logo_geo
შვიდმაისობა - დღე, როდესაც თბილისი აივნებიან ქალაქად გადაიქცეოდა
- +

7 მაისი. 2021. 17:45

 

 

„შვიდ მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო.

შვიდ მაისის წვიმაო, თავზე დამედინაო.

შვიდ-შვიდი ნაწნავი თავზე დამეფინაო“.

 

 

შვიდმაისობა

 

ვიდრე თბილისი აივნებიან ქალაქად გადაიქცეოდა, მისი არქიტექტურა გამოირჩეოდა ბანიანი სახლებით. საოჯახო საქმეებისგან თავისუფალ დროს აქ იკრიბებოდნენ თბილისელი ქალები.  საუბრობდნენ, ერთობოდნენ...

 

 როგორც კარაპეტ გრიგორიანცი თავის წიგნში - „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“ - წერს:

 

„სახლების ბანები ისეთი სუფთა და დატკეპნილი იყო, რომ ცემენტი გეგონებოდათ, რადგანაც მუდმივათ ზედ რგვალ ქვას აგორავებდნენ და მიწას ამაგრებდნენ. საღამოობით ბანებზე ხალიჩებს გაშლიდნენ და იქ მღერა-ცეკვაში დროს ატარებდნენ“.

 

თბილისურ ბანს უკავშირდება ერთი მივიწყებული ტრადიცია. ყოველი წლის 7 მაისს ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე.

 

მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცას შეჰყურებდნენ. საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! 

 

ამ წვიმით თმას ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმაში შეეშროთ… არავინ იცის, კონკრეტულად საიდან იღებს სათავეს აღნიშნული ტრადიცია და რატომ აირჩია ქალაქის მოსახლეობამ მაინცდამაინც 7 მაისი. გაზაფხულის ბოლო თვეს ამ რიტუალით წვიმის გამოწვევა სურდათ, რათა ცხელი ზაფხული აეცილებინათ ქალაქისთვის. ტრადიცია  ბანებიან ქალაქში დაიბადა, გაუძლო თბილისის იერსახის ცვლას და აივნებიან ქალაქშიც განაგრძო არსებობა. თუმცა თბილისური ბანიანი სახლების მსგავსად ისიც  დავიწყებას მიეცა და დარჩა მხოლოდ ლეგენდად.

 

 

big_banner
არქივი