logo_geo
„დაწვით ჩემი გვამი და მიმოაყარეთ სიმონის საფლავს“ - სიმონ ჩიქოვანის და მარიკა ელიავას სიყვარულის ამბავი
- +

12 მაისი. 2021. 13:04

 

 

მარიკა ელიავასა და სიმონ ჩიქოვანის სიყვარულის ამბავი დღეს ალბათ ბევრმა არ იცის… სიმონ ჩიქოვანი – პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი, იქნებ გსმენიათ კიდეც მისი სახელი… მარიკა ელიავა – მისი უმშვენიერესი მეუღლე და მუზა ცნობილი მენშევიკის ნიკო ელიავას ქალიშვილი იყო. ნიკო გახლდათ ქალაქის პირველი ქართველი მერი. მენშევიკების დროს ოჯახი ემიგრაციაში წავიდა ჯერ სტამბოლში, შემდეგ - გერმანიაში, თუმცა, ძალიან გაუჭირდათ და საქართველოში დაბრუნდნენ.

 

მათი სიყვარული 20-იან წლებში დაწყებულა. სიმონს რუსთაველის პროსპექტზე უნახავს მარიკა და მაშინვე უთქვამს: „ამ გოგოს შევირთავო ცოლად…“ იმ დღიდან 7 წელი დასდევდა სიმონი მარიკას და სიკვდილამდე ის იყო მისი პოეზიის მუზა.

 

მათი სიყვარულით სავსე ცხოვრება კი მძიმე წლებმა შეცვალა… სიმონი დაბრმავდა, მარიკას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს… ცხოვრება ცივი, მიუსაფარი ღამეების მწკრივად იქცა და მხოლოდ სიყვარული უხანგრძლივებდათ სიცოცხლეს: „ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, სინამდვილეა, არ გეგონოთ არვის იგავი“… მარიკა მეუღლის აჩრდილად იქცა. ამბობენ, რომ სწორედ ის იწერდა თვალისჩინდაკარგული სიმონ ჩიქოვანის ბოლო პერიოდის ყველა ლექსსა თუ პოემას, რათა მისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა. მარიკას ოპერაცია ლენინგრადში გაუკეთეს. მალე მეტასტაზები ხერხემალს მოედო და გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო. ნერვიულობის ნიადაგზე დიაბეტით დაავადებულმა სიმონმა მხედველობა სრულიად დაკარგა. მარიკამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა – ის ხომ საყვარელ ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

 

სიმონ ჩიქოვანი 1966 წელს გარდაიცვალა. მარიკამ კიდევ ორი წელი იცოცხლა და თითქოს იცოცხლა იმისთვის, რომ უკანასკნელი მისია აღესრულებინა – მისი ლექსების ორი ტომი, თხზულებათა კრებული გამოეცა…

 

სიკვდილის წინ კი დაიბარა: „მე სიმონის გარეშე არაფერი ვიყავი, დაწვით ჩემი გვამი და მიმოაყარეთ სიმონის საფლავს. არ არის საჭირო საფლავის ქვა და თარიღი“… ანდერძი აუსრულეს – 1968 წელს, მამადავითზე, სიმონ ჩიქოვანის საფლავს მარიკას დამწვარი სხეულის ფერფლი მიმოაბნიეს. დღეს მთაწმინდის პანთეონში მისულმა ბევრმა სტუმარმა ალბათ არც კი იცის, რომ ქალი, რომელმაც საკუთარი თავი უსაფლავობისთვის „გაიმეტა“, სიყვარულის უკვდავ ძეგლად იქცა…

 

big_banner
არქივი