logo_geo
„23 წლის შვილი მომიკლა, იარაღი ესროლა“ - ხევსური პოეტი ტარიელ ხარხელაური დიდი ტრაგედიით
- +

3 თებერვალი. 2021. 19:35

 

 

ალბათ, ყველამ იცით თეონა ქუმსიაშვილის სიმღერის - „შენ, ჩემო დიდო ტკივილო“ ეს ლექსი ტარიელ ხარხელაურს ეკუთვნის. მას შვილი ჰყავს გარდაცვლილი.

 

ტარიელ ხარხელაურს იდეოლოგიური წნეხი არ უშლიდა ხელს შეექმნა ღირებული ნაწარმოებები, თუმცა ხევსური პოეტის უკან დიდი ტრაგედია იმალება. მისი შვილი – ბექა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

 

პოეტმა მამამ შვილი საკუთარ ლექსებში არაერთხელ დაიტირა.

 

„ჩემო ბექა!

 

ამ წიგნის დასრულებაც მოვასწარი… ვერც ამ წიგნში ავუარე გვერდი ტკივილებს, შენდობას გთხოვთ შენც და მკითხველსაც, მაგრამ რა ვქნა, ჩემგან ნურც შენ და ნურც მკითხველი იმაზე მეტს ნუ მოითხოვთ, რამდენის ატანაც ჩემს ძალღონეს აღემატება. ჩათვალეთ, რომ თქვენს წინ დგას ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიან, რომლისთვისაც საწუთისოფლო ტკივილი უცხო არაა. მტკივა, შვილო! მტკივა უშენობა… ამას ჩემი ქვეყნის ტკივილი დაუმატე და წარმოიდგინე – შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე და მამულზე.

 

ვიცოდი, რომ შენ ჩემზე უკეთ შეგეძლო სამშობლოს მსახურება. სწორედ შენი დაბადების შემდეგ დაიწერა „ვერკვლის ციხე“ და რომ არა შენი იმედი,- ვერ იქამს წუთისოფელი, ფეხებზე დამიკიდოსა, – სტრიქონების თქმას ვერ გავბედავდი.“

 

 

ხევსური პოეტი დიდი ტრაგედიით

 

ბექა რომ დაიბადა, მეგონა, რომ ჩვენ წუთისოფლის ერთად გალევა გაგვიჭირდებოდა. პირიქით ვფიქრობდი, რომ ცოტა ადრე მე მომიწევდა ამ სოფლიდან გასვლა. ლექსი დავუწერე: „როგორც ეტყობა - გაზაფხულს ისევ უშენოდ გავილევ, ალბათ, სწორია, სამყარომ ერთად ვერ გვზიდა ორივე. მე ვერ შემბედა, საწუთრო ვერანაირად მიმოკლა, გარს მივლის, მეფოლორცება, ჩამოტეხილ მხარს მილოკავს..."

 

მას ჩემზე უკეთ შეეძლო მამულისთვის ემსახურა. სიყვარულის მატარებელი, რაინდული სულის პატრონი იყო.

 

ხევსურული სისხლის პატრონი ჩხუბს არასდროს მოვრიდებივარ. ის ერიდებოდა. ერთადერთი, რასაც ვერ იტანდა და მდგომარეობიდან გამოიყვანდა, დედის შეგინება იყო. იმ დონეზე უყვარდა დედა, ამას არც მე მაპატიებდა. და ამას შეეწირა კიდეც.

 

თიანეთში, ჩვენს სოფელ სიმონიანთხევში იყო. საღამოს ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა ჩვენ სოფლელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა. ბექას უთქვამს, ნასვამი ხარ, გეყოფა, ჩემ სოფელში, უნდა გაიცინებს, უნდა - არა, შენ ვინ გეკითხებაო. იმან შეაგინა... ბექა ფიზიკურად ძლიერი იყო და ის ბიჭი სცემა. მერე უთხრა, ხვალ შევხვდეთ, შენც გამოფხიზლდები და თუ დამნაშავე აღმოვჩნდები, ბოდიშს მოგიხდიო. მეორე დღეს ჩვენი სახლის უკან გადმოვიდა და პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა... მე თბილისში ვიყავი.

 

ჩემთვის ძალიან მძიმეა. სხვანაირად განვიცდი. ყველა მისი მოძრაობა გონებაში მაქვს შენახული. როგორ ადიოდა კიბეზე, როგორ ჩამოდიოდა, როგორ იცინოდა, როგორ აღვიძებდა მეზობლებს სიმღერით, როგორ შეუვარდებოდა დილით... სოფელში რომ ავდივარ და მის საწოლს გადავხედავ, მგონია, რომ იქ წევს.

 

ამ ტრაგედიის შემდეგ ვაპირებდი საერთოდ გამენადგურებინა რაც კი რამ მქონდა დაწერილი. რომ არა ბიზნესმენ ომარ ქუცნაშვილის მოთხოვნა და იძულებით გადადგმული ნაბიჯი (სტამბაში წინასწარ გადახდილი ფული) გაგრძელებას არ ვაპირებდი. ლექსებს ვწერდი და ვხევდი. არ მეგონა, მკითხველისთვის თუ კიდევ ვიქნებოდი საინტერესო. ის პირველი კრებული 2004 წელს გამოვიდა.

 

მე როცა ვთქვი ლექსი - „სამშობლოვ ჩემო, პოეტი შენ ხარ, მე შენი ენით მოლაპარაკე" - მას შემდეგ უფლება არ მქონია ჩვეულებრივი მოკვდავივით მეცხოვრა, ვინც ყოველდღიურ მოთხოვნილებაზე აგებს თავის ყოფას. არჩევანის წინაშე დავდექი. ცხოვრება უნდა შემეცვალა. ხომ არ მაქვს უფლება, რომ ბედნიერი ვიყო, მაგრამ გარკვეულწილად ვარ ბედნიერი. ჩემს გვერდით ხომ ჩემი შვილების თაობაა.

 

მყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი - გვანცა და სოფო და შვილიშვილები. ამბობენ, შვილიშვილი შვილზე მეტად საყვარელიაო, მაგრამ ჩემში, ამ ტრაგედიამ, ეს გრძნობა იმდენად მოკლა, რომ ხანდახან ჩემი თავიც კი მძულს, რომ შვილიშვილი ჩემ შვილზე მეტად არ მიყვარს. ის ყველაზე მეტად მიყვარს.

 

„მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: „რისთვის?“. ჩემი თავი გადავამოწმე და ჩავუღრმავდი, იქნებ, მე დავუშვი სადმე შეცდომა. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე და წინაპრებს გადავწვდი. პაპების თაობაზე პასუხისმგებელი ვერ გავხდი, რადგან შორეული წარსულის ბევრი არაფერი ვიცი…

 

ჩემი ვაჟი ყოველთვის ჩემს გულშია და ჩემს ხვიშიადსაც მხოლოდ ლექსებს ვუზიარებ…“- იხსენებს ტარიელ ხარხელაური ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

https://digest.pia.ge/ka/news/tabloidi/23-tslis-shvili-momikla-sakhlis-ukan-gadmovida-da-pirdapir-iaraghi-esrola-ar-makvs-uphleba-rom-bednieri-viko---khevsuri-poeti-didi-tragediit

 

 

right_banner big_banner
არქივი