logo_geo
უცნობი ამბები გურამ დოჩანაშვილზე
- +

22 მარტი. 2021. 13:57

 

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“... თუმცა, ხანდახან სიყვარულის დეფიციტი აჩერებს მას და „კეტავს“. დიახ, საბჭოთა კავშირში უსიყვარულობამ, უნდობლობამ და შიშმა „გააჩერა დედამიწა“. ამ დროში ერთმანეთს მშობლები და შვილები არ ენდობოდნენ, რადგან ერთმანეთს ასმენდნენ.

 

„აქ კედლებსაც ყურები ჰქონდა“...

 

ჰოდა, სწორედ საბჭოთა იდეალების გმობისთვის ბევრი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, გააკულაკეს და გააციმბირეს...

 

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე სტალინის კულტის გმობისა და „დემოკრატიული განვითარების კურსის“ აღების გამო, საქართველოში უკმაყოფილების მუხტმა იფეთქა.

 

აქცენტი სტალინის ქართველობაზე იყო გადატანილი და ამიტომ სტალინის კრიტიკა ქართველმა საზოგადოებამ ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო.

 

1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში, რომელიც საბჭოთა არმიის ნაწილებმა სისხლში ჩაახშვეს.

 

რუსთაველის პროსპექტი დაღუპულთა გვამებით რომ არ გავსებულიყო, ისინი მტკვარში გადაყარეს....

 

ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს თბილისში 150-ზე მეტი ახალგაზრდა მოკლეს და უამრავი ადამიანი დაშავდა.

 

ამ საზარელი ტრაგედიის გამოძახილი თბილისელი ახალგაზრდების, სკოლის მოსწავლეების მიერ არალეგალური გაერთიანების ჩამოყალიბება იყო.

 

ამ ორგანიზაციას „გორგასლიანი“ უწოდეს და მათ მიერ დაბეჭდილი ანტისაბჭოთა პროკლამაციები 1956 წლის 2 დეკემბერს რუსთაველსა და პლეხანოვზე, საცხოვრებელი სახლების კედლებზე გამოიკრა.

 

ამ დღეს „გორგასლიანის“ ორ წევრს – გურამ დოჩანაშვილსა და ჯონდო მეტრეველს უშიშროების თანამშრომლები თავს დაესხნენ. დოჩანაშვილი დაიჭირეს.

 

1956 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ მოსკოვში გაიგზავნა წერილი, გრიფით „სრულიად საიდუმლოდ“.

 

ადრესატი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მალიაროვი იყო.

 

თბილისიდან გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

 

„1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკმაყოფილო ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა არალეგალური ფორმირება შექმნა, რომლის მიზანი საბჭოთა წყობილების საწინააღმდეგო საქმიანობა იყო.

 

ჯგუფის წევრები ნაციონალისტურად იყვნენ განწყობილი, რუსი ეროვნების ადამიანების მიმართ აგრესია ჰქონდათ და ქუჩებში დებოშს მართავდნენ.

 

ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მძიმედ დაიჭრა ამ ჯგუფის წევრი გურამ დოჩანაშვილი. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი დაპატიმრებული არიან.

 

დაიწყო გამოძიება, რომელიც გამოავლენს ამ დაჯგუფების საქმიანობას, სრულ შემადგენლობას და დაადგენს მათ მოკავშირეებს“.

 

ზურგში დანით მიყენებული ჭრილობის გამო, გურამ დოჩანაშვილი თბილისის მეორე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში დააწვინეს (მკურნალი ექიმი იყო გვარად მესხი).

 

1957 წლის 30 იანვარს დოჩანაშვილიც დააპატიმრეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 31 იანვარს ორჯერ გაიყვანეს დაკითხვაზე.

 

იმის შიშით, რომ ეს ახალგაზრდა საპატიმროში არ მომკვდარიყო, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს „მდგომარეობის გაუარესების“ გამო.

 

სასამართლოს საჯარო სხდომა 1957 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე გაიმართა...

 

ბრალდებულებს სასამართლომ ასეთი განაჩენი გამოუტანა:

 

5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ზვიად გამსახურდიას, 4-4 წელი შეუფარდეს: მერაბ კოსტავას, ანატოლი მიქაძეს, ვლადიმერ სიხარულიძეს.

 

3-3 წელი მისცეს: თემურ მეტრეველს, თამაზ გუნჯუას, თეიმურაზ ცერცვაძეს, გურამ სხირტლაძესა და გურამ დოჩანაშვილს.

 

სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით.

 

right_banner big_banner
არქივი