logo_geo
როგორ სთხოვდნენ ქართველებს დროშაზე დაფურთხებას რუსი ოკუპანტები – რატომ არის სამართლიანი სტრასბურგის ვერდიქტი
- +

2 თებერვალი. 2021. 00:44

 

„..შეგვაგროვეს ეს ხალხი და წაგვიყვანეს ცხინვალში, სადაც უკვე ვერ გაარჩევდი, ვინ ვინ იყო. ოსი არაფორმალები, რუსი სამხედროები – ყველა შეიარაღებულები იყვნენ. სადაც მიგვიყვანეს, იქ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი იჯდა. დააფინეს ძირს საქართველოს დროშა და გვითხრეს, ახლა ამ დროშას ფეხით გადაუარეთ და დააფურთხეთო. ეს არავინ გააკეთა. სწორედ მაშინ დაგვიწყეს ცემა. სასტიკად მცემეს, თავი და ცხვირი გამიტეხეს….ისევ მოიტანეს დროშა, დააფინეს და მითხრეს, ამაზე მოშარდეო – არ ვიზამ-მეთქი. გონების დაკარგვამდე მცემეს. აზრზე რომ მოვედი, ოთახში ვეგდე…დედა უყურებდა და ამასაც განვიცდიდი. თავიდან ტიროდა, მერე თითქოს მიეჩვია და მარტო თვალებით მელაპარაკებოდა”, –  ასე აღწერს ჟურნალ „გზის“-თვის მიცემულ ინტერვიუში აჩაბეთელი დავით ძაძამია 2008 წლის 10 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, რომელიც მან და მისმა დედამ ტყვეობაში, ცხინვალში გაატარეს. ძაძამია ერთ-ერთია იმ ქართველთაგან, რომლებიც ევროპული სასამართლოს წინაშე მოწმეების სახით წარდგნენ. მათ 17 მოსამართლეს რუსი და ოსი ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულ იმ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ  უამბეს, რომელიც თავად გადაიტანეს. ამავე ინტერვიუში ძაძამია ამბობს, რომ მოუთმენლად ელოდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და, მისი აზრით, დამდგარმა შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ, იურისტების დახმარებით, მას სტრასბურგში ინდივიდური სარჩელიც აქვს შეტანილი და მის დაკმაყოფილებაშიც დარწმუნებულია.

 

 

 

როგორც ვიცით, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ  ვერდიქტი საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“ 2021 წლის 21 იანვარს გამოიტანა. ოფიციალური თბილისი იმის აღიარებას  ითხოვდა სარჩელში, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. სტრასბურგის მოსამართლეებმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სარჩელის 6 პუნქტი დააკმაყოფილეს და  უპრეცედენტო ვერდიქტი გამოიტანეს. ამ სარჩელის დაკმაყოფილება იმიტომაც არის მნიშვნელოვანი და ისტორიული, რომ ევროპულმა სასამართლომ აღიარა – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. ფაქტია, რომ ეს დოკუმენტი ჩვენს სახელმწიფოს დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად ძალიან დაეხმარება.

 

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები, რაც ომის დროს დაირღვა, ამ დრომდე არ აღდგენილა. ამიტომაც, რამდენიც  უნდა იმეორონ რუსეთის ხელისუფლების წევრებმა, კრემლის რუპორებმა,  რუსულმა მედიამ, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაშია, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ისინი ტყუიან. ეს ფაქტი დავით ძაძამიამ თუ რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფმა არაერთმა ქართველმა საკუთარ თავზე გამოსცადა. ეს სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის უფროსმა სერჟანტმა, გიორგი ანწუხელიძემ. მისი სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო სტრასბურგში ქართული მხარის მიერ წარდგენილ სარჩელში. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგში გაგზავნილია ინდივიდური სარჩელი გმირი ანწუხელიძის მცირეწლოვანი შვილების სახელითაც და ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც ეს სარჩელიც დაკმაყოფილდება.  ალბათ, კვლავაც ვიხილავთ რუსული პროპაგანდის მიერ შეთხზულ სათაურებს იმის შესახებ, რომ კრემლი არაფერ შუაშია, რომ საქართველო დამარცხდა, მაგრამ მთელმა მსოფლიომ უკვე გაიგო – ფეიკ-ნიუსების შეთხზვა  კრემლის საყვარელი საქმიანობა და პროფესიაა.

 

 

 

და ამ სიცრუის თუ დეზინფორმაციის მორიგი ტალღების მიუხედავად, აუცილებლად აღდგება სამართლიანობა იმ დედისთვისაც, რომელიც შვილის ცემას უყურებდა, იმ კაცისთვისაც, რომელმაც ქართულ დროშას ფეხი არ დააბიჯა და იმ ბავშვებისთვისაც, რომლის მამაც ამავე მიზეზით სასტიკად მოკლეს; აღდგება  ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც საკუთარი  სახლები წაართვეს, დაუწვეს; მათთვის, ვინც საკუთარი მიწიდან განდევნეს და მათთვისაც, ვისაც დღემდე ქართველობის გამო ყოველდღიურად ავიწროებენ.

 

იოსებ დარახველიძე

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი