logo_geo
ეკა ხერხეულიძე: ახლაც არ ვიცი, იმ მახინჯ დროებაში, როგორ არ მიეკარათ ტალახი
- +

26 მაისი. 2021. 16:45

 

 

მე დავიბადე იმ წელს, როდესაც ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს.

 

საბჭოეთის წუმპეში მათ შეშლილებად იცნობდნენ. არც მაშინ გაკეთილშობილებულა მათდამი განწყობები, როცა ეს კეთროვნები, ადამიანის  უფლებების დაცვისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს. მათ ცხოვრებაში მძიმე, მტანჯველი და სევდიანი დღეები უფრო ბევრი იყო, ვიდრე ყოფითი ხიბლი, მაგრამ ყველაზე აღმატებული და ნათელი დღე მოუტანეს ჩვენს ხალხს - საქართველოს დამოუკიდებლობა.

 

ბავშვობის შემდეგ სიკვდილამდე, იყო მხოლოდ ციხე, გადასახლება, დევნა, დამცირება... გამონაკლისის გარდა ყველა განიკითხავდა. ისინი, ვინც მათ მიერ დასახულ მიზანს წინააღმდეგობებისგან დაქანცული შუა გზაზე ტოვებდა, არჩიეს, ელანძღათ, ჩეკისტების ჭორები გაევრცელებინათ, ვიდრე ეღიარებინათ, რომ ამ ორ გრიგალთან სიოდაც ვერ ივარგეს.

 

დიდი მცდელობების მიუხედავად, საქართველოს სიყვარულით შეპყრობილები, ერთმანეთს ვერ დააშორეს. იმდენად სწყუროდათ თავისუფლება, რომ ამ ორი სრულიად განსხვავებული შინაგანი მოწყობის ადამიანს შორის ხარვეზი არასდროს ყოფილა. დიდი ადამიანები იყვნენ, მაგრამ სულ თავდახრილებმა განვლეს ცხოვრება. ვინც მათ ურთიერთობას იცნობდა, დამეთანხმება, რომ მსგავს ურთიერთპატივისცემას  მხოლოდ წიგნებში შეიძლება შეხვდე.

 

თითქოს პირობა ჰქონდათ დადებული, ისე იგრძნობოდა სუბორდინაციის სიმკვეთრე. მერაბისთვის ზვიადი იყო გენიალური აზრების გენერატორი. მისგან ყველაზე ხშირად ამ ფრაზას გაიგონებდით -„ზვიადს ვკითხოთ“... ზვიადისთვის მერაბი იყო მთავარი საზრუნავი, ძმაც, მეგობარიც, თავდადების  სიმბოლო. ახლაც არ ვიცი, იმ მახინჯ დროებაში, როგორ არ მიეკარათ ტალახი. როგორ შეძლეს, ერთმანეთის სიყვარულით არ დაღლილიყვნენ... მიკვირს, რადგან მეგობრობა ადვილი გასატანი მაშინაა, თუ ურთიერთობა სიყვარულს და დროს ეფუძნება, მაგრამ ნამდვილი საოცრებაა, თუ ის ერთად საქმის კეთებას ეფუძნება. რადგან ინიციატივის მარცხის ან გამარჯვების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ორს არასდროს ეკისრება, ერთია მხოლოდ მეორეს გადასახედიდან დამნაშავე და სწორედ, აქ იჩენს ხოლმე ადამიანური ცდუნებები თავს.

 

ბევრჯერ მითქვამს და განვმეორდები, რომ ამ ორ ადამიანთან შეხვედრამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. 15 წლის ვიყავი, მაგრამ გასაგები გახდა, რომ სტანდარტული, ჩემი თანატოლებისთვის ხელშესახები ცხოვრება  მიმზიდველი ვეღარ იქნებოდა. მას მერე ან მათთან ერთად მოვდივარ, ან მათზე მოგონებებით.

 

მერაბის სიკვდილი ერთი დიდი ეპოქის დასასრულად იქცა. ალბათ ზვიადიც მაშინ დამთავრდა... დანარჩენი კრემლისთვის დროის საქმე იყო. მერაბი ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან, რომ მიზნისთვის გაღებულ სიკეთეს ვერ შეხვდა. ზვიადმა მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მერაბის ხსოვნას მიუძღვნა. საოცარი სიყვარულით იცხოვრეს. საქმის გამარჯვებამდე მიყვანამდე მთავარ ფუნდამენტად  ურყევ მეგობრობას თვლიდნენ - „ბევრი ეცადა ჩემი და ზვიადის მეგობრობაში ბზარის გაჩენას, მაგრამ ეს ვერავინ ვერ შესძლო, ეს არასოდეს არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩვენს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა, მაშინ მე ვიტყვი, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებობს. ეს კი ქვეყნის დანგრევას უდრის“.

 

მერაბი თავმდაბლობით გამორჩეული კლდე კაცი იყო. ურყევი, მტკიცე, მაგრამ არა ქედმაღალი. თავად არ აძლევდა უფლებას სხვებს მას და ზვიადს შორის თანასწორობა დაერღვიათ.

 

„ხომ ხედავ, როგორ გართულდა ომი,

ვაჰ, თუ ძალები შემომელია,

თუმცა მარადში ვარ თანამდგომი,

ავთანდილობა ერთობ ძნელია“...

 

1985 წლის 25 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის კომისიამ მერაბ კოსტავა ნობელის პრემიაზე წარადგინა.

 

ნობელის ინსტიტუტს (ოსლო-ნორვეგია )

 

„ბატონებო, პატივი გვაქვს,1985 წლის ნობელის პრემიაზე წარვადგინოთ იური ორლოვი, ანატოლი შერანსკი, ნიკოლა რუდენკო, ვიქტორას ბედკუსი, ედვარდ არუთინიანი და მერაბ კოსტავა.

 

ისინი ხელმძღვანელობენ მოსკოვის, უკრანის, ლიტვის, ლატვიის და საქართველოს ჰელსინკის ჯგუფებს. მათი დამსახურებაა ადამიანი უფლებათა მოძრაობის დაცვის ზრდა მსოფლიოში.

 

დღეს ჰელსინკის ჯგუფის 39 დამკვირვებელს, უფლებადაცვითი საქმიანობის გამო, ჯამში 348 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. მათ შორის, მერაბ კოსტავას 1978 წლის 19 მაის მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა ,ხოლო 1981წლის 15 დეკემბერს დაუმატეს 5 წელი.

 

დღეს ეს მამაცი ადამიანები, საბჭოთა ციხეებსა და ბანაკებში იტანჯებიან, უარი მიმოწერის უფლებაზე, განსაკუთრებული სასტიკი დამოკიდებულება ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.

 

1984 წლის დასაწყისში მერაბ კოსტავამ გამოაცხადა უვადო შიმშილობა. ამ 6 ადამიანის თავგანწირული  ბრძოლა ჰელსინკის პრინციპებისთვის, ცოცხალი მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა შესაძლებელია ყველგან.

 

ჩვენ ვთვლით, რომ ეს უშიშარი ადამიანები, რომლებიც თავიანთი თანამემამულეების მისწრაფებებს აერთიანებენ საკუთარ თავში, იმსახურებენ ნობელის ინსტიტუტის აღიარებას მშვიდობის დარგში“.

 

ცხადია, ადამიანის უფლებები არაფრად მიაჩნდათ საბჭოეთის ჯალათებს, მაგრამ ამ ორი ადამიანისთვის ერთმანეთის გამხნევება იყო მთავარი მამოძრავებელი  ძალა.

 

მერაბის ტანჯვით გულგახეთქილი ზვიადი საბჭოთა ლაგერებში ნაწამებ მერაბს ასე ამხნევებს - „შენით ამაყი, გთხოვ, არ დაიღალო, შენი ჭირიმე“.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი