logo_geo
„ქორწილი გადაიხადეს, თანაც - სამდღიანი, ოღონდ ხელის მოწერა დაავიწყდათ“ - მორის ფოცხიშვილისა და როზიტა ვერბის სიყვარულის ამბავი
- +

2 ივნისი. 2021. 19:10

 

 

„არის სიცოცხლე სიკვდილში

და უკვდავებაც არის!“

მორის ფოცხიშვილი

 

თავისუფლებისმოყვარე იყო, თურმე, ლაღი, კეთილი და კაცთმოყვარე, ღირსეულად იცხოვრა და ლამაზი ლექსები დაწერა, ისეთი, მუსიკასავით რომ ხვდება ყურს. ხალხმა მისი ლექსები შეიყვარა, კომპოზიტორებმა კი ეს ლექსები ლამაზ სიმღერებად აქციეს და ამღერებულ პოეზიას დღემდე ყველა თაობის ადამიანები ასრულებენ. „არ მიყვარდა ერთი გოგო“, „დაშვებული ფარდები“, „ლაზიერის გამბიტი“, „ვინც ამ გოგოს გააცინებს“, „უკანასკნელი მეფაიტონე“, რომელიც ბუბა კიკაბიძეს მიუძღვნა, „იძინებს მზე“ და კიდევ რომელი ერთი გავიხსენოთ...

 

პოეტ მორის ფოცხიშვილს პირადად არ ვიცნობდი, პირისპირ არასდროს შევხვედრილვარ, მაგრამ მისი ლექსები ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ამ ადამიანის პოეზია ზუსტად გამოხატავს მის „სულიერ ბიოგრაფიას“ - მის ბუნებას, გრძნობებს, ემოციებს, ნაფიქრ-ნააზრევს... იგი პროფესიით ჟურნალისტი იყო, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჯერ ჟურნალ „ცისკარს“ რედაქტორობდა, შემდეგ გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორიც გახლდათ და - წიგნის პალატისაც, მთარგმნელიც იყო და მისი ბევრი ლექსიც სხვადასხვა ენაზე არის ნათარგმნი, მრავალი პრემიის ლაურეატია და გერმანელი თეოლოგის, ეთიკოსის, ექიმისა და ორღანისტის, ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალიც კი აქვს მიღებული! ბატონი მორისი 63 წლისა გარდაიცვალა, 2020 კი მისი საიუბილეო წელიწადია - 11 ივნისს 90 წელი შეუსრულდება. მისი ქალიშვილები - ბასა და თამარ ფოცხიშვილები ამ თარიღისთვის მამის ოთხტომეულს გია ჯოხთაბერიძესთან ერთად გამოსცემენ.

 

მაინც როგორი იყო ეს თავისუფლებისმოყვარე კაცი, პოეტი და მთარგმნელი მორის ფოცხიშვილი, როგორ ცხოვრობდა, ხარობდა, წუხდა და როგორ უყვარდა? - მშობლების გაცნობისა და სიყვარულის ამბის გახსენება ბატონი მორისის უმცროს ქალიშვილს, რეჟისორ ბასა ფოცხიშვილს ვთხოვე.

 

„...შენს ჩურჩულს, მე რომ გალობად მესმის,

სიცოცხლეს, კვლავ რომ ასე ტკბილია,

ლექსად დავწერდი, მაგრამ ეს ლექსიც

უკვე დიდი ხნის დაწერილია!“

 

 

- ეს ლექსი, ისევე, როგორ ბევრი ლექსი, მამამ დედას მიუძღვნა. დედა - როზიტა ვერბი მამით იტალიელი იყო, ტიტულიანი გვარის წარმომადგენელი, დედით კი - ქართველი და თბილისში ცხოვრობდა. ერთმანეთი აფხაზეთში გაიცნეს, ძალიან უჩვეულოდ - შუა ზღვაში... დედა ექიმი იყო, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და სამთვიან საზაფხულო პრაქტიკას გაგრაში გადიოდა. ქართველს არ ჰგავდა, ძალიან ცისფერი თვალები ჰქონდა და ქართველისთვის უჩვეულო - რომაული პროფილი. ამას ისიც დაემატა, რომ ზაფხულის მზემ თმა გაუხუნა და რუჯიც ძალიან დაეტყო. იმ ზაფხულს მორისი, მთელი მისი დიდი ოჯახი და სამეგობრო დასასვენებლად სწორედ გაგრაში ჩავიდა. მამამ დედა პლაჟზე შენიშნა და ძალიან მოეწონა. დედამაც შენიშნა, თურმე, მორისი. მერე გვიყვებოდა, ისეთი თეთრი იყო, არ მომეწონაო. დედას ძალიან უყვარდა ცურვა და კარგადაც ცურავდა - ზღვაში იმდენად შორს გადიოდა, ჰორიზონტზეც აღარ ჩანდა ხოლმე. იმ დღესაც ძალიან შორს გაცურა და მორისიც გაჰყვა. რომ მიუახლოვდა, რუსულად გამოელაპარაკა დედას, - გოგონა, რა კარგი ამინდიაო! (მამას დედა რუსი ეგონა). დედა მთელი ცხოვრება სიცილით იხსენებდა, ასე მარტივად, ბანალურად როგორ დამელაპარაკაო?! მაშინ მამა 28 წლის იყო, დედა - 24 წლის. გაგრაში ყოფნისას ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, მორისი ხშირად აკითხავდა, თურმე. დედას თავისი მეგობრები ეუბნებოდნენ, ეს, იცი, რა მაგარი პოეტიაო! დედას კი მორისის ლექსები წაკითხულიც არ ჰქონდა.

 

 

მერე, სექტემბერში, თბილისში შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს და მორისმა უთხრა, დედაჩემს ძალიან ენატრები და ჩვენთან წამოდიო. მოკლედ, მათი შეხვედრები დიდხანს არ გაგრძელდა - აგვისტოში გაცნობილებმა 31 იანვარს უკვე ძალიან დიდი ქორწილი გადაიხადეს, თანაც - სამდღიანი, ოღონდ ხელის მოწერა დაავიწყდათ. მორისს არ გაახსენდა, რომ ქორწინებისთვის მარტო სამდღიანი ქორწილი არ იყო საკმარისი და ხელიც უნდა მოეწერათ - რას ვიზამთ, პოეტი იყო (იცინის). ქორწილის შემდეგ საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ და ცოლ-ქმრის ოფიციალური სტატუსის უქონლობის გამო, სასტუმროს ნომერში ერთად არ შეუშვეს, ამიტომ ცალ-ცალკე ნომრებში ცხოვრობდნენ.

 

ქორწილი კი, თურმე, მართლაც საოცარი ჰქონდათ. დედა იხსენებდა ხოლმე, ეს ქორწილი კი არა, დიდი დღესასწაული იყოო. თამადა პოეტი გოგლა ლეონიძე ყოფილა, მეჯვარე იყო ბერძენი პოეტი ალექსი სპარნისი, რომელიც საბერძნეთიდან საგანგებოდ ქორწილისთვის ჩამოვიდა. სტუმრები კი... თბილისში, საქართველოში, თუკი ვინმე გამორჩეული დადიოდა, ყველა ესწრებოდა ამ ქორწილს. იმ პერიოდში მორისი ცხოვრობდა ძველ თბილისში, სიონის 8 ნომერში, სადაც ახლა „ქარვასლა“ არის. თავდაპირველად დედაც იმ სახლში მიიყვანა, რაღაც ხნის შემდეგ კი ცალკე გადავიდნენ. ჩემი და - თამრიკო ჩემზე უფროსია და მე რომ დავიბადე - მეორე გოგო, გოგლა ლეონიძემ მამა „დაამშვიდა“, - არა უშავს, ნამდვილ ვაჟკაცებს ყოველთვის გოგონები ჰყავთო...

 

 

დედას და მამას ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ. სულ მოგზაურობდნენ. ერთადერთი, გვარის გამო დედას გარკვეულ ქვეყნებში არ უშვებდნენ (მისი მამა 1938 წელს დახვრიტეს).

 

ჩემი მშობლები, თითქოს, განსხვავდებოდნენ, მაგრამ, რაღაცით მაინც ჰგავდნენ ერთმანეთს - ორივენი დიდბუნებოვნები იყვნენ, ამაღლებულები და კეთილები; ძალიან უყვარდათ ადამიანები და, შესაბამისად, შინ მუდამ სტუმრები გვყავდა; გამორჩეულად აღიქვამდნენ სილამაზეს და ორივეს ძალიან უყვარდა ყვავილები. ამიტომ სახლში სულ გვქონდა ყვავილები. საქართველოში გაჭირვების წლები რომ იყო, შეიძლება ჩვენს ოჯახში პროდუქტი არ შეეძინათ, მაგრამ ყვავილების ყიდვაზე უარს არასდროს ამბობდნენ. მორისს ისე უყვარდა სილამაზე, ყვავილებს სულ ხელით ეხებოდა, თითქოს ეფერებოდა. მგონი, ეს თვისება გენეტიკურად გამომყვა - შევამჩნიე, რომ სადაც უნდა ვიყო, ლამაზ ნივთს რომ ვხედავ, კი მერიდება, მაგრამ... ყოველთვის ხელით ვეხები, ყვავილებსაც ყოველთვის ხელს ვკიდებ.

 

იცით, მორისი თავისუფალი სულის ადამიანი იყო და ჩვენც თავისუფლებას გვაძლევდა. მაგალითად, მამას სავალდებულოდ არ მიაჩნდა თაობების ერთად ცხოვრება ან შვილისთვის სკოლის გაცდენის აკრძალვა, ან მეცადინეობის დაძალება, ან რეჟიმის დაცვა. შეიძლებოდა, ღამის 3 საათზე დავმსხდარიყავით მე, თამრიკო, დედა და მამა და რაიმე ფილმისთვის გვეყურებინა; დილის 5 საათზე ჩაი დაგველია, გვესაუბრა. ბუნებრივია, დილას, ადრიანად ვერ ვიღვიძებდით სკოლაში ან ინსტიტუტში წასასვლელად. ამ დროს რამდენჯერ უთქვამს, კარგი, რა მოხდა, იძინეთო.

 

 

სულ ამბობდა, ბავშვს რაც უნდა, ის უნდა გააკეთოს, რადგან დიდობაში ცხოვრება იმდენად რთულია, ხშირად იმის გაკეთებაც მოუწევს, რაც არ ენდომება, ამიტომ ვიდრე შეუძლია, ნუ წავა სკოლაში და იძინოსო.

 

მამას და დედას ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ამიტომ მე და ჩემი დაც - თამრიკო დიდ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაში გაგვზარდეს. ჩვენთან ერთმანეთის აზრს, შეცდომასაც კი, ყველანი პატივს ვცემდით. დედა და მამა ძალიან ხალისიანები იყვნენ და - ინტერესიანები. სხვათა შორის, არც ერთს და არც მეორეს ძალიან დალხენილი ცხოვრება და ფუფუნება არ ჰქონია, მაგრამ ადამიანებით, სიკეთითა და სიყვარულით ისე გაამდიდრეს მათ ირგვლივ გარემო, რომ ის გარემო გვექცა ფუფუნებად. ამაღლებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ... დედა უფრო მიწიერი იყო, მამა დაფრინავდა. დედას მამისადმი უდიდესი სიყვარულის კიდევ ერთი დადასტურება იყო მისი გადაწყვეტილება, როდესაც მორისი გარდაიცვალა და ჩვენი უწმინდესის, ილია მეორის კურთხევით იგი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში უნდა დაეკრძალათ. დაკრძალვამდე დედას უთხრეს, რომ თანხმობის შემთხვევაში იგი მეუღლის გვერდით ვეღარ დაიკრძალებოდა. დედამ უპასუხა, მიწაში სად ვიქნები, რა მნიშვნელობა აქვს, ზეცაში ხომ მაინც ერთად ვიქნებითო... მორისს ერთი წუთით რომ წარმოედგინა, სამთავროში დაკრძალავდნენ, ალბათ, კიდევ უფრო ადრე მოკვდებოდა სიხარულით!

 

 

ცისფერი ეპიტაფია

 

„მეც მაშინებდნენ სიკვდილით ერთ დროს,

ო, უნდა მენდო,

ჯვარი გწერია, -

მანდ გეშინოდეს, თორემ აქ ახლა

საშიში სულაც არაფერია!“ - მორის ფოცხიშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი