logo_geo
ვინ იყო სასულიერო პირი, ვინც სტალინს ეხმარებოდა და როგორ გადაუხადა მას ბელადმა სამაგიერო
- +

2 მარტი. 2021. 20:52

 

აღსარების დროს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა აღიარა: მეუფე ანტონის დარიგების შემდეგ შეუძლებელია, ბოროტება ჩაიდინოო.

 

 

ანტონ (დავით) აბაშიძე თავადურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. მან ოდესის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იყო საუკეთესო მხედარი, მოცეკვავე და მოფარიკავე. საერო ცხოვრებაში დიდი ასპარეზი ჰქონდა, მაგრამ სხვა გზა არჩია. კიევში გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა დიმიტრის სახელით. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შემთხვევითი: დავითს მშობლებმა ცოლად არ შეართვევინეს ქალი, რომელიც თავდავიწყებით ყვარებია, იმ მიზეზით, რომ ქალი კოჭლი ყოფილა. შეყვარებულებმა გადაწყვიტეს, თავი ღმერთისთვის მიეძღვნათ. ბერ-მონაზვნად აღიკვეცნენ და მთელი სიცოცხლე ერთმანეთს წერილებს სწერდნენ. თავიანთი სიყვარულის ერთგულები იყვნენ და უფალს მადლობას უხდიდნენ ბოძებული ბედნიერებისთვის.

 

სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და იმ სემინარიის ინსპექტორი გახდა, სადაც სტალინი სწავლობდა. სტალინს, როგორც დაუდგრომელ მოსწავლეს, შეუსაბამო და დანაშაულებრივი ქმედებებისთვის კარცერში სვამდნენ, სადაც პურსა და წყალზე უწევდა ყოფნა. დიმიტრი მას ჩუმად უგზავნიდა ხოლმე საჭმელს. ეს თანადგომა მომავალში დაუფასა ბელადმა არქიეპისკოპოსს. კერძოდ, საეკლესიო პირების დევნის დროს საბჭოთა ხელისუფალმა ბრძანება გასცა, ხელი არ ეხლოთ მისთვის. „სქიარქიეპისკოპოსი ანტონი სტალინისთვის ლოცულობდა და, ვინ უწყის, თუ რაგვარად შეეწეოდა მას ეს ლოცვა!“

 

საქართველოში მსახურებისას დიმიტრი სხვადასხვა მოვალეობებს ასრულებდა, რაღაც დროის შემდეგ გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსი გახდა.

 

ამის შემდეგ მან მსახურება რუსეთის იმპერიის ფარგლებში განაგრძო –1905 წლიდან პოდოლსკის ეპარქიაში, შემდეგი წლიდან – ტაშკენტისა და თურქესტანის კათედრაზე. იმპერიის ეკლესიის სამსახურში მყოფი მეუფე მტკიცედ იდგა რუსული სახელმწიფოებრიობის დაცვის სადარაჯოზე. აარსებდა ეკლესიებს, ამრავლებდა მრევლს. თურქესტანში მისი მსახურებისას ტაძრების რიცხვი გაორმაგდა. მისი მმართველობის დროს დასრულდა ათწლეულობით გახანგრძლივებული ამაღლების სოფიის კათედრალური ტაძრის მშენებლობა ალმა-ატაში, რომელსაც სილამაზით მოსკოვის ვასილი ნეტარის ტაძარს ადარებდნენ. ააშენა მშვენიერი ტაძრები არაერთ ადგილას. მისივე დახმარებით ალმა-ატაში დაარსდა ივერო-სერაფიმეს ქალთა მონასტერი. მეუფის ლოცვა-კურთხევით აშხაბადში დაარსდა დედათა მონასტერი.

 

ის ხშირად ჩადიოდა რუსეთში და თურქესტანში იქიდან ჩამოჰყავდა მღვდლები; მოჰქონდა დიდი შემოწირულობები რუსი ქველმოქმედებისაგან; ჩამოჰქონდა წმიდანთა წმიდა ნაწილები, წმიდა ხატები. ტაშკენტში დააარსა რელიგიურ-ზნეობრივი განათლების თურქესტანის საზოგადოება; აშხაბადში – წმიდა ჯვრის იმიერკასპიის საძმო.

 

1912 წელს ის ყირიმში გადაიყვანეს – ტავრიის ეპარქიის ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიდან ჩაეწერა შავი ზღვის ესკადრაში და როგორც რიგითი საეკლესიო მუშაკი, ისე იმყოფებოდა ბრძოლებში ჩაბმულ სამხედრო გემზე. აქ გამოჩენილი გმირობისათვის იშვიათი ჯილდოც მიიღო.

 

1917 წელს მეუფე კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა. ის აწარმოებდა მოლაპარაკებას ბოლშევიკებთან და სწორედ, მან შეაწყვეტინა სროლა კრემლის მიმართულებით, რითაც სასულიერო პირებს კრების ჩატარების საშუალება მიეცათ. საქართველოში ავტოკეფალიის გამოცხადების გამო დიმიტრი აბაშიძე არჩეულ იქნა წმიდა სინოდის წევრის მოადგილედ. როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტიური მოწინააღმდეგე, ანტონ აბაშიძე გამოვიდა „თვითნებური“ ავტოკეფალიის გამოცხადების წინააღმდეგ. ამით მან გზა დაიხშო საქართველოსკენ.

 

1919 წელს აირჩიეს დროებითი უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს თავმჯდომარედ რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ამ დროს ცარიცინის დაცვას სოვნარკომის წარმომადგენელი ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდა და ყოფილმა მასწავლებელმა მას არაერთხელ მიმართა თხოვნით, წითელარმიელებს შეერბილებინათ სისასტიკე მათ ხელში მოხვედრილი საეკლესიო მსახურებისადმი.

 

ვრანგელის დამარცხების შემდეგ სასულიერო პირთა უმრავლესობამ რუსეთი დატოვა, მაგრამ თეთრი არმიების ყირიმიდან ევაკუაციის შემდეგ არქიეპისკოპოსმა არ მოისურვა რუსეთის დატოვება. ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, რადგან ის ამხელდა ბოლშევიკებს. 1923 წელს დააპატიმრეს და სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს, მაგრამ ამ საქმეში სტალინი ჩაერია და არქიეპისკოპოსმა მინიმალური სასჯელი მოიხადა – მან ორი წელი გაატარა ციხეში, სადაც მხედველობა დაკარგა.

 

1926 წელს კიევო-პეჩორის ლავრაში, პეჩორის წმიდა მამათა საძვალეებთან მრავალდღიანი ლოცვის შემდეგ სასწაული მოხდა – მეუფეს მხედველობა ნაწილობრივ აღუდგა.

 

1931 წელს კიევო-პეჩორის ლავრა დაიკეტა, საძმო მონასტრიდან განიდევნა და მათ ქვეყნის ექვს მთავარ ქალაქში ცხოვრება აეკრძალათ; მალე მეუფე ანტონი დააპატიმრეს და სასჯელის ზომად 5 წლის საკონცენტრაციო ბანაკში გატარება განუსაზღვრეს. თუმცა, საგანგებო დადგენილებით გაათავისუფლეს და ერში დააბრუნეს.

 

ის 1933 წლიდან მოყოლებული, რვა წლის განმავლობაში, მორწმუნეთა კარიდან კარზე გადაადგილდებოდა. ასრულებდა ფარულ ღვთისმსახურებებს და ხელდასხმებს. ის ითვლებოდა კიევის ჯგუფის კატაკომბური ეკლესიის სულიერ მწყემსმთავრად და ამბობენ იმასაც, რომ ის, ასევე, იყო ქართული კატაკომბური ეკლესიის ორგანიზატორი და მისი პირველი იერარქიც 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე.

 

1941 წლის სექტემბერში გერმანიის საოკუპაციო რეჟიმმა ლავრა აამოქმედა, ანტონი გადასახლდა მონასტერში და იქვე მიიცვალა 1942 წლის დეკემბრის თვეში, დაასაფლავეს კიევო-პეჩორის ლავრის ეზოში.

 

2011 წელს ანტონ აბაშიძის საფლავი გახსნეს. 2012 წლის 22 აპრილს, კვირაცხოვლობას, უკრაინის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა კიევის ეპარქიის ადგილობრივ წმიდანთა რიგში ეპისკოპოს ანტონ აბაშიძის შერაცხვის საეკლესიო წესი შეასრულა. ეპისკოპოს ანტონის სახელი საეკლესიო კალენდარში შეიტანეს. არქიეპისკოპოსმა სამღვდელოებასა და მორწმუნეებს მისი ცხოვრება გააცნო და ტაძრის შუაგულში გამოიტანეს მისი ხატი. იქ მყოფმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მუხლი მოიყარა ახლადშერაცხული წმიდანის ნაწილების წინაშე.

 

გამოყენებული მასალების წყარო: „კარიბჭე“, www.georoyal.ge, www.nplg.gov.ge

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი