა იყო და ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს კვლავ მოადგეს ტრაპი. მე და რეზო ჩამოგვსვეს და ის 200-200 დოლარიც ჩამოგვართვეს.

აშკარა იყო, რომ არაკეთილსაიმედოებად ჩაგვთვალეს, მაგრამ „ჟუკებით“ გვისმენდნენ თუ ვინმემ ჩაგვიშვა, დღემდე არ ვიცი...“ - იხსენებდა თენგიზ არჩვაძე.

 

https://digest.pia.ge/ka/news/tabloidi/ra-akavshirebda-tengiz-archvadzes-ilias-mkvleltan-da-rogor-damegobrda-shon-konertan

 

 

right_banner big_banner
არქივი