logo_geo
აქვს საქართველოს სხვა ზნე და წონა, როცა არიან ნანი და ნონა...
- +

3 მაისი. 2021. 19:17

 

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

გაცილებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, მახსოვს ერთი მოკლე ლექსი დავწერე -

 

„ აქვს საქართველოს სხვა ზნე და  წონა,

როცა არიან ნანი და ნონა.“..

 

რა ჭკვიანი  ვყოფილვარ მაშინ...

 

ქალბატონ ნანის ბავშვობიდან ვიცნობ, შემიწუხებია კიდევაც ჩემი მოსკოვში წაყვანებით... მაშინ ბავშვების და ლეკვების უფასოდ გადაყვანა შეიძლებოდა - ბილეთის მაგივრად - ჩახუტებით...

ახლა ბავშვის ბილეთი უფროსის ბილეთის ფასია... ლეკვებს კი იმდენი ცნობა ჭირდებათ, რომ მათი შეგროვებით, თავად დაავადდები... აქედან ნანის მივყავდი... იქ ტრაპთან ზურიკო მხვდებოდა, 40 გრადუსიან ყინვაშიც გაღეღილი...

 

რაც შეეხება ქალბატონ ნონას, მასთან გაცნობის და შეხვედრის ბედნიერება  კი, სამწუხაროდ,  მქონდა ძალიან ხანმოკლე... და სულ არა ჭადრაკული, რადგანაც ჩემს ოჯახში ამ შესანიშნავ სპორტის თუ ხელოვნების დარგს ყველა ფლობდა დაახლოებით ისე, როგორც ოსტაპ ბენდერი...

იმანაც კი არ მიშველა, რომ მაია ჩიბურდანიძე ჩემი კლასელი იყო)))

 

ახლა კი, წარმოიდგინეთ სოხუმის დასასვენებელი სახლის  დენდო-პარკის მე-4 კორპუსი, რომელიც ისე გემრიელად ააშენა ბანონმა ლადო ალექსი-მესხიშვილმა, რომ 24 დღის შემდეგაც სახლში დაბრუნება გიჭირდა...

 

სასადილოსა  და აუზს შორის, ვერანდაზე, მდებარეობდა  ჩოგბურთის მაგიდა...

პლაჟზე ჩასვლამდე ვთამაშობდით...

თანაც მე იმ დროს ერთ ბიჭს ვეპრანჭებოდი გამწარებული და ისეთი მონდომებით ვიღებდი ჩახვეულ ბურთებს და „ტოპკებს“, რომ ვიგებდი და ვიგებდი...

 

არა და ის ბიჭი საერთოდ ყურადღებას არ მაქცევდა,,,

და საერთოდ, რა სულელი ვიყავი, როცა მეგონა, რომ თუ ჩოგბურთს თამაშობ კარგად და ხტები ლამაზად პირსიდან, ეს რამის გარანტიას გაძლევს სასიყვარულო ფრონტზე)))

 

ამ დროს, კიბეზე ჩამოირბინა ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, საკუთარი რაკეტკით და რადგანაც მე ვიყავი გამარჯვებული, მეთამაშა...

ახლა, ობიექტურად რომ ვთქვათ, ამას თამაში არც ერქვა, რადგანაც თამაში გულისხმობს ერთგვარ დიალოგს მოთამაშეებს შორის... ქალბატონ ნონას კი, მონოლოგი მიყავდა...

„მშრალი“ ანგარიშით მომიგო...

ჩუმად გავიძურწე სახლში...

 

არავისთვის არ ვაპირებდი მოყოლას, მაგრამ საღამოს ჯემალიკო მოვიდა ნირწამხდარი და თურმე, რა მომხდარა!!!

მას, დასასვენებელი სახლის ბილიარდის მეფესა და ჩემპიონს, სტალინის სახლში განთავსებულ ბილიარდის მაგიდასთან მოუგო ისევ... ნონა გაფრინდაშვილმა./.

მაშინ მეც გავანდე ჩემი დარდი...

 

ჯემალიკოს ამბავი ხომ იცით, ყველაფერი ბოლოს ხუმრობაში უნდა გადაეტანა და ასე მითხრა...

„პინგ-პონგში ხომ წავაგეთო და ბილიარდში... ხვალ რევანშისთვის გალია გავუშვათ და ნონას ცურვაში შეეჯიბროს. აქ ნაღდად მოვიგებთო...“

 

ხოდა ორივემ უცებ წარმოვიდგინეთ ეს სურათი და დავეცით სიცილისგან...

თქვენ უბრალოდ გალიჩკას ცურვა არ იცით...

საერთოდ არ  იცოდა ცურვა. ვერტიკალურად იდგა წყალში და მეცნიერებისთვის სრულიად გაურკვეველი სტილით,  ახერხებდა ბუიოკამდე მიცურვასაც და დაბრუნებასაც)))

მართალია,  ჯემალიკო ამ დროს ნერვიულობისგან ერთ კოლოფ სიგარეტს ამთავრებდა, მაგრამ წყალში შესვლა აკრძალული ქონდა - „მშვენივრად ვცურავო“, - ასე იძახდა დედიკო...

 

ასე რომ, ქალბატონმა ნონამ ასე დაჩაგრა ჩვენი ოჯახი, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს, მომწონს და მეამაყება...

 

ამიტომაც დღეს მინდა თქვენთან ერთად მივულოცო დაბადების დღე და ვუსურვო ყოველივე კარგი !!!

მართლაც ლეგენდარული სპორტსმენი და ქალბატონია...

 

ის ყოველთვის ყველაფერში პირველი იყო და არის კიდევაც...

 

პირველი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი...

 

ქალბატონმა ნონა ჭადრაკში ქარიშხალივით შემოიჭრა... ქალთა ჭადრაკი მანამდე არნახულ სიმაღლეზე აიყვანა, აგრძნობინა და დაანახა ყველას, რომ ქალებსაც შეუძლიათ  უმაღლეს დონეზე თამაში. მაგრამ ამ დროს, არ გახდა „ფემინისტკა“ ჭადრაკში და დღემდე ვერ ათქმევინებ  - გაუტოლდა ქალთა ჭადრაკი მამაკაცთა ჭადრაკს თუ ჯერ ვერა და საერთოდ, თუ აქვს შანსები)))...

 

მისი გამოჩენისთანავე ცხადი გახდა, რომ მსოფლიოს ქალთა ჭადრაკს უნიჭიერესი მოთამაშე მოევლინა, რომლის დარიც მანამდე არავინ ყოფილა!

 

და ამ პირველობამ კი არ დააკლო რამე მის პიროვნულ თვისებებს, პირიქით, ის ყოველთვის იყო და რჩება საოცრად თბილი, მორიდებული, თავმდაბალი, სამართლიანი, პრინციპული, მიმტევებელი... ალბათ, ისეთი, როგორც ნამდვილ დედოფალს შეეფერება...

 

მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში ქალბატონი ნონას დამსახურება იმდენად დიდია, რომ 1997 წელს FIDE-მ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.

 

ქალბატონი ნონა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესი სპორტსმენად არის აღიარებული...და ყველას გვახსოვს, რა სპორტსმენები გვყავდა იმ დროს...ერთი მეორეზე უკეთესი...

 

როდესაც ქალბატონი ნონას მოგონებებს ვკითხულობ,  შინაგან სიამოვნებას ვიღებ მისი დახვეწილი იუმორისგან და საოცარი კეთლშობილებისა და კეთილმსურველობისგან..,

 

წარმოიდგინეთ, რამდენი მეტოქე და მოწინააღმდეგე ყავდა დიდ სპორტში და ერთი ცუდი სიტყვა კი არა, ნეგატიური დახასიათებაც არავის მიმართ არ წამოცდენია...

ყველაში და ყველაფერში ცდილობს დაინახოს დადებითი... ჩემი აზრით, ასეთი ~ადამიანი მართლა ბედნიერია...

 

ძალიან მიყვარს მისი ისტორიები

 

თურმე, იუგოსლავიის დაბა ვრნიაჩკა-ბანიაში, 1961 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, ნონა გაფრინდაშვილი იუგოსლაველ მოჭადრაკეს მილუნკა ლაზარევიჩს ხვდებოდა. პარტიის მსვლელობისას, როცა დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია, დარბაზში მჯდომმა ცნობილმა საჭადრაკო თეორეტიკოსმა იგორ ბონდარევსკიმ თქვა, თუ ნონამ მეფით ითამაშა, კაცებში ოსტატობის კანდიდატობა ეკუთვნისო. ნონა სწორედ ასე მოიქცა. მალე ბონდარევსკიმ კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა - ახლა თუ კიდევ მეფით ითამაშა, ეს უკვე მამაკაცებში ოსტატის დონეაო. ნონამ ზუსტად ასე ითამაშა. განცვიფრებულმა ბონდარევსკიმ - ახლა თუ კიდევ მეფით ითამაშა, ეს უკვე მამაკაცთა შორისაც უმაღლესი დონეაო. გაფრინდაშვილმა სწორედ ის სვლა გააკეთა, პარტიაც და ტურნირიც ბრწყინვალედ მოიგო, მომდევნო წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

თანაც  როგორი ჩემპიონი!!!

 

16 წელი ამშვენებდა ტახტს...

ახლა კი ვიტყვი ჩემთვის  მთავარს...

 

ძალიან ძნელია ტახტიდან ღირსეულად ჩამოსვლა...

ეს მხოლოდ განსაკუთრებით რჩეული ადამიანების ხვედრია...

ქალბატონი ნონამ ისე ლამაზად დაუთმო ტახტი სხვას, როგორი ლამაზი და დიდი პიროვნებაც არის...

 

 ის არ გაბრაზდა, არ დაიბოღმა, არ გაუფუჭა იმ ტახტს რაღაცა დეტალი, მის მერე რომ ვიღაცა შეაწუხოს...

პირიქით, თავისი იმ ტახტიდან ლამაზად ჩამობრძანების ჩემდეგ, გვერდში ამოუდგა ჩვენს ქართველ მოჭადრაკე გოგოებს და ქალბატონებს და ამითი ავიდა კიდევ უფრო მაღალ ტახტზე, რომელზეც ადგილის დასაკავებლად მხოლოდ წარმატებები არ არის საკმარისი...

 სხვანაირი გული უნდა გქონდეს და ადამიანობა...

 

ამიტომაცაა, რომ დღესაც სულ იგებს და იმარჯვებს!!!

 

მან არა მხოლოდ უარყო, განაქარწყლა  ცნობილი იტალიელი მსახიობის და საკმაოდ კარგი მოჭადრაკე, ალბერტო სორდის სიტყვები - „ჭადრაკი შეიძლება იყოს სასიამოვნო ოჯახური თამაში, მაგრამ იქამდე, სანამ მამა შვილს უგებსო“...

 

ცნობილია, რომ ქალბატონი ნონას ერთერთი სერიოზული მეტოქე იყო ალა კუშნირი...

შემდეგი მოგონება მინდა დავიწყო ქალბატონი ნონას ფრაზით, რომელმაც გული გამითბო -

 

„...ამბობდნენ, რომ ალა კუშნირი არცთუ სამართლიანი ხერხებით ცდილობდა ჩემთვის ნერვების მოშლას. ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ - მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ მე და ალა უკომპრომისო მეტოქეები ვიყავით, უსამართლობა ჩვენ შორის არ მომხდარა“.

 

ქალბატონი ნონა ყვება  -

„...1969 წელს ალა კუშნირთან მეორე მატჩი თბილისსა და მოსკოვში გაიმართა. პირველი პარტია რუსთაველის თეატრში წავაგე. ხალხთან შეხვედრა არ მინდოდა და ამიტომ, სათადარიგო გასასვლელიდან გავედი. გზაში სპორტკომიტეტის ხელმძღვანელებს გადავეყარე. არ ინერვიულოთ, მოვიგებ-მეთქი, ვცადე მათი დამშვიდება. მეორე პარტია მოვიგე, მესამე ყაიმით დასრულდა, მეოთხე კი ისევ წავაგე.

ამის შემდეგ ორდღიანი შესვენება გვქონდა, მეც ავდექი და „დინამო"-მოსკოვის „ტორპედოს" საფეხბურთო მატჩზე წავედი. კარგად ვიხალისე, განვიტვირთე, თუმცა შიგადაშიგ გულშემატკივრების ხმა მესმოდა - ჩემპიონობას აგებს და ნეტავ, აქ რას აკეთებსო.

მეორე დღეს კინო „რუსთაველში" წავედი. ვერც იქ გადავურჩი გაქილიკებას. იმ ხმებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მთავარი იყო, რომ დავისვენე, მომდევნო ორი პარტია მოვიგე და ქულით დავწინაურდი. უპირატესობა მოსკოვში გავამყარე - ერთი ქულაც არ დამითმია და საბოლოოდ 8,5:4,5 მოვიგე. ჩემპიონობა პირველად ალამ მომილოცა“

 

თავის მოგონებებში ქალბატონი ნონა იხსენებს ყველას, ვინც გვერდში ედგა, ამხნევებდა, ასწავლიდა...  სიყვარულით იგონებს ჭადრაკის კორიფეებს და საოცრად საინტერესო დახასიათებებს აძლევს... მოკლეს და ისეთს, ყველაფერი რომ გასაგები ხდება...

 

ბუმბერაზ  მოჭადრაკეთა შორის ასახელებს ბობი ფიშერს, გარი კასპაროვს, ანატოლი კარპოვს, მიხეილ ბოტვინიკს...

ქალბატონი ნონა თვლის, რომ ჭადრაკის ისტორიაში მსოფლიოს ყველა ჩემპიონს გამორჩეული ადგილი უკავია, მაგრამ გამოყოფს განსაკუთრებით ორს -  ტალს, რომელმაც ჭადრაკი უფრო სპორტული გახადა და ფიშერს. რომლის   წყალობით გაუმჯობესდა მოჭადრაკეთა კეთილდღეობა.

 

სწორედ ფიშერს ეკუთვნის სიტყვები - „მე მივაღწევ იმას, რომ ჭადრაკს არა ნაკლები პატივი სცენ, ვიდრე კრივს... რამდენსაც არ მოითხოვს მოჰამედ ალი თავის გამოსვლაში, მე მოვითხოვ მეტს“...

 

თავის კერპად კი ქალბატონი ნონა მაინც მიხეილ ტალს მიიჩნევს... ის  დიდებული პიროვნება ყოფილა...  

 

„მისი „არა" არ გამიგია. უცხო ადამიანი რომ მისულიყო და რაღაც ეთხოვა, შეუსრულებდა. მის მოსმენას ხომ არაფერი სჯობდა და ისევ ჭადრაკზე თუ ვიტყვით, ერთადერთია, ვისაც ფიშერმა გენიოსი უწოდა“.- იგონებს ქალბატონი ნონა...

 

ზუსტად გუშინ წავიკითხე ფიშერის სიტყვები - „როგორ იგებს ტალი? ის ავითარებს ყველა თავის ფიგურას ცენტრში და შემდეგ კი მსხვერპლად შეწირავს  მათ სადმე კუთხეში“

 

მე კი ერთ ლამაზ ამბავს მოგითხრობთ...

ერთხელ, წელი არ ვიცი, მაგრამ 3 მაისი რომ იყო, ნამდვილად ვიცი...

ნონა გაფრინდაშვილი ერთერთ ტურნირზე ხვდებოდა მიხეილ ტალს, რომელსაც იმ დღეს მხოლოდ გამარჯვება ჭირდებოდა, მაგრამ შემთხვევით გაიგო, რომ ქალბატონი ნონას დაბადების დღე იყო...

ამიტომ ითამაშა დაბნულობა და „ავიწყდებოდა“ საათის გადართვა, რითაც ნონას ზედმეტ დროს აძლევდა მოსაფიქრებლად...

ქალბატონმა ნონამ ითმინა, ითმინა და ბოლოს  განუცხადა- „კიდევ ერთხელ ასე გააკეთებ და  დაგნებდებიო“!

 

ერთხელ ქალბატონმა ნონამ შეკითხვაზე „რა მოგცათ ჭადრაკმა“?. შემდეგი პასუხი გასცა -

ის, რაც ჭადრაკმა მომცა, ხალხის სიყვარულია, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია“...

ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გვყავს ასეთი ქალბატონი ნონა!!!

 

ის ლექსი კი, რომლითაც წერილი დავიწყე, სხვათაშორის მთლად ასე მოკლე კი არ ყოფილა... იქ ეწერა, რომ ორი ქალბატონი საქართველოს სიამაყეა და სიმბოლო... და ბოლოს ასე მთავრდებოდა...

 

„მე ვერ გახვდები სიმბოლო - სანი...

ორიც გვეყოფა - ნონა და ნანი“)))

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ჭადრაკის მოგებული პარტიასავით სასიამოვნო დღეს!!!

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი