logo_geo
თემურ წიკლაური - პაპაკაცი
- +

4 თებერვალი. 2021. 00:18

 

ჟურნალისტის და პოეტის მაია კახიძის ერთ-ერთ წიგნში „თბილისელი ქალის ჩანაწერები“, მომღერალ თემურ წიკლაურის შესახებ პატარა ამბავია მონათხრობი.

 

ამ ამბავზე ერთ დროს მთელი თბილისი საუბრობდა.

 

თბილისი რომ დიდი გულის ქალაქია, ყველა გულიანმა ადამიანმა კარგად იცის. ეს ამბავი კი კოჯორში დაიწყო, მერე თბილისში განვითარდა მოვლენები და შემდეგ ისევ კოჯორში გაგრძელდა. ახალ „მთავარ როლში“ კი ჩვენი საყვარელი მომღერალი თემურ წიკლაური აღმოჩნდა.

 

***

 

მამა-პაპისეულ ეზო -კარში მოფუსფუსე თემურ წიკლაურს ოციოდე წლის კოჯრელი ოთო ფიჩხულიშვილი მიეჭრა:

 

- ვიღუპები, მიშველე თემური ძიაო! - თან მანქანისკენ ექაჩებოდა აფორიაქებული. თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ ახალგაზრდა, დაბნეულ ბიჭს რომ შეხედა, მაშინვე საჭეს მიუჯდა. ორიოდე წუთში ყველაფერს მიხვდა. ცოლს მუცელი ასტკიებია და შინ კი არავინ იყო უფროსებიდან. ოთო ხომ ბალღი იყო და ცოლიც მთლად ბალღი ჰყავდა, ეს ორივე ბალღი კიდევ თავის ბალღს ელოდებოდა. მაშინვე ჩასვა მანქანაში და თბილისისკენ გამოაქანა. გოგო გაუჩერებლივ კიოდა, ბიჭი „ბანს“ აძლევდა - გვიშველე, ძია თემურ, ჩქარა წადიო!

 

ქარივით მოქროდა თბილისისკენ თემურ წიკლაური. მაშინდელი ენგელსის ქუჩაზე ჩამოვიდნენ თუ არა, მშობიარემაც დაიძახა:

 

- გააჩერე თემური ძია, მეტს ვეღარ მოვითმენო. გადაირია თემური, გადმოხტა მანქანიდან, დარბის, ყვირის, მიშველეთო, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს. სასწრაფოსაც დაურეკა. გაგიგონია?!

 

მერე, ცოტა გოგომ ივაჟკაცა, ცოტა ბიჭმა, ცოტა თემურ წიკლაურმა და შუაგულ სოლოლაკში მერცხალივით გოგო დაიბადა. ამდენ ფაცი-ფუცში ნელ - ნელა ხალხიც მოგროვდა. როცა გაიგეს რაშიც იყო საქმე და უბანში გოგო დაიბადა, შეიქნა ერთი ამბავი: გადაკეტეს ქუჩა, ვინ თეთრეულს მოარბენინებდა, ვინ - წყალს...იმ უბნელმა ჟანამ კი თემურის მანქანის ძარაზე შამპანურები დააწყო...

 

საოცარი სანახავი იყო იმ ღამეს თბილისის შუაგული... ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ერთმანეთს ულოცავდნენ...

 

თემურ წიკლაურმა ყური მოკრა (მერეღა გაახსენდათ), აქვე ახლოს ცხოვრობს გინეკოლოგების ოჯახიო. მაშინვე მათკენ გაიქცა. კარი ახალგაზრდა ქალბატონმა ნინო მაჭავარიანმა გაუღო. ახლა ის დაიბნა კარზე მომდგარი თემური რომ დაინახა.

 

- ჭიპლარს რა უყავითო? - ეკითხება. რას უპასუხებდა თემური? მანქანისკენ გაიქცნენ....

 

შემდეგ კი ყველა საგზაო წესის დარღვევით, როგორც იქნა მესამე სამშობიარომდე მიაღწიეს და თემურ წიკლაურმა მშვიდობით „ჩააბარა“ დედა- შვილი ექიმებს.

 

სამშობიარო სახლიდან კი ისევ სოლოლაკში დაბრუნდა, მთელი თუ არა, ნახევარი სოლოლაკი თემურს ელოდებოდა. დილამდე ისე იქეიფეს, ცა მიწაზე ჩამოტანეს სადღეგრძელოებით, პატარა მარიამს თბილისი ლოცავდა...

 

არადა, იმ დღეებში თემურს ერთხელ კიდევ დასჭირდა სამშობიარო სახლში მისვლა. ამჯერად, საკუთარი ქალიშვილი გააქროლა და ნამდვილი პაპაკაცი გახდა. ძალიან უყვარს თემურს, როცა პაპას ეძახიან, ნამდვილი ქართულიაო, გულიანად იცინის ხოლმე. ანდრია პაპის გულის გამხარებელია, მარიამი კი...

 

თემურ წიკლაურმა პატარა მარიამი მონათლა. მარიამი მშობლებთან ერთად კოჯორში ცხოვრობს, თემურიც ხშირადაა იქ, უყვარს მამა- პაპისეულ ეზოში ფუსფუსი...

 

ზუსტად არ ვიცი ასაკი, მაგრამ მარიამიც და ანდრიაც ახლა თანატოლები არიან...

 

big_banner
არქივი