logo_geo
როგორ ისწრაფვოდა საბჭოთა კავშირი ნატოსკენ
- +

3 მარტი. 2021. 22:39

 

 

 

67 წლის წინათ საბჭოთა კავშირმა ნატოში გაწევრიანება ითხოვა. დასავლეთის წამყვანმა ქვეყნებმა მას უარი უთხრეს, რადგან ჩათვალეს, რომ მოსკოვს ამ სამხედრო გაერთიანების წევრობა მხოლოდ იმიტომ, უნდოდა, რომ ალიანსი შიგნიდან დაეშალა. პასუხად საბჭოთა კავშირმა ალიანსი პროექტის მიერ გაცხადებული მიზნების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და საკუთარი ბლოკი შექმნა, რომელშიც მის გარდა ევროპის 8 სოციალისტური ქვეყანა გაერთიანდა.

 

1954 წლის 31 მარტს საბჭოთა კავშირმა ბოლოჯერ სცადა ნატოში შესვლა.

 

ალიანსში შესვლის თხოვნით ოფიციალური ნოტა მიმართული იყო ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სახელმწიფოების მთავრობებისადმი. გზავნილში მოხსენიებული იყო, რომ სწორედ სამხედრო ბლოკების ფორმირება უძღვოდა წინ ორივე მსოფლიო ომს.

 

საბჭოთა კავშირის თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსკოვის აზრით, დასავლეთის სახელმწიფოები პროექტის მშვიდობიანი მიზნების დემონსტრირებას მოახდენდნენ და არა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილს, რაშიც ნატოს არცთუ უსაფუძვლოდ ადანაშაულებდნენ.

 

დასავლეთმა კატეგორიულად უარყო საბჭოთა ინიციატივა. თუმცა კრემლში სულაც არ ჰქონდათ იმის იმედი, რომ მოახერხებდნენ თავიანთი იდეოლოგიური ოპონენტების კლუბში შესვლას, რომელთან კონფრონტაციაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთელ მსოფლიოში _ გერმანიიდან დაწყებული კორეით დამთავრებული  უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

 

მდგომარეობა უფრო გართულდა 1946 წელს ფულტონში უინსტონ ჩერჩილის გამოსვლის შემდეგ, საიდანაც სტარტი აიღო ცივმა ომმა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ამერიკელებმა, ბრიტანელებმა და ფრანგებმა ანტიჰიტლერულ კოალიციაში თავიანთ ყოფილ მოკავშირეში ახლა უკვე მტერი დაინახეს.

 

საბჭოთა დიპლომატიამ, რომელსაც სათავეში ვიაჩესლავ მოლოტოვი ედგა, ეშმაკური კომბინაცია გაითამაშა, რომლის ნებისმიერი დასასრული საბჭოთა კავშირისთვის სარგებლიანი იყო.

 

დადებითი პასუხის შემთხვევაში საბჭოთა კავშირი არა მხოლოდ ერთ მხარეს აღმოჩნდებოდა თავის მოწინააღმდეგეებთან, არამედ საშუალება უჩნდებოდა, ნატოს ჭეშმარიტი მისწრაფებების შესახებ შიგნიდან შეეტყო. ხოლო თუ დასავლეთი უარს ეტყოდა მოსკოვს თავის გუნდში მიღებაზე, მას შეეძლო განეცხადებინა პროვოცირებული იზოლაციის შესახებ და საკუთარი სამხედრო ორგანიზაციის შექმნის საბაბი მოეპოვებინა.

 

ნატოში შესვლის შესახებ განაცხადის შეტანისას ახალი საბჭოთა მთავრობა იმედოვნებდა, რომ საერთაშორისო მდგომარეობა სტალინის გარდაცვალების შემდეგ შერბილდებოდა. თუმცა თავად ბელადი ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ თუ ნამდვილად არ უნდოდა დასავლეთთან დამეგობრება, როგორც მინიმუმ, ამის სურვილი მაინც გამოეხატა. ჯერ კიდევ 1949 წლის დასაწყისში სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი ვიშინსკიმ ბრიტანეთის კომპარტიის შუამდგომლობით ლონდონში ბარათი გაგზავნა წინადადებით, განეხილათ საკითსი მოსკოვის ნატოს წინამორბედ ორგანიზაციაში _ დასავლეთევროპულ კავშირში მონაწილეობის შესახებ.

 

მომდევნო ჯერზე საბჭოთა კავშირის წევრობის თემა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დღის წესრიგში 1952 წელს დადგა, როცა პირველად დაიწყო ბლოკის გაფართოება _ თურქეთის ნატოში შესვლის შემდეგ ნატო საბჭოთა კავშირის სამხრეთის საზღვრებს მიუახლოვდა.

 

საფრანგეთის ელჩთან ჟოკსთან შეხვედრისას სტალინმა შეიტყო, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტი ალიანსს, როგორც მშვიდობიან ორგანიზაციას, ისე უყურებს და ვიშინსკის ირონიულად ჰკითხა: „ჩვენც ხომ არ შევსულიყავით ნატოში?“

 

საბჭოთა კავშირი ყოველნაირად ცდილობდა, მიეღო ნატოს წევრი ქვეყნებისგან იმის დაპირება, რომ ისინი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერეოდნენ.

 

ნატოში შესვლის ერთ-ერთი მხარდამჭერი 1954 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტი ანდრეი გრომიკო გახლდათ. მისი აქტიური მონაწილეობით შემუშავდა საბჭოთა პროექტი საერთოევროპული ხელშეკრულებისა კოლექტიური უშიშროების შესახებ  საბჭოთა კავშირი სთავაზობდა, ეს დოკუმენტი ნატოში შესვლის საკითხთან ერთად ყოფილიყო განხილული.

 

19 მარტს სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმში გაიგზავნა ბარათი, რომელშიც ნათქვამი იყო: „საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად თვლის, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკს.

 

ამგვარი განცხადება ჩღდილოატლანტიკური ბლოკის ორგანიზატორებს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ალიანსს თავდაცვითი ხასიათი აქვს და თითქოს ის სულაც არ არის მიმართული საბჭოთა კავშირისა და სახალხო დემოკრატიის ქვეყნების წინააღმდეგ“.

 

იმავდროულად, საბჭოთა კავშირთან ერთად ნატოში შესვლის განცხადებები შეიტანეს უკრაინისა და ბელორუსიის სს რესპუბლიკებმა. როგორც გაეროში შესვლისას, 1945 წელს, როცა საჭირო იყო საკუთარი გავლენების გაძლიერება, მოსკოვი ახლაც ცდილობდა, დაერწმუნებინა მსოფლიო ამ რესპუბლიკების დამოუკიდებელ სტატუსში, რომლებიც თითქოსდა ნებაყოფლობით იყვნენ გაერთიანებული საბჭოთა კავშირში.

 

დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მთავრობებმა მოსკოვს არ დაუჯერეს, რადგან შესანიშნავად იცოდნენ საბჭოთა წინადადებების პოპულისტური ბუნების შესახებ. ალიანსის ქვეყნების უმრავლესობა თვლიდა, რომ საბჭოთა კავშირის მიზანი ევროპიდან აშშ-ის გაძევება და ნატოს შიგნიდან დაშლა იყო. ორივე საკითხთან დაკავშირებით დისკუსია რომ დაეწყოთ, საბჭოთა კავშირს გერმანიიდან და ავსტრიიდან გასვლა, შორეულ აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე უარის თქმა და განიარაღებაზე ხელშეკრულების დადება შესთავაზეს.

 

ღირს კი იმაზე ლაპარაკი, რომ ამ პირობებს არავინ შეასრულებდა და ამის შესახებ დასავლეთში შესანიშნავად იცოდნენ.

 

საბჭოთა კავშირის მთავრობა ნატოში შესვლაზე უარის გამო საჩვენებლად განაწყენდა. ოფიციალურ განცხადებაში გამოთქმული იყო წუხილი ვაშინგტონის, ლონდონისა და პარიზის პოზიციის გამო, რომლებიც სიტყვიერად „აცხადებენ რომ საერთაშორისო ურთიერთობებში განიარაღებას უჭერენ მხარს“, საქმით კი „სულ სხვა რამეს“ ვხედავთ…

 

1955 წელს ნატოს წევრი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რამაც საბოლოოდ გაფანტა ილუზიები სამხედრო ბლოკის მშვიდობიანი მიმართულების შესახებ.

 

იმავე წელს ვარშავაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროპის სოციალისტური ქვეყნების ახალი სამხედრო კავშირის შექმნის შესახებ. საბჭოთა კავშირის გარდა მასში შევიდნენ ალბანეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პოლონეთი, რუმინეთი და ჩეხოსლოვაკია.

 

1961 წელს კი შეიქმნა კიდევ ერთი ახალი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებდა დაახლოებით 120 ქვეყანას, რომლებსაც არ უნდოდათ არც ნატოს და არც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა. ამ ქვეყნებს შორის, რომლებიც უარს აცხადებდნენ არსებულ გაერთიანებებში შესვლაზე, ლიდერის როლს თამაშობდნენ სოციალისტური იუგოსლავია, ინდოეთი და ეგვიპტე.

 

ბელა გველესიანი

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი