logo_geo
„იმ ტყვიის წუილს, რომელიც მოგხვდება, ვერ გაიგონებ“ – გიორგი კვინიტაძე, პირველი რესპუბლიკის ჯარების უკანასკნელი მთავარსარდალი
- +

19 მაისი. 2021. 15:47

 

 

„იმ ტყვიის წუილს, რომელიც მოგხვდება, ვერ გაიგონებ“.

 

„არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერების და განვითარების ხარისხს“.

 

„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა…“

 

ეს სიტყვები გენერალ გიორგი კვინიტაძეს ეკუთვნის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების ემიგრაციაში გარდაცვლილ მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, რომლის ნეშტსაც საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, რომ იგი წარმოშობით ჩიქოვანთა გვარიდან იყო. ბაბუამისი სიმონ ჩიქოვანი რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ თურქეთში გაჰყვა სოლომონ მეფეს, შვილი – ივანე კი, საქართველოში, ციციშვილების ოჯახში დატოვა. 14 წლის ასაკში ივანემ გვარი კვინიტაძედ გადაიკეთა და 1839 წელს დაღესტნის მილიციაში ჩაეწერა. თავისი სამხედრო კარიერის მანძილზე მონაწილეობდა 18 ლაშქრობაში, იბრძოდა კავკასიის მთებში, შუა აზიაში, თურქებთან, იყო დაჭრილი.

 

1874 წელს დაღესტანში ივანე კვინიტაძესა და პელაგია სულაძეს შეეძინათ ვაჟი – გიორგი. ბუნებრივია, რომ პროფესიონალი სამხედროს ოჯახში აღზრდილი თავადაც მამის კვალს გაჰყვა და ათი წლის ასაკში თბილისის კადეტთა კორპუსში შევიდა, შემდეგ პეტერბურგში დაამთავრა კონსტანტინეს ქვეითთა სასწავლებელი.

 

გიორგი კვინიტაძე იგონებდა მასსა და იმ გლეხს შორის გამართულ საუბარს, რომელიც სამხედრო სასწავლებლიდან შვებულებით მშობლიურ სოფელში დაბრუნებულს გზაში წამოეწია. მაშინ გიორგი 15 წლისა იყო.

 

„– სალდათი ხარ? – მეკითხება გლეხი.

 

– არა, სალდათი არა ვარ, – ვუპასუხე მე.

 

– მაშ, რად გაკვრია პაგონები?

 

– სამხედრო სკოლის მოწაფე ვარ.

 

– როცა სკოლას გაათავებ, სალდათი იქნები?

 

– არა, გადამიყვანენ რუსეთში და იქ კიდევ ორი წელი მასწავლიან. თუ კარგად ვისწავლე, ოფიცერი გავხდები, მერე – გენერალი…

 

– მაშ, კარგად ისწავლე და გახდი გენერალი!

 

– მერე შენ რა, გავხდები თუ არა გენერალი?!

 

– როგორ თუ რა? გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს“.

 

1894 წლიდან გიორგი კვინიტაძე ოფიცრის ჩინით მსახურობდა ვლადიკავკაზის 153-ე პოლკში, შემდეგ – პოლონეთის სამეფოში. 1904 წელს, რუსეთ–იაპონიის ომის დროს გიორგი კვინიტაძე მისი სურვილისამებრ გაგზავნეს შორეულ აღმოსავლეთში, სადაც მიიღო საბრძოლო ნათლობა და პირველი ჯილდოები. 1907-09 წლებში სწავლობდა პეტერბურგის გენშტაბის აკადემიაში. 1910 წელს მაიორის წოდებით გაგზავნეს ვარშავაში, თუმცა მალევე კავკასიაში გადმოიყვანეს.

 

I მსოფლიო ომის დროს პოლკოვნიკი კვინიტაძე კავკასიის ფრონტზე მე-4 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი გახლდათ. 1916 წელს პოლკოვნიკის წოდება მიიღო. ამავე წელს არზრუმის აღებისათვის  დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით, შემდეგ კი, ოქროს იარაღით.

 

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გიორგი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა და  ქართული სამხედრო ნაწილების შესაქმნელად დაიწყო მუშაობა. რუსეთის არმიაში ხანგრძლივი მოღვაწეობის გამო,  ქართული დავიწყებული ჰქონდა, ამიტომ საქართველოში დაბრუნებისთანავე ენის სწავლას შეუდგა თედო სახოკიასთან. იგი ახლად შექმნილ ქართველ სამხედროთა კავშირის კომიტეტში აირჩიეს. 1918 წლის 11 იანვარს კავკასიის ფრონტის გენერალ–კვარტირმეისტერის თანაშემწის ადგილზე დანიშნეს. ამავე წლის აპრილში ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის, გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით, გიორგი კვინიტაძე საქართველოს რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და სამხედრო მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა.

 

1918 წლის ივნისის ბოლოს გენერალი სამხედრო მინისტრის თანაშემწისაა და მთავარსარდლის თანამდებობებიდან გადადგა. მმართველ სოციალ–დემოკრატიულ პარტიასთან სერიოზული უთანხმოების გამო, მას ხშირად უწევდა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომა. მიუხედავად ამისა, იგი ყოველთვის იქ იყო, სადაც კრიტიკულ მომენტში ქვეყანას სჭირდებოდა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობა უხმობდა. გადამდგარი გენერალი თანამშრომლობდა ქართულ სამხედრო გაზეთთან და სტატიებს აქვეყნებდა. არჩეული იყო სამხედრო ცოდნის მოყვარულთა ქართული საზოგადოების თავმჯდომარედ.

 

1918 წლის დეკემბერში დაიწყო საქართველო-სომხეთის ომი. გიორგი კვინიტაძე მოხალისედ წავიდა, რათა ოფიცერთა პოლკში რიგით მებრძოლად ჩაწერილიყო, თუმცა იგი ქართული ჯარების უფროსის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბის უფროსად დანიშნეს. გადამწყვეტ ბრძოლაში შულავერთან სომხები დამარცხდნენ, 29 დეკემბერს ქართული ნაწილები შულავერში შევიდნენ, ხელთ იგდეს მოწინააღმდეგის არტილერია, ტყვეები და სამხედრო საწყობები. უკანდახეული სომხების დევნა მხოლოდ ანტანტის შუამავალთა ჩარევით შეწყდა. სომხებთან ომის შემდეგ გიორგი კვინიტაძე კვლავ გადადგა. 1919 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის, გრიგოლ გიორგაძის თხოვნით, დაიწყო საქართველო–სომხეთის ომის ისტორიის შედგენა, მაგრამ თებერვლის შუა რიცხვებში მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას პირადი თხოვნით, გაემგზავრა ახალციხის ფრონტზე და სარდლად დაინიშნა ე.წ. „სამხრეთ–დასავლეთ კავკასიის მთავრობასთან“ ომში. 19 აპრილს მან საბოლოოდ დაამარცხა სერვერ–ბეგ ათაბაგის რაზმები, არტაანში შევიდა და ქართული პროვინციების შემოერთებით დაასრულა ორთვიანი ეპოპეა.

 

1919 წელს, მთავრობის დავალებით, გიორგი კვინიტაძე იწყებს პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლის ჩამოყალიბებას, რომლის უფროსადაც აგვისტოში ინიშნება. მან მთელი თავისი გამოცდილება და ცოდნა მოახმარა იუნკერთა სასწავლებლის შექმნას. 1920 წლის აპრილში გენერლის ინიციატივითა და მისივე პროექტით, იქმნება სახელმწიფო თავდაცვის საბჭო, რომელსაც რესპუბლიკის სამხედრო რესურსები უნდა მოემზადებინა მოსალოდნელი ომისათვის.

 

1920 წლის მაისში მე-11 არმია წითელ ხიდზე გადმოვიდა და დაიწყო რუსეთ–საქართველოს 1920 წლის ომი. ქართული ჯარების მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა. მან სასტიკად დაამარცხა რუსები, გადარეკა ისინი წითელ ხიდს იქით, დაითანხმა მთავრობა შეტევის გაგრძელებაზე და 18 მაისს სამხედრო მინისტრ გიორგი ლორთქიფანიძესთან ერთად გაემგზავრა ფრონტზე. მაგრამ, მეორე დღესვე მოვიდა ბრძანება – შეეჩერებინათ სამხედრო მოქმედებები, რითაც ხელიდან იქნა გაშვებული მტრის დამარცხებისა და ამიერკავკასიის ბოლშევიკთაგან გაწმენდის ხელსაყრელი მომენტი.

 

1920 წლის ივნისში მოხდა ოსების აჯანყება. მათ დაამარცხეს მთავრობის მცირე რაზმი და ცხინვალი დაიკავეს. გიორგი კვინიტაძის აქტიური საომარი მოქმედებით, ქართველებმა იოლად აიღეს ცხინვალი და 21 ივნისს როკის უღელტეხილი დაიკავეს. 1920 წლის ივლისში ინგლისმა თავისი ჯარები გაიყვანა ბათუმის ოლქიდან. 7 ივლისს, გიორგი კვინიტაძის სარდლობით, ქართული ნაწილები შევიდნენ ბათუმის ოლქში. 1920 წელს ლაგოდეხში აჯანყდნენ ბოლშევიკების მიერ გაბრიყვებული ჯარის ნაწილები. გიორგი კვინიტაძის მიერ ეს ბუნტი უსისხლოდ იქნა ლიკვიდირებული.

 

1920 წლის შემოდგომაზე გიორგი კვინიტაძე გადადგა მთავარსარდლისა და სამხედრო სკოლის უფროსის თანამდებობიდან, თუმცა დარჩა სკოლაში ტაქტიკის და სამხედრო ისტორიის მასწავლებლად. გამოსაშვებ საღამოზე მას იუნკერებმა ოქროთი მოჭედილი ხანჯალი მიართვეს.

 

1921 წლის თებერვალში მე-11 არმია მოულოდნელად დაესხა თავს საზღვართან განლაგებულ ქართულ ნაწილებს. 16 თებერვალს გიორგი კვინიტაძე ქართული არმიის მთავარსარდლად დაინიშნა. მან სასწრაფოდ გამოიხმო საზღვრიდან გადარჩენილი ნაწილები, მას სარეზერვო ქვედანაყოფები და იუნკერთა სკოლის კურსანტები დაუმატა და თბილისის დაცვის მოწყობას შეუდგა. დაცვა იმდენად ეფექტურად იყო ორგანიზებული, რიცხვით სამჯერ მეტმა მტერმა ქართველების თავდაცვითი ხაზის გარღვევა გააფთრებული ბრძოლების შედეგადაც ვერ შეძლო. 23-24 თებერვალს ბოლშევიკებმა შეტევა გააძლიერეს და თბილისი ალყაში მოქცევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ქართული ჯარის სიმცირემ, მოწინააღმდეგის დიდმა  რიცხობრივმა უპირატესობამ, რეზერვების უქონლობამ მთავარსარდალი აიძულა, დაეცალა თბილისი.

 

1921 წლიდან გიორგი კვინიტაძე მეუღლესთან, მარიამ მაყაშვილთან (1889-1960 წწ.), მცირეწლოვან შვილებთან (ივდითი, თამარი და ნინო) და ბავშვების ძიძასთან, თელაველ ბაბალე მრელაშვილთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ჯერ კონსტანტინოპოლში, 1922 წლიდან კი, საფრანგეთში, შატუში. პირველი ოთხი თვე საქართველოს ყოფილი მთავრობისგან სუბსიდიას იღებდა. დახმარების შეწყვეტის შემდეგ, ერთხანს პატეს გრამფირფიტების ქარხნის მუშა იყო. მისი მწირი ხელფასი ოჯახს არ ჰყოფნიდა და 1923 წლის ზაფხულში, ოჯახის შემოსავლის გაზრდის მიზნით, ძიძის დახმარებით, მაწვნის მომზადება და გაყიდვა დაიწყო, რის შემდეგაც ოჯახმა სული მოითქვა. 1927 წლის იანვარში მუცლის ტიფით დაავადდა და ამ დროს მას ვახტანგ ღამბაშიძე მკურნალობდა.

 

გიორგი კვინიტაძეს არც უცხოეთში შეუწყვეტია აქტიური მოღვაწეობა, სხვადასხვა გამომცემლობაში აქვეყნებდა სტატიებს და მოგონებებს. 1922 წელს დაწერა „მოგონებები“, რომელიც 1961 წელს შეავსო და მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა.

 

გიორგი კვინიტაძე იყო 1950-იან წლებში დაარსებული რამდენიმე ანტისაბჭოთა ორგანიზაციის საპატიო წევრი, კერძოდ: „პარიზის ბლოკის“, „ქართველთა დემოკრატიული კავშირის“, „ქართველ მხედართა დარაზმულობის“.

 

უცხოეთში გადახვეწილი გენერალი 1970 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა პარიზთან ახლოს, შატუში. იგი მეუღლის გვერდით დაასაფლავეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი