logo_geo
„უთხარით ყველას, მშვიდობით არისო“ – ლეგენდარული მსახიობი „მონანიებიდან“
- +

31 იანვარი. 2021. 23:43

 

 

ავთანდილ მახარაძემ ქართულ კინოში ბევრი საინტერესო და სახასიათო როლი შექმნა, თუმცა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება „მონანიებიდან“ მიიპყრო და დღემდე ყველას სწორედ ვარლამ არავიძის პერსონაჟით ახსოვს. ჩვენი საუბარიც ამ როლის გახსენებით დაიწყო, საუბრის ბოლოს კი მითხრა : „უთხარით ყველას, მშვიდობით არის და კარგად გრძნობს თავს-თქო… ვისაც კი ვახსოვარ, ყველას დიდი მოკითხვა ჩემგან, ძალიან დიდი სიყვარულით…. . “

 

არ უყვარს ინტერვიუები და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობა. ჩემი თვითმიზანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა არასდროს ყოფილაო – ამბობს. ამიტომაც არ ჩანს არსად. ვერც ინტერვიუებს ნახავთ მასთან, ვერც ტელეგადაცემებში მოკრავთ თვალს. მე ალბათ ის გამონაკლისი ვარ, რომელსაც ძალიან გაუმართლა.

 

ავთანდილ მახარაძე: „ეს ყველაფერი ასე დაიწყო: მოვიდა თენგიზი (რეჟისორი თენგიზ აბულაძე – ავტ.), მე სახლში არ ვიყავი, დატოვა სცენარი და თქვა, აბელს მიაქციოს ყურადღებაო. არტისტს რომ სცენარს დაუტოვებენ, რას იზამს? იმ როლს წაიკითხავს ყურადღებით, რომელსაც სთავაზობენ. მართლაც, დავუკვირდი და გენიალური როლია აბელი, მაგრამ ვარლამზე გავგიჟდი. შევხვდი რეჟისორს, მადლობა გადავუხადე და ვეუბნები: ძალიან კარგი როლია აბელი, მაგრამ ვარლამი უფრო მომეწონა და იქნებ ერთი სინჯი ვარლამისაც გადავიღო-მეთქი. კარგი, მოვიფიქრებო, მითხრა. ორი კვირის შემდეგ მეუბნება: არც სინჯი გვინდა, არც ფოტო, ორივე როლს შენ ითამაშებო. ორივე როლზე არც კი მიოცნებია, მე ვთქვი, აბელს ვარლამი მირჩევნია-მეთქი. ამიტომ ვუთხარი, ორი როლი როგორ მანდე?“

 

. . .

 

„სხვადასხვანაირი რეჟისორი არსებობს, ისევე, როგორც არტისტი. შეიძლება რეჟისორი შენთვის მუშაობდეს, ცდილობდეს, შეგასწავლოს პროფესია, გაგხადოს პროფესიონალი, აქ უამრავი ნიუანსია, მაგრამ თენგიზი სხვა ტიპის რეჟისორი იყო. თუ რამე ცოდნა, პროფესიონალიმზი მქონდა დაგროვილი, ყველაფერს ერთად მოუყარა თავი და გადმომანთხევინა. მას ჰქონდა უნარი, დიდი ამოცანა დაესახა თავისთვისაც და სხვისთვისაც“.

. . .

 

„ვარლამის ეპიზოდი ძალიან მომწონს ინტელიგეციასთან შეხვედრა – იქ იმდენი ნიუანსია, ერთ სცენაში იმდენი გადასვლაა. აბელთან კი აღსარება მიყვარს. ეს სცენა მილიონნაირად შეეძლო გადაეღო, მაგრამ მან აპარატი არ მომაშორა, სხვა კადრით არ შეუშალა ხელი. ვარლამის შეშლილობის ეპიზოდებზე ბევრს ვფიქრობდი და მომწონდა. თუნდაც იმიტომ, რომ ვარლამი დაბერდა და უკვე სხვა რამ ხდებოდა მის სულში. რაღაც განსხვავებული მინდოდა, გამეკეთებინა. მართლაც, ერთი სცენა მოვიფიქრე და ვაპირებდი, მარტო მეჩვენებინა თენგიზისთვის. ერთხელაც, დასვენების დღე გვქონდა და ბულვარზე ვსეირნობდით. მაშინ ჩამოვუგდე სიტყვა ამაზე და ვაჩვენე, იქნებ ასე გაიაროს-მეთქი. მიყურა, მიყურა და მითხრა, ობიექტზე წავიდეთ, იქ ვნახოთო. წავედით, უფრო თამამად ჩავატარე ეს სცენა და მაშინვე იყვირა, კამერა მოიტანეთ და გადავიღოთო. ესეც არის იმის დასტური, რომ თენგიზი ნებისმიერ შეთავაზებას ყურადღებით უსმენდა. თუ დარწმუნდებოდა, რომ საინტერესო იყო, უყოყმანოდ იღებდა“.

 

. . .

 

„ნიჭიერ ადამიანებს ყველა აფასებს. უბრალოდ, ჩვენს საქმეში, ჩვენს ქვეყანაში ნიჭიერი ადამიანი ვერ ავლენს თავის შესაძლებლობებს, ეს სხვა რამ არის. ელემენტარულად პროფესიონალიზმი მოისპო, ჩემი აზრით, პროფესიონალიზმი აღარ არის და სასაცილოა ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ჩემს პროფესიაზე ვლაპარაკობ მხოლოდ და მხოლოდ. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ამას თუ ადამიანი საფუძვლიანად შეეხე, გაცამტვერდება ძალიან ბევრი რამ, რასაც დღეს საქმის გაკეთებად მიიჩნევენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნიჭიერი ადამიანები არ არსებობენ, ჩვენზე უფრო ნიჭიერებიც არიან და მოვლენ კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლა მოისპო, საერთოდ, და ეს არის ძალიან ცუდი. არ იწერება კარგი სცენარები, არ კეთდება მსახიობებისთვის კარგი ფილმები, არ კეთდება როლები… სამწუხაროდ, კარგა ხანს გაგრძელდა ეს პერიოდი. ალბათ, კიდევ გაგრძელდება რაღაც გარკვეული დრო. ხელოვნება ნაკლებად არის, სხვა რამეზე უფრო არიან გადასულნი ადამიანები… ეს ასე ხდება…“

 

 

ავტორი: დეა თავბერიძე

„პრაიმტაიმის“ არქივიდან

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი