logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ერთი მოგონება ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდად დარჩენილი უკეთილშობილესი მუშაკისა თამარ ღარიბოვასი
- +

5 მაისი. 2021. 19:16

 

 

ერთი მოგონება ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდად დარჩენილი უკეთილშობილესი მუშაკისა: ახლადდანიშნული ვარ ფონდების ხელმძღვანელად. ოთახიც მომცეს. სამეცნიერო დარბაზის უკან დავბინავდი. ამ დარბაზში ერთი ღვაწლმოსილი ქალბატონი მუშაობდა - თამარ ღარიბოვა. მკითხველებზე გადაყოლილი იყო. იცოდა, ვინ რა თემაზე მუშაობდა. ჩემს ოთახში შესვლა ყველაზე მოკლე გზით ამ დარბაზის გადაკვეთით შეიძლებოდა. ქალბატონი თამარი კი მიმანიშნებდა კორიდორისკენ. მკითხველი არ უნდოდა, შემეწუხებინა. ერთხელაც გადავწყვიტე, კვლავ დარბაზზე გამეარა. შევედი და ქალბატონი თამარი არაა იმ დღეს. დავიძარი და შუა დარბაზში ულამაზესი ქალბატონი ზის წითელ კაბაში, სავსე მკერდით, ხელშიც წითელი წიგნი უჭირავს. სულო ცოდვილო, ახლოს გავუარე ამ მკითხველს და წიგნს ჩავხედე: „კრასნაია კნიგა სსსრ“. შევედი ოთახში. მეორე დღეს შემოდის ქალბატონი თამარი და მეუბნება: გუშინ მკითხველს წიგნი გამოუწერია და დაუბრუნებია, არ უთქვამს, რომ შემინახეთო. მე არ ვიყავი და დაუბრუნებიათ საცავში. დღეს მობრძანდა და იგივე მოითხოვა, ვუთხარი, რომ დაბრუნდა საცავში. სათაური არ იცის, არც ავტორი. მცენარეებზე იყო. ეს არის და ეს. ქვითრებიც სადღაც გაქრა. ტვინს მიხვრიტავს. იქნებ, როგორ უჭირს, ახლა საცავში ნერვებს მომიშლიან, რას გადაყევი ამ მკითხველებსო.  იქნებ ჩალაგებული არ იყოს ფონდში. შენ სთხოვეო. დავრეკე საცავში, თაროებზეა განლაგებული, ბატონო ლევანო! ასეთი იყო პასუხი. ვუთხარი ქალბატონ თამარს, არ ესიამოვნა. ცოტა ხანში იხსნება კარი და გუშინდელი წითელკაბიანი ქალბატონი აღშფოთებული შემოდის ჩემს ოთახში: რუსული აქცენტით ქართულად მეუბნება: ბატონო ხელმძღვანელო, აქ ყოვლად ტუპიე ლიუდი რაბოტაიუტ, მე ციგნი წავიკითკე, მეორე დგეს აგარ არის. დაიკარგა. ეტო ნევინოსიმო. დაბრძანდით-მეთქი. შემოდის აღშფოთებული ქალბატონი თამარი, ეუბნება მკითხველს: სათაურს ვერ იხსენებთ, ავტორი არ იცით, გვითხარით რაიმე მონაცემი წიგნისა და გიპოვნითო. წითელი იყოო. ფერით როგორ გიპოვნოო, სულ გაგიჟდა ქალბატონი თამარი.

 

დაბრძანდით-მეთქი, ისიც დაჯდა. აქ იყავით-მეთქი. გავედი, „კრასნაია კნიგა სსსრ“ ამოვწერე კატალოგიდან, რახან მცენარეებზე იყო, მეორე ტომი, მეოთხე ფორმატის იყო და ამოწერილი ნომრით შევედი ოთახში. ეს გამოწერეთ-მეთქი. სანამ წიგნი ჩამოვიდოდა, ქალბატონი თამარი გაკვირვებული მიყურებდა. ალბათ ფიქრობდა, მე გავგიჟდი. კი მაგრამ... იტყოდა და გაჩუმდებოდა. კი მაგრამ... კვლავ ჩუმდებოდა. წიგნი რომ ჩამოიტანეს, ქალმა შეჰყვირა: ესააო. ახლაც მახსოვს ქალბატონი თამარის სახე, გაოცებული იყო... ეგონა, რომ მე ყოვლისშემძლე ფიქრთამეტყველი ვიყავი. საღამოს შემოვიდა პერიოდსაცავის გამგე ქალბატონი შუქურა ჩემთან და მეუბნება: თამარ ღარიბოვა შენ არაბუნებრივი შესაძლებლობის ადამიანად გთვლისო, მკითხველმა წიგნის ზომა და ყდის ფერი უთხრა და წიგნი უპოვაო. ავუხსენი ქალბატონ შუქურას, რითიც მიიპყრო ყურადღება ამ ქალმა. რამდენიმე დღის შემდეგ შემხვდა კორიდორში ქალბატონი თამარი: შენ ჩემს მკითხველებს უკურკურებო... არ დაგინახო დარბაზში შემოსულიო, ხუმრობით მითხრა.

 

ის ქალბატონი წლების განმავლობაში დიდის ამბით მესალმებოდა. ალბათ, დიდ პროფესიონალად მთვლიდა.

 

მას შემდეგ წლები გავიდა. ერთ დღეს მეუბნება: 30 წელს გადააცილე, ცოლი არ მოგყავსო?

 

ქალბატონო თამარ! ერთი კითხვა მაქვს-მეთქი: ნათესავის ცოლად მოყვანაზე რას ფიქრობთ-მეთქი? რა სისულელეს ამბობო, მეზობელ ქალს ამ მხრივ არ უნდა შეხედო-მეთქი, კიო, თანამშრომელსაც-მეთქი? დიახ! აბა მათ გარდა ვერავის ვხედავ, ერთი მკითხველი დარჩა, ამასაც მიკრძალავთ-მეთქი. აუვარდა სიცილი.

 

პენსიაზე გასვლის შემდეგ აღარ მოსულა. სიმსივნით დაავადდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დილას დამირეკა: ვკვდებიო. ფერიდემ მითხრა: გირჩევ, არ ნახოო. ვერ გიცნობს და შენც ვერ გაუძლებ საშინელ მის ყოფასო.

 

მე არ მინახავს მისნაირი მკითხველზე შეყვარებული ბიბლიოთეკარი. შარფმოხვეული ქალბატონი თამარის სილუეტი არაერთხელ წარმომიდგა ბარათული კატალოგების დერეფანში წამიერად მისი გარდაცვალების შემდეგ. ხსენება იყოს მისი...

 

 

big_banner
არქივი