logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: ჩემი პაპა გიორგი თაქთაქიშვილი - თავისი ბაღით მეფურად იცხოვრა
- +

13 ივნისი. 2021. 11:12

 

ჩემი პაპა გიორგი თაქთაქიშვილი. მასზე ლექსი წიგნში.

ჭოპორტულ პომიდორს რომ ეძახით, მას ჰქვია „მუზარადი“. ეს პომიდორი დაიბადა რველში 1900 წელს. ჭოპორტში პაპამ დაარაიონა. აფსუს მისი გემო! მისი გამოყვანილია კომბოსტო „იდეალი“, ხახვი „რეკორდი“, ნესვი „რველის მშვენება“, უსარო ლობიოს ჯიშები და კიდევ სხვა ჯიშები. დაარაიონა ვაშლის ჯიშები ქართლში. მის ბაღში ნახავდით მაშინ მსოფლიოში ცნობილ ისეთ ჯიშებს, რომლებიც დღეს მხოლოდ ჩვენს ბაღში შემორჩა. ერთ ვაშლის ჯიშს „ბისმარკი“ ჰქვია, უგემრიელესია „ლაზბერგი“, ცნობილი ჯიშებიდან „ცარსკი“, „ბროცკი“ (შამპანური რენეტი), კანადური რენეტი (მას „ანტონოვკას“ ეძახიან დღეს, მაგრამ „ანტონოვკა“ საზიზღარი ჯიშია, მიჩურინის გამოყვანილი. კანადური რენეტი გარეგნულად ჰგავს „ანტონოვკას“. მხოლოდ გარეგნულად. საბჭოთა დროს ეს ვაშლი გასაყიდად რუსეთში იგზავნებოდა, ამიტომ რუსები რასაც ეძახდნენ, ის დაუძახეს ჩვენთანაც. მთავარია, გაყიდულიყო. პაპა კანადურ რენეტს ეძახდა. მას რენეტები ჰქონდა ფრანგული, ანანასის, შამპანური.... აფასებდა კეხურას და ბაბოვოეს, რომელიც შენახვით მაისამდე ძლებს. გიორგი პაპამ თავისი ბაღით მეფურად იცხოვრა. კოლმეურნეობაზე მეტი მოსავალი მოჰყავდა საკარმიდამო ბაღში. დაიბადა სოფელ ხვითში, იქ ისწავლა მებაღეობა ცნობილი მებაღეებისაგან: ისაია ფურცელაძისა და მაჩაბლისაგან. რველში 18 წლის წამოვიდა, დაიწყო ბაღის გაშენება 1898 წელს, 1910 წელს გაჩეხა და თავიდან გააშენა, რადგან ჯიშები ვერ შეეგუენ გარემოს.  აწარმოებდა ყოველდღიურ ჩაწერას (მაქვს 1918 წლიდან ჩანაწერი ცხრილები) ტემპერატურისა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით წინასწარმეტყველებდა ჩითილების დარგვის, ვაშლის მორწყვისა და შეწამვლის დაგეგმვას. სტალინს ყოველწლიურად უგზავნიდნენ გორიდან ვაშლს კრემლში. 1946 წელს გორში მოსავალი არ ყოფილა და პაპასგან იყიდა სახელმწიფომ ვაშლი და არა კოლმეურნეობიდან. თვითონვე მოიყვანეს მკრეფავები. პაპა აკონტროლებდა: ხეები არ დაეზიანებიათ. ფრჩხილებიც შეუმოწმა, ვაშლი არ დაეზიანებიათ.  სტალინის გარდაცვალება რომ უთხრეს, გაზეთი მომიტანეთო. უნახავს და უთქვამს: ერთი კოლმეურნეობის დაშლასაც მომასწრო და მთელ სოფელს სუფრას გავუშლიო. მხარს არ უჭერდა მცირემიწიან რაიონებში კოლმეურნეობების შექმნას. ერთიც უნდა ვთქვათ: აღიარებდა საბჭოთა მიღწევებს სოფლის მეურნეობებში, აკრიტიკებდა მთავრობას ყურძნის ზვრების  გვერდით ქართლის ვაშლის ბაღების არდაყენების გამო. ზვრების გაშენებას რამდენიმე წელი სჭირდება, ვაშლისას კი 10 წელიო. ვაშლის დარაიონების მეფე იყო 40 წელზე მეტი. გარდაიცვალა 1965 წელს 89 წლის. დაკრძალულია თავის ბაღში.

 

 

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი