logo_geo
„გუტმანის წყევლა“ – ტიტულოვანი მწვრთნელი, რომლის წასვლითაც „ბენფიკას“ დაღმასვლა დაიწყო
- +

16 ივნისი. 2021. 12:55

 

 

ბელა გუტმანი  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი მწვრთნელი იყო ფეხბურთის ისტორიაში. ის კლასიკური სათამაშო სქემის, 4-2-4-ის ერთ-ერთი შემქმნელია.

 

​გუტმანი თავადაც ფეხბურთელი იყო. მან პარიზში 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე უნგრეთის ნაკრების მატჩში მიიღო მონაწილეობა. გუტმანის ოლიმპიადაზე ყოფნა სკანდალური აღმოჩნდა. ბელა გაღიზიანებული იყო იმით, რომ მისი აზრით, თამაშებზე ძალიან ბევრი უნგრელი ოფიციალური პირი მოვიდა, თანაც, გუნდი ყველაზე იაფ სასტუმროში იყო დასახლებული. საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად, გუტმანმა ორი მკვდარი ვირთხა მოიყვანა და უნგრეთის დელეგაციის ლიდერების ოთახების კარებზე ლურსმნებით დააჭედა.

 

შემდეგ ის მწვრთნელი გახდა და რუმინულ კლუბ „ჩინეზულს“ ხელმძღვანელობდა. ომის შემდეგომ პერიოდში, საკვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გუტმანმა მოითხოვა, მისთვის ანაზღაურება არა ფულით, არამედ ბოსტნეულით გადაეხადათ. ის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა. მილანის მწვრთნელიც იყო. 1958 წელს გუტმანი პორტუგალიურ „პორტუს“ ხელმძღვანელობდა და პირველივე სეზონში საჩემპიონო ტიტულამდე მიიყვანა.

 

შემდეგ „ბენფიკაში“ გადავიდა. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ეუსებიო, კოლუნა და სხვები. მასთან ერთად „ბენფიკა“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდა. ყველაფერი მოიგეს – ეროვნული ჩემპიონატი, პორტუგალიის თასი, ჩემპიონთა თასი (ორჯერ). შემდეგ გუტმანმა ხელფასის გაზრდა მოითხოვა. ხელმძღვანელობამ უარი უთხრა მას და განაცხადა, რომ ისეთი ფეხბურთელებით, როგორიც ეუსებიოა, „ბენფიკა“ მასთან ერთად თუ მის გარეშე ყველაფერს მოიგებდა. წასვლისას გუტმანმა გუნდი „დაწყევლა“ – „მომდევნო ასი წლის განმავლობაში „ბენფიკა“ უჩემოდ ევროპის ჩემპიონთა თასს ვერასდროს მოიგებს“.

 

მას შემდეგ „ბენფიკა“ ევროპის თასის ფინალამდე შვიდჯერ მივიდა და ყოველ ჯერზე დამარცხდა. 1988 წელს ჩემპიონთა თასის ფინალის წაგების შემდეგ, როცა 1990 წელი დადგა და ვენაში „ბენფიკა“ – „მილანის“ მატჩი უნდა გამართულიყო, ეუსებიო თავისი დიდი მენტორის საფლავზე მივიდა და ლოცულობდა, რათა გუტმანს წყევლა „მოეხსნა“, მაგრამ სულ ტყუილად… „ბენფიკამ“ ისევ წააგო. ​

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი