logo_geo
როინ მეტრეველი: იმედი მაქვს, მაპატიებს ბატონი ტარიელი ამ წერილის გამოქვეყნებას...
- +

24 მაისი. 2021. 18:30

 

 

ორმოცი დღის წინ ამქვეყნიდან ღვთიურ საუფლოში გარდასულთ კიდევ ერთი ღირსეული მამულიშვილი შეემატა. უდროოდ გამოაკლდა ქართული საზოგადოების რიგებს სიკეთითა და ადამიანური სითბოთი სავსე ირაკლი ჭანტურია. იგი  სამოცი წლისა იყო... ღირსეული ოჯახი (მეუღლე, შვილები) ჰყავდა და სასიკეთო ნათელი მიზნებიც ჰქონდა. ირაკლის გარდაცვალება ალალი ცრემლით დაიტირა ქართულმა საზოგადოებამ, ნაცნობ-მეგობრებმა. ცხადია, ეს უმძიმესი ტრაგედია იყო მისი მამისათვის (დედა ადრე გარდაიცვალა). იგი ჩვენი სახელოვანი პოეტის ტარიელ ჭანტურიას შვილი გახლდათ. არ მინდა, მკითხველი დავამძიმო ქართველი ღირსეული ვაჟკაცის გარდა­ცვალებით გამო­წვეული მწუხარების სიტყვებით. მინდა ირაკლისთან დაკავშირებით ერთი ამბავი გავი­ხსენო. შესანიშნავ პოეტთან ტარიელ ჭანტურიასთან ყოველთვის კეთილი ურთიერთობა მქონდა და სრულიადაც არ გამკვირვებია, როცა დაახლოებით ამ ორმოცი წლის წინ (მაშინ უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი, ლექციებს ფილოლოგიის ფაკულ­ტეტზე ვკითხუ­ლობდი), ერთ მშვენიერ დღეს (მაშინ ირაკლი სტუდენტი იყო) ირაკლი ჭანტურიამ დამირეკა და მითხრა, მამაჩემმა ტარიელმა წერილი გამომატანა და უნდა გადმოგცეთო. მე დრო დავუნიშნე და ირაკლის შევხვდი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. მოვიკითხეთ ერთმანეთი. ირაკლი გონებაგახსნილი, საღად მოაზროვნე ახალ­გაზრდა იყო და ასე ფეხზე საუბრისასაც სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. წერილი გადმომცა. მე ივ. ჯავახიშვილის სახ. საქართველოს ისტორიის კაბინეტში მივიწვიე - დავსხედით და წერილის კითხვა დავიწყე... ტარიელ ჭანტურია ყოველმხრივ ნიჭიერი კაცია და წერილიც მოკლე, ძალზედ  საინტერესო, იუმორით გაჯერებული გამოდგა. ამიტომ, უფლებას ვაძლევ ჩემს თავს, ეს წერილი მკითხველსაც გავაცნო (იმედი მაქვს, მაპატიებს ბატონი ტარიელი, ორმოცი წლის წინანდელ წერილს მასთან შეუთანხმებლად რომ ვაქვეყნებ).

 

„ძმაო და ბატონო როინ!

            ალბათ ჯობდა, ჩემს შვილს, ირაკლი ჭანტურიას, მე თვითონ მოვყო­ლოდი, მაგრამ შორიდან უფრო იოლია ლაპარაკიც და თხოვნაც.

 

            უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტიდან ქართულ ფილოლოგიაზე გადადის. ამისთვის აუცილებელია ჩააბაროს 14 განსხვავებული საგანი.

 

            საქართველოს ისტორია როინ მეტრეველს უნდა ჩააბაროს!

 

            სამწუხაროდ, არ არსებობს კანონი, საგანი ჯერ ჩააბარო და მერე ისწავლო! თუ ბატონი როინი დაგვეხმარება ამნაირი „კანონის“ მიღებაში და თან მე თავდებად მიმიღებს, მაშინ მე ვკისრულობ, უახლოეს ხანში ნამდვილ გამოცდაზე მოვიყვანო პატივცემული შვილი. ახლა კი ... (აი, ამ ბოლო ფრაზის გამო ვერ წამოვყევი).

ჩაჭრილი მშობლების სახელით

ტარიელ ჭანტურია“

 

 

            წერილის წაკითხვის შემდეგ ჩათვლის წიგნაკი გამოვართვი. თან ვკითხე:

  • ირაკლი, სახლში როგორ ხართ-თქო? მოკლედ მიპასუხა - კარგადო.
  • დედა როგორ არის? - ვკითხე.
  • დედამ ცოტა იავადმყოფა და ახლა კარგად არისო, - მიპასუხა.
  • მამაშენი რას შვრება, ხომ ჯანმრთელად არის-მეთქი.
  • მამაჩემი მოუსვენარი კაცია. სმაზე იყო გადასული, ახლა ცოტა „ისვენებს“, მაგრამ „პოკერს“ არ ეშვება.
  • ლექსებს კი ბრწყინვალეს წერს, - მივმართე.
  • კი, ეს ნამდვილად ასეა, - დამიდასტურა ირაკლიმ.

ტარიელის შესახებ ჩემს კითხვაზე ირაკლის პასუხის შემდეგ ვუთხარი, ოთხიანს გიწერ-თქო. აქ ირაკლი შეიშმუშნა და მკითხა:

  • ბატონო როინ, თუ შეიძლება მითხარით, რა შემეშალა, რა ვერ გიპასუხეთ?

 

ამ შეკითხვაში ირაკლის ნიჭიერება კიდევ უფრო მეტად დავინახე, აშკარა იყო, რომ იგი იუმორით სავსე პიროვნება იყო... ჩემგან კმაყოფილი გავიდა იგი, მაგრამ მომხდარი ფაქტი ახლობლებში ფართოდ გახმაურდა. ირაკლი ჩემი შვილებისა და სიძის მეგობარი იყო. მეც დავუახლოვდი და ამ ამბის მოყოლა გარკვეულ წრეში ხშირად გვიხდებოდა...

 

ირაკლი ჭანტურიამ ღირსეულად იცხოვრა, ემსახურა ქვეყანას. ბოლოს იგი საქარ­თველოს გენერალურ კონსულად მუშაობდა ქ. ფრანკფურტში. მისი ნათელი, ნიჭიერი, სიკეთით სავსე სახე მარად დარჩება ქართველი საზოგადოების კეთილ მოგონებებში.

 

           

 

 

right_banner big_banner
არქივი