logo_geo
მაია კახიძე: ზუსტად 3 მაისი იყო, შეუდარებელი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე ზეციურ საქართველოს რომ შეუერთდა...
- +

ავტორი მაია კახიძე

4 მაისი. 2021. 23:50

 

ზუსტად 3 მაისი იყო, შეუდარებელი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე ზეციურ საქართველოს რომ შეუერთდა

გთავაზობთ ამონარიდს ჩემი მხატვრულ-დოკუმენტური წიგნიდან „რაც არასოდეს მითქვამს. დანარჩენს ამ ისტორიიდან შეიტყობთ.

 

„მოულოდნელი“ ბოდიში

 

თათბირზე მივიღე თუ არა დავალება, ცოტა ხანში დავურეკე კიდეც კინოსტუდიის მაშინდელ ხელმძღვანელს და შეუდარებელ რეჟისორს, ბატონ რეზო ჩხეიძეს.

არასოდეს მეუბნებოდა უარს შეხვედრაზე, რედაქციაშიც მსტუმრობდა და საერთოდ, ჩემი გაჭირვების ტალკვესი იყო ცნობილი ადამიანების პოვნაში.

როდესაც ვინმეს ტელეფონის მოძიება გამიჭირდებოდა, ვურეკავდი, თითქმის ყველას ტელეფონი ჰქონდა და მკარნახობდა. არასოდეს ეზარებოდა ჩემი დახმარება და კინოსიახლეზე საუბარი ხომ თავისთავად ეხალისებოდა. აი, ასე, ჭუკჭუკ - ჭუკჭუკით გავატარეთ უამრავი წელი.

იმ დღესვე დავურეკე - მეთქი, ხომ ვთქვი. ჰოდა, შევთანხმდით და ფოტოკორესპონდენტთან ერთად გავეშურე დიღომში. ჩვენი შეხვედრა მუდამ თბილი და ღიმილიანი იყო. უდიდეს პატივს ვცემდი ბატონ რეზოს, წიგნიერი ადამიანი გახლდათ და საინტერესო რესპონდენტიც. გულთბილი მისალმების შემდეგ ჩავრთე ჩემი მარჯვენა ხელი (ახლაც შემონახული მაქვს ის ისტორიული დიქტოფონი „გარდასულ დღეთა სახსოვრად“), ჩემი მოღლილი „პანასონიკი.“

 

ბატონი რეზოს მამა ცნობილ „37-ნი წლების“ დაპატიმრებებს შეეწირა. მაშინ ცხრა წლის იყო, მაგრამ კარგად ახსოვდა ყველაფერი, მამასთან ბოლო შეხვედრაც. გულაჩუყებულმა მიამბო თავის ოჯახის იმ მძიმე პერიოდზე. სცენარივით მიყვებოდა ყველაფერს და მეც გული ამიჩუყა.

მერე „ქართული ფილმის“ გაჭირვებაზეც ვისაუბრეთ და ამ დროს გამახსენდა, ცოტა ხნის წინ სადღაც ყური მოვკარი, კინოსტუდიის ერთ-ერთ საამქროში კუბოებს ამზადებენო. ახლა, ოღონდ რამე დამატებით შემოსავალი ჰქონოდათ რეჟისორებს და ვინ რას იტყოდა? ჰოდა, მეც ალალი გულით ვკითხე:

- ბატონო რეზო, გავიგე, მეკუბოვეებისთვის მიგიქირავებიათ რომელიღაც საამქრო და...

არ დამასრულებინა.

მინდოდა მეთქვა, ამ გაჭირვებაში (მაშინ, მართლაც საშინელი დრო იყო) თითოეულ კაპიკს რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აუუჰ, რა დაემართა, არ ვიცი. მამის ამბების თხრობის ბრალი იყო, ლავრენტი ბერიაზე გაგულისდა თუ რა მოხდა იმ ერთ წამში, ვერ მივხვდი. რომ წამომიფრინდა მაგიდის იქიდან, ქარაშოტივით გადამიარა.

მისი კაბინეტი საკმაოდ დიდი ფართის იყო და დამდევს, მეგონა მომკლავდა. ილანძღება, ისვრის რაღაცეებს მაგიდიდან (კიდევ კარგი ჩემი „პანასონიკი“ გადაურჩა), შეშინებული ჩანდა ფოტოკორესპონდენტიც. მერეღა მივხვდი, რას დავრბივარ ამოდენა ოთახში, აგერ კარი და...

ერთი კი მივაძახე:

- რეზო არ იყოთ, ჩხეიძე და მე ვიცი, რასაც ვიზამდი!.. განერვიულებულმა, ლამის მდივანი ქალბატონი გადავაყირავე.

ნაწყენი და არეული წამოვედი, გასუსული მომყვება ზურაბ დათუაშვილიც. ცოტა დავმშვიდდი და ზურაბს ვთხოვე, ხმა არ ამოეღო მომხდარზე. ინტერვიუ თვალზე ცრემლმომდგარმა დავწერე. მის დახვრეტილ მამას რას ვერჩოდი? მივიტანე რედაქციაში მასალა და ორშაბათის ნომერში დაიბეჭდა კიდეც.

იმავე საღამოს, შინ დაბრუნებულს მეუღლემ გამომძახა, ტელეფონზე გთხოვენო. ავიღე ყურმილი და... ღმერთო ჩემო, ბატონის რეზოს ხმა რომ გავიგე, ლამის ჩავიკეცე (სხვათა შორის, ტელეფონის ახალი ნომერი მქონდა და არ იცოდა, მაგრამ ესეც გაეგო):

- მოდი, შევრიგდეთ. კუბოებზე გადავირიე, თანამშრომელი იყო გაჭირვებული, ხელფასს ვერ ვაძლევდით, იმას დავეხმარეთ და იმან გადამრია, შენ საიდან გაიგე ან ამ ხალხს რა ალაპარაკებდა. მაპატიე, სწორედ რეზო რომ ვარ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი შენთან. თუ არ შემირიგდები, რედაქციაშიც მოვალ და ბოდიშს მოგიხდი.

ვერაფერი ვუთხარი. ავტირდი მხოლოდ.

ორიოდე დღის მერე, მართლა მოვიდა გამომცემლობაში. ჩამეხუტა და მითხრა:

- რაც მამაჩემზე დაწერე, ამისთვის დიდი მადლობა.

- რა გეგონათ, მოსაკლავად რომ დამდევდით, იმაზე დავწერდი?

- მართლა ასე ვფიქრობდი. მე ცოტა ადამიანისთვის მაქვს ბოდიში მოხდილი და კიდევ ერთხელ გთხოვ პატიებას...

გული ამიჩუყდა. შემამჩნია და ჩამეხუტა:

- საიუბილეოდ ვემზადები და ამაზე რომ არ გვისაუბრია?- გამაღიმა მაინც.

ეს ფოტო გამორჩეულად მიყვარს, სწორედ იმ დღეს გადავიღეთ რედაქციაში „შერიგებულებმა.“

პ.ს. საკონცერტო დარბაზში, საიუბილეო საღამოზე კი მართლა დამპატიჟა, ხუთი მოსაწვევი გამომიგზავნა. რა თქმა უნდა, იმ „ბოდიშის“ მერეც, ბატონი რეზო ჩემს უფროს მეგობრად დარჩა.

 

მაიკო კახიძე

big_banner
არქივი