logo_geo
ბუბა კუდავა: პარხალი – რესტავრაცია კვლავ უჩვენოდ...
- +

18 აპრილი. 2017. 14:33




ტაო-კლარჯეთის ქართული ეკლესია-მონასტრების რესტავრაციის საქმეში მორიგი სიახლეა:


იშხანში 2013 წელს დაწყებულ და დღემდე მიმდინარე სამუშაოებს გასული წლიდან პარხალიც შეემატა. რესტავრაცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო, ზამთრის დადგომის გამო შეჩერდა და 2017 წლის აპრილში კვლავ განახლდა.


სამწუხაროდ, როგორც იშხნის შემთხვევაში, სამუშაოებში ოფიციალურად ქართული მხარე არც ამჯერად არის ჩართული, რისი მიზეზიც საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობაა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს აღნიშნულ თემაზე ცხარე დისკუსიები და რამდენჯერმე ჩაშლილი მოლაპარაკებები. ამის შემდეგ თურქულმა მხარემ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად იზრუნოს მის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაციაზე.


ტაძარი X საუკუნეში აიგო, ბაგრატოვან მმართველთა სახელოვანი წარმომადგენლის - დავით კურაპალატის შემწეობით. მდებარეობს ისტორიულ ტაოში, პარხლის სახელითვე ცნობილ მიკროპროვინციაში, ულამაზეს ხეობაში. სოფელ პარხლის მცხოვრებლები ძირითადად გათურქებული ქართველები არიან. ენა დაკარგული აქვთ, მაგრამ მათი ნაწილი დღესაც ადასტურებს, რომ „გურჯები" არიან და ისიც ახსოვთ, რომ მათ ბავშვობაში მოხუცებს ჯერ კიდევ შეეძლოთ ქართულად საუბარი.


პარხლის ტაძარი, აგრეთვე ტაოში მდებარე ოთხთა ეკლესია, ზომით ყველაზე დიდი ბაზილიკებია ქართული არქიტექტურის ისტორიაში. ის მეჩეთად იყო გადაკეთებული და ამის გამო რეგიონის ქართულ ძეგლებთან შედარებით თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია. ცხადია, მასაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ თითქოს გაუგებარია: მაშინ, როცა ტაო-კლარჯეთში მდებარე არაერთი ტაძარი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეა, რა კრიტერიუმით შეირჩა პარხალი?


ძნელია ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხის მოძებნა, მაგრამ არ შეიძლება არ გაგახსენდეს, რომ 2004 წლიდან მოკიდებული, თურქეთის უდიდესი ქალაქის მერი - ქადირ თოფბაში სწორედ პარხლელია (სოფლის თანამედროვე სახელწოდებაა ალთიფარმაქი). ნიშანდობლივია ისიც, რომ სტამბოლის მერს სამეცნიერო ხარისხი არქიტექტურის ისტორიაში აქვს მიღებული. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მშობლიურ სოფელში ისტორიული ძეგლის რესტავრაციაც მის მიერ ყოფილიყო ინიცირებული და ხელშეწყობილი.


მიმდინარე სამუშაოებზე ზოგადი დაკვირვებისა და ადგილზე მომუშავე სპეციალისტებთან გასაუბრების საშუალება შარშან 3 ოქტომბერსა და წელს, 9 აპრილს მომეცა.


დღევანდელი მდგომარეობით, ტაძრის ოთხივე ფასადი ხარაჩოებშია. სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადების ხარაჩოებზე საფარია აკრული და თითქმის არაფერი ჩანს. სამხრეთ მხარეს საფარზე რესტავრაციის დამკვეთისა და შემსრულებლის შესახებ ინფორმაცია და ტაძრის ფოტოებია დატანილი.



Description: http://bu.com.ge/res/images/images/201704181105274.jpg


Description: http://bu.com.ge/res/images/images/201704181105243.jpg


Description: http://bu.com.ge/res/images/images/201704181105305.jpg


ტაძრის ეზო


ერთ-ერთი პირველი სამუშაო, რაც ჩატარდა, გახლავთ ის, რომ მოიხსნა მიწის ფენა ჩრდილოეთ მხარეს, სადაც საუკუნეთა განმავლობაში ფერდობიდან ჩამოტანილ მასას ფასადის ქვედა ნაწილი დაეფარა (მიწა ტექნიკით გაიტანეს და იქვე, პარხლისწყლის ნაპირას დაყარეს). შესაბამისად კიდევ უფრო „ამაღლდა" ფერდობის შემაკავებელი ძველი, მშრალი წყობით და დიდი ქვებით ნაგები კედელი.


ფასადები


ვინც პარხალში ნამყოფია, სავარაუდოდ ემახსოვრება, რომ ფასადის ცალკეული მცირე მონაკვეთები ცემენტისა თუ კირის ხსნარით იყო შელესილი. ასე ლოკალურად და არაპროფესიულად გადაუწყვეტიათ გასულ საუკუნეებში რესტავრაციის პრობლემები.


დღეისათვის სპეციალისტები კედლებს აღნიშნული შელესილობისაგან ათავისუფლებენ. გამოვლენილ ნაკლულ ადგილებს ბოლოს ახალი ქვით შეავსებენ.


ერთ ადგილას, სამხრეთი კარიდან ხელმარცხნივ, ადამიანის სიმაღლეზე, შელესილობის მოხსნის შედეგად, დღემდე უცნობი რელიეფები გამოვლინდა. ლომების ორი გამოსახულებიდან ერთი შედარებით უკეთაა შენახული, ერთი კი ძლიერაა გადაცრეცილი. ლომის რელიეფები კარგადაა მოღწეული დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე და ეს ახლადგამოვლენილი გამოსახულებები სწორედ მათი რიგისაა.


Description: http://bu.com.ge/res/images/images/201704181105171.jpg


ნაკლული ქვების აღდგენის დროს დაგეგმილია ორნამენტების გამოკვეთაც (მაგალითად, გრეხილი კანტი კარნიზზე, სარკმლის თავსართები...). როგორც განგვიმარტეს, ნაკლული ადგილების შევსებისა და რესტავრაციის პროცესში მხოლოდ კირი იქნება გამოყენებული.

Description: http://bu.com.ge/res/images/images/201704181105202.jpg


სახურავი


უწინ ტაძარს ქვის გადახურვა ჰქონდა, რომელიც დროთა განმავლობაში ალაგ-ალაგ დაზიანდა. დღეისათვის ქვის ფილები (ლორფინი) თითქმის მთლიანადაა დარჩენილი ცენტრალური ნავის სახურავზე, გვერდით ნავებზე კი - ნაწილობრივ. მაგალითად, სამხრეთი ნავის მხოლოდ ზედა მხარესაა შერჩენილი. თითქმის მთელ ზედაპირზე გვიან დასხმული ცემენტის ფენაა, რომლის ერთი მცირე მონაკვეთი რესტავრატორებს უკვე მოუხსნიათ.


ამ დროს ცენტრალური ნავის ძირში გამოჩნდა სიცარიელე, რომელიც, მიღებული ინფორმაციით, მთელ სიგრძეზე გადის. ცხადია, რომ ეს მშენებლების მიერ კონსტრუქციის შემსუბუქების მიზნით დატოვებული სიცარიელეა.


რამდენადაც შევიტყვეთ, განზრახულია ლორფინის სრულად აღდგენა.




ინტერიერი


ინტერიერშიც, მთელ სიმაღლეზე, ხარაჩოებია მოწყობილი. კონსტრუქციის აგებას მთელი თვე დასჭირვებია. მანამდე კი მოიხსნა იატაკის ხელოვნური, 1 მეტრი სიმაღლის ნაყარი ფენა (ძირითადად მიწა და ქვა). აღნიშნული მასა მეჩეთად გადაკეთებულ ეკლესიაში XX საუკუნის II ნახევარში მოხვედრილა, რის შედეგადაც იატაკის სიმაღლე ძირითადი შემოსასვლელის - დასავლეთ კარის ზღურბლისთვის გაუსწორებიათ. შესაბამისად, მოშლილა იატაკსა და საკურთხეველს შორის დონეთა სხვაობაც. ქვამიწაყრილზე კოჭები დაუდიათ და ზედ ხის იატაკი დაუგიათ. ვინც გასულ წლებში აქ მოწყობილ მეჩეთს სწვევია, ემახსოვრება ერთიანად მოსწორებული ხის იატაკი, ზედ დაფენილი ხალიჩებით.


იატაკის დადაბლების შედეგად გამოჩნდა ამაღლებული, იდეალურად შემორჩენილი, კარგად გათლილი ქვით მთლიანად მოპირკეთებული საკურთხეველი (ამაღლებული საკურთხეველი დღემდეა დაცული ხახულშიც; ახლახან უკეთ გამოჩნდა იშხანშიც; ჩანს მხოლოდ ნაწილობრივ, მაგრამ მსგავსი რამ უნდა ყოფილიყო ოთხთა ეკლესიაშიც).


ტაო-კლარჯეთის ეკლესიების უმეტესობაში საკურთხეველი და ძველი იატაკი ან მიწითაა დაფარული, ან კიდევ, მორღვეულია. პარადოქსია, მაგრამ საუკეთესოდ დაცული პარხლის საკურთხეველი (ასევე, ხახულისა) ტაძრის მეჩეთად გადაკეთების წყალობით შემოგვრჩა.


გამოჩნდა აგრეთვე საკურთხევლის წინა პირის მორთულობა - მსხვილი წნული კანტი, რომლის არსებობის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის ანგარიშიდან ვიცოდით. საინტერესოა, რომ არ ჩანს ამბიონის არანაირი კვალი, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თავის დროზე ის ხისგან იყო გაკეთებული (შდრ.: ხახულში დღემდეა შემორჩენილი ქვით ნაგები, წრიული ამბიონი).


იატაკის დადაბლების შედეგად გამოჩნდა სვეტების წრიული ბაზისებიც. რაც შეეხება საკუთრივ იატაკს, ის კირხსნარისა უნდა იყოს. მართალია ძველია, მაგრამ არა პირვანდელი. მიღებული ინფორმაციით, იშხნის ახლადაღმოჩენილი იატაკის ანალოგიით, სპეციალისტებმა აქაც ივარაუდეს მსგავსი ნიმუშის არსებობა, თუმცა აქა-იქ წარმოებული სამუშაოებისას არაფერი გამოვლენილა. რამდენადაც შევიტყვეთ, გადაწყვეტილია იატაკის ამ დონის შენარჩუნება.


ფრესკები


ზუსტად საუკუნის წინ, 1917 წელს, პარხალს ექვთიმე თაყაიშვილი ესტუმრა. მისი ექსპედიციის მასალებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკებისა და ფრესკული წარწერების შესახებაც არის ინფორმაცია. მოგვიანებით ტაძარი ერთიანად შეუღებავთ (ქვემოთ, ადამიანის სიმაღლეზე - მწვანედ და ზემოთ - თეთრად) და შესაბამისად, ყველაფერი დაუფარავთ.


როგორც შევიტყვეთ, შარშან საკურთხევლის აფსიდში რესტავრატორებს ამ ფენის ჩამოხსნა დაუწყიათ, თუმცა დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ. სარკმლის ხელმარჯვნივ გამოჩნდა ფრესკების ნაწილი, მარცხენა წირთხლზე კი - ქვაზე ნაკვეთი „ბოლნური" „გოლგოთის ჯვარი". წარწერები ჯერჯერობით არ ჩანს. მხატვრობის ნაწილის გამოვლენამ იმედი გააჩინა, რომ შესაძლოა წარწერებიც არ განადგურებულა და უახლოეს მომავალში გამოჩნდეს.


გავარკვიეთ, რომ განზრახულია გვიანდელი ნალესობისა და საღებავის სრულად მოშორება, რაც მისასალმებელია. ამის შემდეგ კი იქ, სადაც ძველი ფენა არ იქნება შერჩენილი, კედლები კირით უნდა შეილესოს. თუ ეს უკანასკნელი ინფორმაცია სწორია, მაშინ სასწრაფოდაა ზომები მისაღები, რათა თურქი კოლეგები ამ გადაწყვეტილების გაუმართლებლობაში დავარწმუნოთ.


წარწერები

Description: http://bu.com.ge/res/images/images/201704181122188.jpg


2003 წელს, სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის I ექსპედიციისას, პარხალში  ყურადღება მივაქციეთ მზით განათებულ აღმოსავლეთ ფასადს, რომლის ზემო ნაწილებზე, ბევრ ადგილას, წითელი საღებავით შესრულებული მცირე წარწერები გამოჩნდა. ეს დღემდე უცნობი წარწერები, ცხადია, ქვისმთლელებისა და მშენებლების შესრულებულია.


მას შემდეგ პარხალში ბევრჯერ ვყოფილვარ, თუმცა მათი ახლოდან ნახვისა და გადაღების საშუალება მხოლოდ კედელთან ხარაჩოს მოწყობის შემდეგ, გასული წლის ოქტომბერში მომეცა.


აღმოჩნდა, რომ ტაძრის არა მხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ ყველა მხარეს, პერანგის ქვებზე უამრავი წარწერაა შერჩენილი. მათი უმეტესობა ნუსხურითაა შესრულებული და ცხადია, ყველა მათგანი ტაძრის აგების თანადროულია.


წარწერების ამოკითხვაზე ამჟამადაც ვმუშაობ. ამჯერად სამაგალითოდ მხოლოდ ერთ ნიმუშს წარმოგიდგენთ. ეს გახლავთ ვერტიკალურად ჩასმული ქვა ოსტატის წარწერით: „ზქრა" (ზაქარია).


მომავალი


რესტავრაციის დასრულება 2018 წლისთვის იგეგმება. შარშან პროექტის ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ სამუშაოების დამთავრების შემდეგ ტაძარში კვლავ მეჩეთის აღდგენაა განზრახული. უკანასკნელი ვიზიტისას მიღებული დაუზუსტებელი ინფორმაციით კი, რესტავრაციის შემდგომ ეკლესიაში მუზეუმი განთავსდება.


ვერ გეტყვით, რომელი ცნობაა უფრო სარწმუნო, მაგრამ როგორც ისტორიული, ისე ტურისტული თვალსაზრისით, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება პარხლის რესტავრირებულ ტაძარში სწორედ მუზეუმი გაიხსნას.


დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემი დაკვირვებით და მიღებული ინფორმაციით, პარხალში დღემდე განხორციელებული სამუშაოები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, რაც ძალზე სასიამოვნოა. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე პროფესიონალურად წარიმართება სარესტავრაციო პროცესი.


დასანანი მხოლოდ ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო, გარდა იმისა, რომ კვლავ თამაშგარე მდგომარეობაშია, სრულ ინდეფერენტულობასაც იჩენს ზოგადად თემისა და კონკრეტულად პარხლის რესტავრაციის მიმართ.


Description: http://bu.com.ge/res/images/images/201704181105377.jpg



ავტორი: ბუბა კუდავა    



http://bu.com.ge


 

big_banner
არქივი