logo_geo
დაქცეულ ქვეყანაში ნაშოვნი მილიონები - რა ქონების პატრონია ასლან აბაშიძე
- +

18 მაისი. 2021. 16:53

 

 

აბაშიძეები ოფიციალური მილიონერები არიან. მათი ქონება, როგორც თავად აფასებენ, 1 350 000 ლარს შეადგენს. საინტერესოა, თხუთმეტიოდე წლის წინათ რომ დასჭირვებოდა ასლან აბაშიძეს დეკლარაციის შევსება, რა თანხას მიუთითებდა. საოცარია, ქვეყნის დაქცევის პერიოდში, როგორ იშოვეს მილიონები იმ პირებმა, რომელთა ხელფასი პურის ფულადაც კი არ ეყოფა საშუალო ოჯახს?

 

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, მდებარე სამოთახიანი სახლის მესაკუთრეები არიან ასლან აბაშიძე და მაგული გოგიტიძე. სახლის საბაზრო ღირებულება 300.000 ლარია. ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურში აბაშიძის საკუთრებაში არსებული სააგარაკე სახლი (1600 კვ.მ) და საკარმიდამო მიწა (1800 კვ.მ) 1.000.000 ლარად არის შეფასებული. ხელვაჩაურის რაიონშივე, მწვანე კონცხზე, აბაშიძის კუთვნილი 0,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 60.000 ლარია. აჭარის ლიდერს დედაქალაქში, ზაქარიაძის ქუჩაზე, ოთხოთახიანი ბინა აქვს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 30.000 ლარია. გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების დღეს, ე.ი. 1999 წლის 15 დეკემბერს, ასლან აბაშიძე, მაგული გოგიტიძე და გიორგი აბაშიძე 60.000 ლარის მესაკუთრეები იყვნენ.

 

ეს არის და ეს – როგორც ხედავთ, ასლან აბაშიძემ მოვალეობა მოიხადა და დეკლარაცია ამიტომაც შეავსო, თორემ, როგორც ამბობენ, აჭარაში აბაშიძეების კლანის ნებართვის გარეშე არც ერთი საქმე არ კეთდება, ჯიხურსაც ვერ დადგამ, თუ დიდ ასლანს არ შეუთანხმე. ჰოდა, შესაბამისად, ალბათ, შემოსავლების „შავი“ ნაწილიც სწორედ მისი ჯიბისკენ მიედინება. თორემ, აბა, როგორ უნდა იყიდოს და შეინახოს რამდენიმე ასეული წმინდა სისხლის ცხენი, ძაღლი და თხა, რითაც ბათუმის ნებისმიერ სტუმართან თავს იწონებს. ანდა, სად მიდის სარფის საბაჟოდან შემოსული კონტრაბანდისა და უკანონო ტვირთების წილი? ეს ისე, სხვათა შორის, თორემ აბაშიძის დეკლარაციას ვინ შეამოწმებს? ანდა, ვის აქვს იმის თავი, აჭარის ლომს ნაშოვნი ქონება და „შავი“ შემოსავლები დაუთვალოს?

 

ამ მასალის მომზადებიდან დაახლოებით ნახევარ წელიწადში აჭარაში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა და „აჭარის ლომი“ რუსეთში გაიქცა, საიდანაც ამ დრომდე აღარ დაბრუნებულა...

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი