logo_geo
იონა მეუნარგია: ილია აუჩქარებელი კაცი იყო, დინჯი, მძიმე
- +

16 მარტი. 2021. 03:05

 

 

იონა მეუნარგიას, ქართველ მწერალთა ცხოვრების პირველ მკვლევარსა და არაერთი ბიოგრაფიული წიგნის ავტორს, გადაწყვეტილი ჰქონდა, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიაც შეედგინა, რისთვისაც ჯერ კიდევ ილიას სიცოცხლეში აგროვებდა საჭირო მასალებს „ნანახისა და განაგონის“ სახით, თუმცა იონას ამ მცდელობას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ისეთი მძაფრი რეაქცია მოჰყვა, რომ განზრახვაზე სამუდამოდ აიღო ხელი. საზოგადოება კი არა, შვილებიც კი – ლილი და მიშა მეუნარგიები – მამის წინააღმდეგ დაირაზმნენ. იონას გამხნევება სცადა ნიკო ნიკოლაძემ, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა იაკობ გოგებაშვილის შეუვალი, შეიძლება ითქვას, სასტიკი პოზიცია.

 

საყვარელი კაცისა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ?!

 

იონა მეუნარგიამ არავისზე ნაკლებად არ იცოდა ილიას ფასი. იონასა და ილიას მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდათ, რაც კარგად ჩანს იონას ჩანაწერებში, რომელთა საერთო სათაურია „ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდამ“... „იონა მეუნარგიას არ უყვარდა ყურმოკრულის, საეჭვო ნათქვამის და განაგონის ერთთავად დაჯერება და ჩაწერა, გავრცელებულ შეხედულებათა შეუმოწმებლად მიღება“, – ამბობს პროფესორი ცაიშვილი 1937 წელს, ილიას 100 წლის იუბილეზე გამოცემულ „ნანახისა და განაგონის“ შესავალში. – ეს ჩანაწერები არსებითად მოგონებაა ილიაზე, როგორც ამას თვითონ მეუნარგია უწოდებს და არა ბიოგრაფია. ილიას ბიოგრაფიის შედგენა განზრახული ჰქონდა შემდეგში, როცა ხელი მიჰყო გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი ერისთავისა და სხვათა ცხოვრების აღწერას. „მე ყოველ შეყრაზე ილიას ვუყურებდი, როგორც მსხვერპლს, „მუშტრის თვალით“ და როცა იმისგან მოვდიოდი შინ, მის ნალაპარაკევს ვწერდი ჩემს „სამახსოვრო წიგნებში“, – ამბობს თვითონ იონა მეუნარგია...

 

„ამით არავითარი ჩირქი არ ეცხება მგოსნის სახელს. არც არაფერია აქ უჩვეულო, გარდა იმისა, რომ საფრანგეთის ლიტერატურაზე აღზრდილმა მეუნარგიამ საქართველოშიც გადმონერგა ერთი ფრიად სიმპათიური, ქართული ლიტერატურისათვის მართლაც უჩვეულო ტრადიცია – მწერალთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერა დევიზით „საყვარელი კაცისა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ“, – ამბობს სოლომონ ცაიშვილი. სწორედ; ამ დევიზით აღწერილი ილიას ცხოვრება და მოღვაწეობა წაიკითხა იონა მეუნარგიამ ქუთაისში გამართულ ილიას საღამოზე 1908 წლის 27 ოქტომბერს, ილიას მკვლელობიდან ერთი წლის თავზე. „ილია მიწასთან გაასწორა...“, „რაც ბატონმა იონამ თქვა, სხვა ვინმეს რომ ეთქვა, მგონია, საქართველოში აღარ დააყენებდნენ“... იაკობ გოგებაშვილმა იონა მეუნარგიას წაკითხულ მოხსენებას, რასაც თვითონ არ დასწრებია, მრისხანებით სავსე ორი წერილი უძღვნა გაზეთ „საქართველოს“ (1908 წელი, ¹ 9, 11) ფურცლებზე. იაკობის მრისხანების ხარისხზე მეტყველებს როგორც წერილთა შინაარსი, ასევე სათაურები: „ილიას მეორედ მოკვლის განზრახვა“ და „მეუნარგიას ჭორები ილიას შესახებ“. „ილიას მეორედ მოკვლა მოიწადინეს. მოკვლა არა ფიზიკური, რომლის გამეორება შეუძლებლად გახადეს უსულგულო ნაძირლებმა, არამედ მოკვლა სულიერი. ეს უკანასკნელი მკვლელობა, რასაკვირველია, უფრო მძიმეა, ვიდრე პირველი. ფიზიკურმა მკვლელობამ შეიძლება, ხელი შეუწყოს სულიერ უკვდავებას, სულიერი მკვლელობა კი მეტნაკლებობით ამართლებს ფიზიკურ მკვლელობასა“, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც თავიდან ბოლომდე შთაგონებულია გაზეთ „ალის“ ზემოთ ნახსენები სტატიით, რომელზე დაყრდნობითაც იაკობი ამბობს: „მოგონების სახით მან, თურმე, დაუგროვა მომსწრე საზოგადოებას ვეებერთელა ზვინი ჭორებისა, საიდანაც გამოდიოდა, რომ ილია ყოფილა: ძუნწი, გულქვა, ზარმაცი, ბანქოში მფლანგავი თავისი ქონებისა, სოფისტი, ეგოისტი, გამჭყლეტი მართალი ადამიანისა და თითქმის უნიჭო პუბლიცისტი“. და ეს გააკეთა იონა მეუნარგიამ მაშინ, როცა „ჯერ არ გაუცვეთნია ის წაღები, რომლითაც იგი ილიას დასაფლავებას დაესწრო“.

 

იაკობი იონა მეუნარგიას გენერლების ნებაყოფლობით ადიუტანტს, ნელთბილ კოსმოპოლიტსა და ნელთბილ მამულიშვილს უწოდებს და იმასაც წამოაძახებს, რომ არც ერთ შვილს ქართული არ ასწავლა. „ჭორიკანა ლილიპუტი, პიტალო ცილისმწამებელი“ – ესეც იონასთვის გამეტებული ეპითეტებია. და კიდევ:

 

„მეუნარგია ეკუთვნის იმ სულიერების ტიპს, რომლითაც უფრო ნიჭიერ და განვითარებულ მოღვაწეებად მოაქვთ თავი, ვიდრე ნამდვილად არიან. მას მიუღია ფელეტონური განათლება და მეფელეტონედვე ჩავა საფლავში“.

 

იაკობის აგენტები იონას სახლში

 

იონა მეუნარგიასთვის იოლი გადასატანი არ იყო იაკობისგან ასეთი სიტყვების საჯაროდ მოსმენა, განსაკუთრებით მისი დადანაშაულება ილიას „სულიერ მკვლელობაში“. იონასა და ილიას, როგორც უკვე ვთქვით, მრავალი წლის გულითადი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ „ივერიაში“. „საყვარელო ძმაო იონავ!“ – როგორც წესი, ასე იწყება ყველა წერილი, რომელიც ილიას მიერაა ხელმოწერილი – „შენი ერთგული ილია ჭავჭავაძე“.

 

იაკობ გოგებაშვილის მკაცრმა ტონმა და „უსაფუძვლო კრიტიკამ“ დიდად აღაშფოთა ნიკო ნიკოლაძე, რომლის მიერ იონასთვის მიწერილი წერილი (1908 წლის დეკემბერი), ასევე, გამოაქვეყნა პროფესორმა სოლომონ ცაიშვილმა: „გულზე გავსკდი, გოგებაშვილის სტატია რომ წავიკითხე შენ წინააღმდეგ... დაბეჭდე შენი ლექცია, ან დაბეჭდე შენი პასუხი, რომ კრიტიკის მეტი ბევრი სხვაც იყო კეთილი ილიკოზე-თქო. ნუ მიაყრუებ ამ საქმეს, ხომ იცი, მკვდრების ქვეყანაში ვცხოვრობთ“. როგორ მიიღო ნიკოლაძის ეს რჩევა მეუნარგიამ, არ ვიცითო, წერს სოლომონ ცაიშვილი და იქვე შენიშნავს, ფაქტი ასეთია: გოგებაშვილის წერილის საპასუხოდ იონას არაფერი დაუბეჭდავს. არც ის არის ცნობილი, საერთოდ თუ დაწერა რამე. არქივში არაფერი ჩანს, გარდა ერთი პატარა ჩანაწერისა უბის წიგნაკში: „გოგებაშვილის ჭორები. გავჩუმდი. გოგებაშვილის აგენტები შინ მყავს, ჩემი მიშა, ჩემი ლილი და ყველა მასწავლებელი, ყველანი მისი პატრიოტნი... მე მტყუანი, ის მართალი. ნამდვილად კი ეს ასე არ არის“ (წყარო: რადიო თავისუფლება“). სოლომონ ცაიშვილის თქმით, „მიშა და ლილი მისი უსაყვარლესი შვილები იყვნენ და ვინ იცის, თუ რამდენი ასეთი საყვარელი შვილი იზრდებოდა მაშინ გოგებაშვილის „დედა-ენით“...

 

რა თქვა სინამდვილეში იონამ ილიაზე

 

იონა მეუნარგიამ, როგორც ჩანს, არ დაუჯერა ნიკო ნიკოლაძეს და თავის გასამართლებლად არაფერი დაწერა. არადა, ვინც იონა მეუნარგიას 20-გვერდიან ტექსტს („ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდამ“) წაიკითხავს, ყველა იოლად დარწმუნდება, რომ საბოდიშო და თავის გასამართლებელი არც არაფერი იყო, რომ იონა მეუნარგიას ილია ჭავჭავაძე აღწერილი ჰყავდა არა მხოლოდ როგორც გენიალური მწერალი, ერის მამა და სულიერი ლიდერი, არამედ როგორც ადამიანი თავისი ღირსებებითა და ნაკლით, როგორიც იყო „ცოცხალი ილია“. როგორი იყო ილია ყოველდღიურ, არაფორმალურ გარემოში? იონა მეუნარგია წერს: „ილია აუჩქარებელი კაცი იყო, დინჯი, მძიმე. აუჩქარებელი ხშირად ნიშნავს ზარმაცს და ეს თვისება - ზარმაცობა – ღმერთო შენ შეგცოდე და ილიას ცილისწამებად არ უნდა მიეთვალოს“ . ერთხელ ამ სიზარმაცის (აუჩქარებლობის) გამო დიმიტრი ყიფიანსაც კი უსაყვედურებია, რაზეც ილიას რუსთაველის აფორიზმით უპასუხია: „თქმულა, სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა“. ივანე მაჩაბელთან დაპირისპირების შესახებ იონა მეუნარგია ამბობს: ბევრნი გრძნობდნენ, რომ სიმართლე ვანო მაჩაბლის მხარეს იყო, მაგრამ ილიამ გაჭეჭყა ის თავისი დიალექტიკით და მოსწრებული სიტყვებით. ილია ხელმოჭერილი კაცი იყო. უცნობი ქალი ან კაცი რომ მივიდოდა მასთან, იმას სულ იმის ეშინოდა, ვაითუ, ფული მთხოვოსო. ერთხელ პლატონ იოსელიანის ცოლისგან გაგზავნილი ქალი იმის გამო არ მიიღო, რომ მთხოვნელი ეგონა. არადა, ქალს პლატონის ნაწერი მიჰქონდა გადასაცამად. 80-იანი წლების დამდეგს ილია თითქმის ყოველ საღამოს თამაშობდა. ჩვეულებრივ, მისი პარტნიორები იყვნენ გიორგი შარვაშიძე, კონსტანტინე რეიტერი, კოლა ერისთავი, დავით ავალიშვილი... იონა მეუნარგია ამბობს, რომ განსვენებული ილია ხონელისაგან გამიგონია, ილიამ მთელი ღამე თურმე ითამაშა სადღაც კლუბში და ათას ხუთასი მანეთი წააგოო... ილიას ბანკირობაზე იონა მეუნარგია წერს: „ილიას, როგორც ბანკირს, ქართულ მწერლობასა და ხელოვნებასთან კავშირი არა აქვს და ამიტომ მის მოღვაწეობაზე თბილისის საადგილმამულო ბანკში მე აქ დიდს არას ვიტყვი. პოეზია და ანგარიში, ქნარი და ჩოთქი, როგორღაც ერთმანეთთან ვერ მოდიან...“

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი