logo_geo
მოგონებები თბილისის კოლორიტ კაცზე - ნიაზ დიასამიძეზე
- +

12 ივნისი. 2021. 14:28

 

„ამბობენ, თურმე ხელმოკლედ ცხოვრობდა და ფული რომ არ ჰქონდა, საყვარელი ქალისთვის დაბადების დღეზე საჩუქრად ცოცხალი გალაკტიონი მიუყვანია“ - მოგონებები თბილისის კოლორიტ კაცზე, ნიაზ დიასამიძეზე.

 

გიგა ლორთქიფანიძე:

„ნიჭიერი პიროვნება იყო. თავის თავში ჩაკეტილი, უცნაურად მოკრძალებული. იგი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ისე, როგორც ეცხოვრებოდა.

მახსოვს, ერთხელ ცერად უჯდა როიალს. ფეხი ფეხზე გადაედო. სიგარეტი პირის ცალ კუთხეში მოექცია და ისე უკრავდა

ხუთი წლის შემდეგ ერთი ამერიკული ფილმი ვნახე - „ჯარისკაცის ბედი ამერიკაში“. გავოცდი: იქ ერთ კადრში ჯარისკაცი სწორედ ისე მისჯდომოდა და უკრავდა ფორტეპიანოს, როგორც ნიაზი 5 წლით ადრე“.

 

გალინა ანჯაფარიძე:

როცა ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, მაშინ, რომ იტყვიან, „ფორმაში“ იყო.

გაცქრიალებული დადიოდა, თეთრი პიჯაკით, კომიტეტის შენობაში ისე შემოდიოდა, როგორც ლონდონის დენდი ; ათას თანამშრომელში ამოარჩევდით...

საოცარი შინაგანი კულტურა ჰქონდა . ამ კულტურას შეზარხოშებულიც კი ავლენდა. დახვეწილ ჩვევებს, თუნდაც ხელზე ამბორის ჟესტს არასოდეს ღალატობდა .

ტელევიზია ახალი დაარსებული გახლდათ და ჩვენც, ახალგაზრდა თანამშრომლებს, ერთობ თბილი ურთიერთდამოკიდებულებები გვქონდა:

რომ ვთხოვდით - გვიმღერეო, - არ მახსოვს, უარი ეთქვას.

ერთხელ, აგვისტოს დამდეგს (იმ თვეს გარდაიცვალა კიდეც) მე და ჩემი ქალიშვილი ვერის ბაზარში შევედით, ხილის ყიდვა გვინდოდა.

ვერის ბაზართან ლუდხანა იყო ვხედავ მის შორიახლოს ნასვამი ნიაზი დგას .გვერდის აქცევა დავაპირე, მაგრამ მაინც დამინახა .მოგვიახლოვდა, მომეფერა და მაკოცა...

მერე პირველად ჩვენი ურთიერთობის მანძილზე, მკითხა: ფული ხომ არ გაქვსო. ხუთი და სამ მანეთიანი ამოვიღე საფულედან. გავუწოდე.

სამი მანეთი აიღო და წავიდა.

მე და ჩემმა ქალიშვილმა ვივაჭრეთ, შემდეგ მოპირდაპირე მხარეს, სკოლასთან გადავედით და შუქნიშანთან, გაჩერებაზე დავდექით.

ვხედავ, ბაზრიდან ჩვენკენ ნიაზი მორბის, ქუჩა გეზად გადმოჭრა, ტროტუარზე მოძრაობა შეწყდა, ხალხი აჩოჩქოლდა...

მე რომ მივეცი, იმ სამ მანეთად ვარდები ეყიდა, დეკორატიული კი არა, წითლად მოხასხასე, ცოცხალი ვარდები, მოირბინა და ეს ვარდები მომართვა.

 

ქართლოს კასრაძე:

„ნიაზი ავად გახდა და საავადმყოფოში მივედით სანახავად. შეღამებული იყო და ნახვის საათებიც დასრულებული. დარაჯი არ გვიშვებს. ამ დროს ფანჯრიდან გამოიხედმა ნიაზმა და გვეკითხება:

- რა ხდება მანდო?

ვუპასუხე: დარაჯი არ გვიშვებს-მეთქი.

- მერე ღვინის ბოთლი ჩასცხეთ თავშიო.

- სად გვაქვს ღვინის ბოთლი? - გაკვირვებულებმა ვკითხეთ.

- აბა, ღვინის ბოთლი თუ არ გაქვთ, ჩემ სანახავად რაღას მოდიოდითო? - ხელი ჩაიქნია და პალატაში შებრუნდა.

...

სულიკო ჟღენტი:

„ნიაზს ქუჩაში ძაღლმა უკბინა ფეხზე. შემოეხვივნენ მეგობრები, ზოგი რას ურჩევს, ზოგი რას...

- აუცილებლად უნდა წახვიდე, შრატი გაიკეთე, ცოფი არ აიკიდოო, -ურჩიეს მეგობრებმა.

- მე არაფერი მიჭირს, შრატი ძაღლს გაუკეთეთ, სმა არ დაიწყოსო, - უთქვამს ნიაზს.

 

„თბილისს მისი ამშვენებდა სიფთა,

სუფთა იყო, დადიოდა კიკოთ,

იმ დილას რომ გაბოლება მთხოვა,

ის ჯიგარი, ის ნიაზა იყო...“

 

წყარო: თბილისური ამარკორდი

 

 

right_banner big_banner
არქივი