logo_geo
შენი თავისუფლების ისტორია- 26 მაისი
- +

26 მაისი. 2021. 14:52

 

 

საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა მრავალ სირთულესთან იყო დაკავშირებული, მას შემდეგაც, რაც რუსეთში მეფის მმართველობა დასრულდა. მრავალჯერ დადგა დღის წესრიგში დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი, თუმცა საჭირო იყო გონივრული გეგმა, საერთაშორისო აღიარება, რომელიც ქვეყნის თავისუფლების გარანტი გახდებოდა და საერთაშორისო კავშირების მქონე ლიდერი, რომელსაც პირველ რიგში, ევროპელი მოკავშირეები დაუჭერდნენ მხარს. ასევე გასათვალისწინებელია გარე ფაქტორები და ის დინამიური გარემო, რაც თან ახლდა მეოცე საუკუნის დასაწყისს. საბოლოოდ, საქართველომ მოახერხა ხანმოკლე დამოუკიდებლობის მოპოვება, რომელსაც დიდი ძალისხმევის ფასად მიაღწია. საქართვლოს დამოუკიდებლობა 1918 წლის მაისში ოფიციალურად გამოცხადდა, ხოლო 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კვლავ დაიპყრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

 

 

 

ჟენევა. 1904 წლის 1 აპრილი - დამოუკიდებლობისთვის მზადება

 

მას შემდეგ, რაც 1800 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა იმპერიასთან ქართლ-კახეთის შეერთების მანიფესტი გამოსცა, ფაქტობრივად დასრულდა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა და დიდი ხნის განმავლობაში იმედის ნაპერწკალი არსაიდან ჩანდა. ერთი საუკუნის შემდეგ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ევროპაში გაგრძელდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში - 1904 წლის 1 აპრილს ჟენევაში შეიკრიბა ქართული ინტელიგენციის ნაწილი, რომლის მიზანიც ევროპის ყურადღების მიპყრობა იყო საქართველოს საკითხის მიმართ.

ბერლინი. 1914 წელი - ეროვნული დამოუკიდებლობის კომიტეტის დაფუძნება

 

ჟენევის სამიტის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა მიხაკო წერეთელმა და გიორგი მაჩაბელმა 1914 წელს ბერლინში დააფუძნეს ეროვნული დამოუკიდებლობის კომიტეტი. მიხეილ წერეთელმა ქართული სახელმწიფოს მიერ გაფორმებული ორი უკანასკნელი ხელშეკრულების - გეორგიევსკის ტრაქტატის და რუსეთის მიერ იმერეთის მეფე სოლომონ II-სთან დადებული ელაზნაურის ტრაქტატის საფუძველზე შექმნა დოკუმენტი და თარგმნა გერმანულად. სწორედ ეს დოკუმენტი დაედო საფუძვლად 1918 წელს გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღიარებას.

 

 

მოსკოვი . 1917 წლის 2 მარტი.

მთავრობაძე გარდაიცვალა. შეატყობინეთ ნათესავებსა და ახლობლებს

 

ნიკოლოზ II-ის ტახტიდან გადაგომისთანავე რუსეთში მოღვაწე ქართველმა პოლიტიკოსმა ნიკოლოზ ჩხეიძემ ტელეგრაფით თბილისში გადასაცემად გიორგი ფაღავას გაატანა კონსპირაციული ტექსტი- ქართული სიტყვები რუსული ასოებით,- „მთავრობაძე გარდაიცვალა. შეატყობინეთ ნათესავებსა და ახლობლებს“. ამ სიტყვებით დაიწყო ქართული რესპუბლიკის პატარა ნაბიჯებით სვლა დამოუკიდებლობისკენ.

 

 თბილისი. 1917 წლის 19 ნოემბერი - საქართველოს ეროვნული ყრილობა

 

1917 წლის 19 ნოემბერს მოწვეულ იქნა საქართველოს პოლიტიკური პარტიების, მუშათა საბჭოების, ქალაქების თვითმმართველობის, კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სავაჭრო-საფინანსო დაწესებულებების, ასევე ეროვნულ უმცირესობათაგან არჩეული წარმომადგენლებისაგან შემდგარი საქართველოს ეროვნული ყრილობა.

 

ყრილობის დღის წესრიგს წარმოადგენდა: თანამედროვე მომენტი და ქართველი ერი; მოხსენება თავადაზნაურთა ქონების შესახებ; ხოლო მიმდინარე კითხვებს წარმოადგენდა - ერობა, ჯარის ნაციონალიზაცია, სკოლების ნაციონალიზაცია, მართვა-გამგეობისა და ადმინისტრაციის ნაციონალიზაცია, სასურსათო საკითხი და საბჭოს არჩევა.

 

თბილისი. 1917 წლის 22 ნოემბერი - საქართველოს ეროვნული საბჭოს არჩევა

1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ აირჩა საქართვლოს ეროვნული საბჭო, რომელშიც პარტიული კუთვნილებით არჩეული დელეგატებისა და კანდიდატების გარდა, ასევე შედიოდნენ სამაჰმადიანო საქართველოს - აჭარის წარმომადგენლები, დელეგატები სოხუმის და ზაქათალის ოლქებიდან, ასევე საქართველოს ოსთა წარმომადგენელი. ხოლო, ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.

 

ბრესტი. 1918 წლის 3 მარტი - ბრესტის ზავი

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, იმპერიები ნაალაფარ მიწებს იყოფდნენ. 1918 წლის სამ მარტს ბრესტში საბჭოთა რუსეთსა და გერმანიის მოკავშირეებს შორის, მათ შორის თურქეთთან გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება ბრესტ-ლიტოვსკის ზავი. შეთანხმების საფუძველზე ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები თურქეთს გადაეცემოდა.

 

 

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. 1918 წლის 22 აპრილი.

 

რადგანაც ბრესტის ზავი შეთანხმებული არ ყოფილა კავკასიის ხალხებთან, საჭირო გახდა ერთი მხრივ რუსეთისგან და მეორე მხრივ თურქეთისგან თავის დასაცავად იურიდიული ძალის მქონე გაერთიანების შექმნა. სამმა ქვეყანამ - საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა 1918 წლის 22 აპრილს დააფუძნა გაერთიანებული სახელმწიფო - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ ორი თვე იარსება და ქართველი დიპლომატი აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა.

 

 

ბათუმი. 1918 წლის 22 მაისი.

 

22 მაისს აკაკი ჩხენკელმა ბათუმიდან თბილისში ორი წერილი გამოაგზავნა, სადაც იუწყებოდა რომ ოსმალეთთან ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ამიტომ საჩქარო იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რის შემთხვევაშიც დამოუკიდებელ რესპუბლიკას გერმანია მფარველობას გაუწევდა.

 

თბილისი, ეროვნული საბჭოს რეზიდენცია. 1918 წლის 24 მაისი

 

 

თბილისში ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში, ფრეილინის, ახლანდელ სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე მდებარე შენობაში აკაკი ჩხენკელის წერილი განიხილეს. ნოე ჟორდანიამ დამსწრე საზოგადოებას წერილის შინაარსი გააცნო და გადაწყდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას დაშლილად გამოაცხადებდა - დროებით გაერთიანებას, რომელშიც საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შედიოდნენ.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. 1918 წლის 26 მაისი.

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ეროვნულმა საბჭომ ოფიციალურად 1918 წლის 26 მაისს მიიღო და ამიერიდან საქართველოს ხალხი თავისუფალი, ხოლო საქართველო - სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

 

მამადავითის ეკლესია. 1918 წლის 26 მაისი - გაიხარეთ, საქართველო დამოუკიდებელი გახდა!

 

დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, როდესაც ნოე ჟორდანიამ დამოუკიდებლობის აქტი წაიკითხა და აივნიდან ხალხს აუწყა - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ვლასა მგელაძე მამადავითის ეკლესიაში გაქცეულა, ეკლესიის ზარები დარეკა და ილიას და აკაკის საფლავებს ჩასძახა, - გაიხარეთ, საქართველო დამოუკიდებელი გახდა!

 

ფოთი. 1918 წლის 28 მაისი - ფოთის შეთანხმება

 

ფოთში გაფორმდა საქართველოს რესპუბლიკასა და გერმანიას შორის დროებითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველომ მიიღო გერმანიის პროტექცია და აღიარება. ხელშეკრულებას ხელი 1918 წლის 28 მაისს მოეწერა. გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა გენერალი ოტო ფონ ლოსოუ, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ მინისტრი ნოე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი.

 

ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს მიერ მოპოვებული პირველი საერთაშორისო აღიარება, რის შემდეგაც გერმანიის მისია წავიდა კონსტანცაში ქართულ წარმომადგენლობასთან ერთად - აკაკი ჩხენკელის, ზურაბ ავალიშვილისა და ნიკო ნიკოლაძის შემადგენლობით. მათ საქართველოს მთავრობისაგან დავალებული ჰქონდათ გერმანიასთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა ბერლინში ხელი მოეწერათ საბოლოო შეთანხმებისთვის.

 

სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918 წლის 3 სექტემბერი.

 

საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად დაიბადა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის მზადება.

 

12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაფუძნების საქმეში. ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ოფიციალურად 1918 წლის 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაარსდა. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში.

 

თბილისის საქალაქო სახლი. 1919 წლის 10 თებერვალი

 

საქართველოს რესპუბლიკაში ქალაქის სათათბიროს პირველი სხდომა 1919 წლის 20 იანვარს რუსულ ენაზე ჩატარებულა, ხოლო უკვე მეორე სხდომა 10 თებერვალს პირველად გაიმართა ქართულ ენაზე.

 

სახალხო ზეიმი ვაკეში. 1919 წლის 26 მაისი

 

დამოუკიდებლობის ერთი წლისთავი საქართველომ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. 26 მაისის დილას თბილისის ქუჩები და მოედნები ხალხით იყო სავსე, ყვავილებითა და ხალიჩებით მოერთოთ საცხოვრებელი სახლების აივნები. მთავრობის სასახლისა და ქალაქის საბჭოს შენობაზე ფრიალებდა საქართველოს სამფეროვანი დროშა. ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობდნენ ქართველი ხელოვანები, ქუჩები გაფორმებული იყო იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის და მოსე თოიძის ნამუშევრებით. სამხედრო აღლუმის წინ ქართველი ჯარისკაცები დალოცა ეპისკოპოსმა ლეონიდემ. საყოველთაო სახალხო ზეიმი გაუმართავთ ვაკეში, ახლანდელი ვაკის პარკის და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტერიტორიებზე, სადაც მოეწყო ცეკვები და სპორტული ღონისძიებები. საღამოს ქალაქის ქუჩები განათდა ელექტრონის შუქით და გაიმართა თეატრალური წარმოდგენები.

 

 

 

საქართველოს კონსტიტუციის მიღება. 1921 წლის 21 თებერვალი

 

საქართველომ 1921 წლის 21 თებერვალს პირველი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც საქართველო დემოკრატიულ სუვერენულ რესპუბლიკად გამოცხადდა. კონსტიტუცია აცხადებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს. ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიკურ და საოჯახო უფლებით. გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს. თუმცა საქართველოს კონსტიტუციას დიდი დღე არ ეწერა.

 

საოკუპაციო ჯარების შემოჭრა. 1923 წლის 23 თებერვალი

 

პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ეკონომიკური კრიზისით და ასევე ლოკალური კონფლიქტებით დასუსტებული საქართველო მძიმე სოციალურ პირობებში აღმოჩნდა. ამავდროულად საბჭოთა რუსეთი სულ უფრო განამტკიცებდა საერთაშორისო წარმატებას და გეგმად ისახავდა შექმნილი სოციალური მდგომარეობის გამოყენებას. რუსეთის ქმედება კლასობრივ თანამოძმეთა დახმარებით უნდა გამართლებულიყო და შესაფერის პერიოდად 1921 წლის თებერვალი შეირჩა.

 

1921 წლის 11-12 თებერვალს ღამით ბორჩალოს მაზრის რუსი კოლონისტების სოფლებში აჯანყება დაიწყო, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ „საქართველოს მშრომელთა აჯანყებად“ გამოაცხადა. 17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან და მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფომ ვერ შეძლო თავის დაცვა.

 

25 თებერვალს საბჭოთა მე-11 არმიამ თბილისი დაიკავა, საბჭოთა ჯარები განთავსდნენ თბილისში და სერგო ორჯონიკიძემ ბაქოდან ლენინს დეპეშით სიხარულით აუწყა,- „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას.” ამ დღიდან ერთი თვის განმავლობაში საბჭოთა ჯარები აქტიურად იკავებდნენ საქართველოს ტეროტორიას, რაც მისი სრული ოკუპაციით დასრულდა.

 

ბათუმი. 1921 წლის 17 მარტი.

ემიგრაცია

 

 

17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისფლება სრულად განიდევნა ქვეყნიდან და ნოე ჟორდანიამ მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ბათუმის პორტიდან საქართვლო დატოვა. განდევნილმა ხელისუფლებამ თავი ევროპას შეაფარა, რომელიც მათი მოლოდინით დროებითი თავშესაფარი უნდა გამხდარიყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში დამოუკიდებლობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

 

1991 წლის 9 აპრილი

საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მრავალჯერ დადგა ეროვნული ღირებულებების დაცვის საკითხი, რომელსაც საქართველოს ხალხი მუდამ მტკიცედ ეგებებოდა. 70 წლიანი ოკუპაციის პერიოდში არ განელებულა სახელმწიფოს ნაშთების გადარჩენისთვის ბრძოლა და მოქალაქეები მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ ამა თუ იმ ფორმით დაეცვათ ეროვნული ფასეულობები. 1978 წელს კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს სსრ, დღის წესრიგში ამჯერად ქართული ენის დაცვა იდგა. იგეგმებოდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რაც ქართულ ენას საქართველოს სსრ-ს ტერიტორიაზე ოფიციალური ენის სტატუსის ჩამორთმევას და მის ჩანაცვლებას რუსული ენით ცდილობდა. ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო ენის ბედი, თუმცა აღნიშნულ გეგმას სტუდენტების და სხვა მოქალაქეების ხალხმრავალი პროტესტი მოყვა. დიდი ბრძოლის შემდეგ საქართველომ მოახერხა ქართულის, როგორც ოფიციალური ენის შენარჩუნება.

 

მომდევნო და უფრო მასშტაბური ბრძოლა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების სახელით არის ცნობილი. 9 აპრილის შემდეგ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იძულებული გახდა 1990 წლის 9 მარტსა და 20 ივნისს მიეღო დადგენილებები, რომლითაც, ფაქტობრივად, უკანონოდ აცხადებდა საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში. ხოლო, 1990 წლის 20 ივნისს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გაუქმებულად გამოაცხადა საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შედეგად შექმნილი ხელისუფლების ორგანოები — რევოლუციური კომიტეტები და საბჭოები.

 

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რომელზეც ამომრჩეველთა 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს სახელმწიფოებმა და გაერომ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს არა როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე, საქართველო თავს სწორედ 1918 წელს შექმნილი დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ და მისი ტრადიციების გამგრძელებლად მიიჩნევს.

 

საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა და მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამიერიდან საქართველო კვლავ სუვერენული, დემოკრატიული რესპუბლიკაა. 1990 წლის 14 ნოემბერს ახალ სახელმწიფოს „საქართველოს რესპუბლიკა“ ეწოდა, ხოლო 1995 წლის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებად „საქართველო“ დადგინდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი