logo_geo
მარიამ კერესელიძე – ლეგენდარული ჯაშუში ქალი
- +

15 თებერვალი. 2021. 23:54

 

 

 

მარიამი კერესელიძე ცნობილი ემიგრანტის, ლეო კერესელიძის ქალიშვილი იყო. მან ბავშვობა პარიზში გაატარა, განათლება რომში მიიღო. სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ოჯახთან ერთად, მაროკოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მეგობრობდა და თანამშრომლობდა გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელთან. მის მოვალეობაში შედიოდა გერმანიის დაზვერვისთვის საინტერესო პირთა გადმობირება და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება. სჯეროდა, რომ, გერმანელების საშუალებით, საქართველო დამოუკიდებლობას დაიბრუნებდა. მარიამის ინფორმაციის საფუძველზე, გერმანელები სამი წლის განმავლობაში უშეცდომოდ ბომბავდნენ გიბრალტარის ინგლისურ ბაზებს. ასევე, მან გაამჟღავნა მაროკოში ამერიკელი და პორტუგალიელი ელჩების საიდუმლო მოლაპარაკებები.

 

მარიამ კერესელიძე მონაწილეობდა პერუში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებშიც, მხარს უჭერდა კომუნისტებს და ხელმძღვანლობდა პარტიზანულ მოძრაობას. კავშირი ჰქონდა საბჭოთა „კაგებესთან“, საფრანგეთის პოლიციასა და ინგლისის დაზვერვასთან. 1945 წელს იგი იტალიაში ანტისაბჭოთა აგიტაციასაც ეწეოდა და პარტიზანების მხარეს იბრძოდა, იქ შეუერთდა იძულებით გადაადგილებულ სხვა ქართველებსაც.

 

 

 

მარიამმა თითქმის ყველა ევროპული ენა იცოდა, გატაცებული იყო ჟურნალისტიკით, სიძველეების შესწავლითა და ცხენოსნობით. 17 წლის ასაკში მაროკოში, უდაბნოს ჯირითში რეკორდიც დაამყარა, რის შესახებაც ცნობილი ჟურნალები წერდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები მან პარიზში გაატარა. ლექციებს კითხულობდა სორბონის უნივერსიტეტში მარიამ ჰერერას სახელით. ფაშისტებთან დანაშაულებრივი კავშირის გამო, ომის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის პოლიცია 20 წლის განმავლობაში ეძებდა. მას სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი დიპლომატი ეტრფოდა, მათ შორის, ფრანკოს ხელისუფლების მინისტრი, ესპანეთის მაროკოს მმართველი, ინგლისელი და იტალიელი გავლენიანი პირები.

 

მარიამ კერესელიძე 2002 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან მეუღლეს ანდერძი დაუტოვა, რომ გორში, კერესელიძეების საგვარეულო სასაფლაოზე მისი ფერფლი მიმოებნია. 2013 წელს მანუელ ჰერერა საქართველოში ჩამოვიდა. მან საგვარეულო საფლავს ვერ მიაგნო და მარიამ კერესელიძის ფერფლი იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში დამარხა.

 

წყარო: Speech • სფიჩი

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი