logo_geo
ვინ იყო ქალი, ვინც ლევილში ქართველთა სასაფლაოსთვის მიწის შეძენა ითავა და რის გამო ეძახდნენ მას ემიგრანტები „ადგილის დედას“
- +

16 მარტი. 2021. 19:28

 

ნამეტია ბერძენიშვილი 1891 წლის 3 მარტს გურიაში, სოფელ შუა ფარცხმაში დაიბადა. მამამისი ღარიბი გლეხი იყო. ნამეტია ოჯახში მეცხრე შვილი გახლდათ. მისი დაბადებისას წამოუძახიათ: „ნამეტანიაო“ და მეტსახელად „ნამეტია“ შერჩენია. მისი ნამდვილი სახელი კი ივლიტაა. ივლიტას მამა – ანტონ ბერძენიშვილი, დედა კი – რუსუდან ჯიბლაძე გახლდათ.

 

1918 წელს ნამეტია თბილისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თუმცა 1919 წელს გათხოვდა და მეორე კურსიდან სწავლას თავი დაანება. ნამეტია ცოლად გაჰყვა საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაურს ვალოდია გოგუაძეს.

 

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში გოგუაძის ჯავშანმატარებლები შიშის ზარს სცემდნენ ქვეყნის მტრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. მის რაზმში ირიცხებოდა ნამეტია ბერძენიშვილიც, რომელიც 1919 წლიდან, მეუღლესთან ერთად, ფაქტობრივად, ჯავშანმატარებელზე ცხოვრობდა. როცა გოგუაძე აჭარის გასათავისუფლებლად ხალხს აგროვებდა, ქართველებს მოუწოდა: სამშობლოსათვის სიკვდილზე გეპატიჟებითო. პირველი მისი მეუღლე, ნამეტია ავიდა ჯავშნოსან მატარებელში და მეუღლეს გვერდით დაუდგა. მოგვიანებით, ვალოდია მემუარებში წერდა:

 

„მე ჯავშნოსანზე მყავდა ახალი მეომარი – ჩემი მეუღლე. მე ჩემს ძმას და ნათესავებს დავავალე, ბრძოლის დროს ჩემს ცოლთან ახლოს ყოფილიყვნენ და თუ საქმე ცუდად წავიდოდა, მოეკლათ კიდეც, რათა ოსმალებს ტყვედ არ ჩავარდნოდა.“

 

ჟაკლინ ხაბულიანი თავის მოგონებებში ასე აგვიწერს ნამეტიას:

 

„ნამოს არა მხოლოდ მაყვალივით შავი თვალები (რაც იშვიათია, ხშირად მუქ ყავისფერ თვალებზეც შავიაო ამბობენ), არამედ გამჭოლი, მკაცრი და ცოცხალი მზერაც ჰქონდა. თავნება და მტკიცე ხასიათის ქალი ვალოდიასავით გურული იყო. მათი ორი მეამბოხე ხასიათი ზოგჯერ ერთმანეთს ვერ უთავსდებოდა და ხმამაღალ ჩხუბში გადაიზრდებოდა ხოლმე“.

 

საბჭოთა რუსეთთან ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი ვალოდია გოგუაძე მეგობრებმა სტამბოლში წაიყვანეს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვალოდიას მეუღლეც შეუერთდა. ისინი თურქეთში ორ წელიწადს დარჩნენ სამშობლოში დაბრუნების იმედით, მაგრამ როცა ეს იმედი გადაეწურათ, 1923 წელს პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს.

 

ქართველი ემიგრანტი ლევან ფაღავა იხსენებს:

 

„ვალოდიამ და ნამომ ხმალი ქარქაშში ჩააგეს და მათ მიწის გონიერი, მუყაითი დამუშავებით და განუწყვეტელი მძიმე შრომით შექმნეს ემიგრაციაში განთქმული ქართული ოჯახი, სადაც მეფობდა ენა ქართული, შემკული ყველა მშობლიურ დიდებულ ტრადიციებით. მათ გურულ ყაიდაზე სასიმინდეც კი ააგეს, რადგან მოჰყავდათ სიმინდი, შეიძინეს ძროხები, აკეთებდნენ ქართულ განთქმულ სულგუნებს, დადგეს სკები და ბლომათ აყენებდნენ ადესის ღვინოსაც, რადგან ეს ყურძენი ბლომათ ხარობდა მამულში”.

 

ნოე ჟორდანიას ვაჟი – რეჯებ ჟორდანია, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, იგონებს იმ წლებს, როდესაც ლევილში, ემიგრანტ და „პენსიონერ“, „დაწყნარებულ“ ვალოდია გოგუაძესა და მის მეუღლეს სტუმრობდა:

 

„გოგუაძეებმა ეს არემარე ფერმად აქციეს და ააყვავეს. ჰყავდათ ყველანაირი ფრინველი, კურდღელი, ღორები და ძროხები... რა სასიამოვნო სუნი იდგა ხოლმე გოგუაძეების დიდ ოთახში... ნახშირის უზარმაზარი ქურა მუდამ ენთო და იქ გემრიელი კერძები თუხთუხებდა... იშვიათი იყო შემთხვევა, მათ სუფრასთან ხუთი-ექვსი ან მეტი ადამიანი არ მჯდარიყო, ბავშვებს თუ არ ჩავთვლით, მუდმივად იქ რომ ვიყავით რაიმე გემრიელის მოლოდინში...“

 

ვალოდია გოგუაძემ ემიგრაციაში დაწერა „მოგონებები“, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ჯარების საფრანგეთში შესვლისას ავტორმა ხელნაწერები დაწვა. „მოგონებების“ ფრაგმენტები, რომელიც ძირითადად, 1890-1919 წლებს ასახავს, გადაარჩინა და მოგვიანებით პარიზში ქართულად გამოსცა მისმა მეუღლემ.

 

ჯავშანმატარებლის ლეგენდარული მეთაური ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ნამეტია მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც ბევრს შრომობდა თანამემამულეების საკეთილდღეოდ.

 

ჟაკლინ ხაბულიანი იგონებს:

 

„მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შატოში მცხოვრები თანამემამულენი, მისი მეგობრები, ნამოს ზრუნვის საგნად, უფრო მეტიც, მისი ცხოვრების მიზნად იქცნენ. უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა მათი მასპინძლობა და ტრადიციული ქართული სუფრის გაშლა“.

 

ნამეტია ბერძენიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ემიგრაციის წინაშე. წლების განმავლობაში ის იყო ლევილის მამულის გამგე. ქალი დიდი მომჭირნეობით განაგებდა მამულს. სწორედ, მისი ინიციატივით შეგროვდა თანხა, რომლითაც შეიძინეს მიწა და მოაწყვეს ლევილის ქართული სასაფლაო. მანამდე პარიზში და მის ახლომახლო მცხოვრები ქართველები სხვადასხვა ადგილას საფლავდებოდნენ. ემიგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრები ქართველების დასაფლავების ნებაც დართეს. ლევილში ევროპის სხვადასხვა ქალაქში დაკრძალული ქართველი ემიგრანტებიც გადაასვენეს. ასე შეიქმნა ქართველი მოღვაწეების პანთეონი ნამეტიას მონდომებით.

 

ნამეტიას ემიგრანტმა ქართველებმა „ლევილის ადგილის დედა“ უწოდეს. 1970-იანი წლების დამდეგს საფრანგეთში ქართული სათვისტომოს გამგეობამ მას საპატიო წევრის წოდება მიანიჭა. გიორგი წერეთელი ასახელებს ემიგრანტთა შორის მისდამი უსაზღვრო პატივისცემის მიზეზებს: „ა) ლევილის სასაფლაოს შეძენისათვის გამოჩენილი მისი თაოსნობა; ბ) მსოფლიოში გაფანტული და პოლიტიკურად დაშლილი ჩვენი ემიგრაციის შემკრები და შემაკავშირებელი როლის თამაში მისგან; გ) უცხოეთში დაბადებულ ახალგაზრდებში მისგან დანერგილი დედობრივი სიყვარული; დ) ლევილსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ფრანგებში მისი დიდი პოპულარობა.“

 

ნამეტია ბერძენიშვილი 1988 წელს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა და ლევილში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

 

გამოყენებული მასალების წყარო: ხაბულიანი, ჟაკლინ – „უსაქართველოდ დარჩენილი ქართველები“; ინასარიძე, კარლო – „ლევილის დედა“; „მებრძოლი საქართველო“; შარაძე, გ. – „ვალოდია გოგუაძე და ნამეტია ბერძენიშვილი“;

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი