logo_geo
ნიაზ დიასამიძე - ის დააკლდა ქალაქს...
- +

21 ივნისი. 2021. 16:05

 

თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია.

 

უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გამოიმუშავო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო. ნათქვამიცაა, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო.

 

ალბათ, მიხვდით რომ დღევანდელი სახალისო მოგონებები თბილისელ კოლორიტებს ეკუთვნით.

 

კოლორიტები ვახსენე და დღევანდელი წერილი ერთ ადამიანს - ნიაზ დიასამიძეს მიეძღვნება. მის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება. სამწუხაროდ, ამჟამინდელი თბილისი მისნაირი პიროვნებების დიდ დეფიციტს განიცდის. დღევანდელ მოგონებებში სიტყვას ნიაზ დიასამიძის ახლობლებს გადავცემ, რომლებიც ამ დიდებულ ადამიანს კიდევ ერთხელ მოიგონებენ.

 

თემო ჩირგაძე

ნიაზ დიასამიძე 1934-44 წლებში გავიცანი. მე და ჩემი ტოლები ნიაზზე უმცროსები ვიყავით. ის კი უკვე მაშინ, პოპულარული იყო, ბუნებრივია, ჩვენთვის, შედარებით ყმაწვილებისათვის, დიდი ბედნიერება იყო მასთან დამეგობრება.

 

იმდროინდელ თბილისში ნიაზს ყველა იცნობდა და მასთან დაახლოებას ცდილობდა. გოგონები შეყვარებულები იყვნენ მასზე...

 

იმ წლებში თბილისში ცოტანი მღეროდნენ. ჩვენ, ნოდარ ნაკაშიძე (ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა), თემურ ნაცვლიშვილი და მე ასე თუ ისე ვავსებდით ამ ნაკლს. ნიაზს მოსწონდა ჩვენი სიმღერები და ხუმრობით „ძმები იშხნელები“ შეგვარქვა.

 

იგი ერთობ მუსიკალური პიროვნება გახლდათ. შესანიშნავად უკრავდა, თავისებური, ორიგინალური მანერა გააჩნდა, განსაკუთრებული ოსტატობით ხმარობდა მარჯვენა ხელის სამ თითს (არათითი და შუათითი დაზიანებული ჰქონდა), ასეთ სტილს როიალზე დაკვრისას მხოლოდ იგი ფლობდა.

 

იმ ხანებში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე ამერიკული ფილმი „მზიური ველის სერენადა“ გადიოდა. ჩვენ მაშინ პირველად მოვისმინეთ ოკეანისგაღმური კლასიკური მუსიკა. ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით. მახსოვს, კინოფილმის ნახვიდან მეორე თუ მესამე დღეს ნიაზს ვესტუმრეთ და ისევ აღფრთოვანებულები დავრჩით: ახლა უკვე მან და მისმა მეგობარმა, ალეკო გიორგაძემ (ცნობილი ქართველი მოქანდაკე) ხსენებული ფილმის თითქმის ყველა მელოდია უშეცდომოდ მოგვასმენინეს.

 

ძალიან კარგად ასრულებდა ნიაზი ერთ ქართულ ქალაქურ მელოდიას, ეს მელოდია მე ახლაც მახსოვს მისებურად, ორიგინალურად აჟღერებული.

 

ჩაცმა ლამაზად უყვარდა. საშინლად გვიჭირდა ომისა და ომის შემდგომ წლებში, სად იყო კოსტიუმი ან ფეხსაცმელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნიაზი მუდამ პეწიანად გამოიყურებოდა. შარვალს თვითონ იკერავდა. ჩვენებური საბჭოთა ფეხსაცმლისაგან, რაღაც განსხვავებულსა და განუმეორებელს გამოიყვანდა.

 

მახსოვს, რუსეთიდან დავბრუნდი, სადაც სამხედრო ექიმად ვმუშაობდი. ჩავიცვი სამოქალაქო ტანსაცმელი და რუსთაველზე გამოვედი. გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისთან ნიაზი შემხვდა - ერთი წელი არ მენახა. შემხედა თუ არა, იყვირა - „ეს რა შარვალი გაცვია, ვაიმე, დავიღუპეთო!“ მომკიდა ხელი, წამიყვანა სახლში და თავის პატარა ოთახში ნახევარ საათში დამივიწროვა შარვლის ტოტები. ჩემთვის ყოველთვის ზეიმი იყო მასთან შეხვედრა. მახსოვს, კიკეთში ვისვენებდი ოჯახთან ერთად, ხშირად ამოდიოდა და ჩვენთან რჩებოდა. ის დღეები ყველა ჩემიანისთვის დაუვიწყარია. ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვარდათ, იოლად ამყარებდა კონტაქტს უფროსებთან. როდესაც, მიზეზთა გამო, რამდენიმე წელიწადს საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი, ნიაზი თურმე ხშირად დადიოდა ჩვენსას, ჩემი ამბების გასაგებად და ახლობლების დასამშვიდებლად.

 

საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო.

 

ბოლო წლებში იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს. ავადმყოფობა მოეძალა და როდესაც ძალიან ცუდად ხდებოდა, თვითონ გაეცლებოდა ხოლმე მეგობრებს. უკანასკნელად გედევანიშვილების ოჯახში შევხვდი. თამადად ავირჩიეთ და, მიუხედავად იმისა, რომ თავად მხოლოდ ლიმონათს სვამდა, საუცხოო დრო გაგვატარებინა.

 

ნიაზი იუმორით აღსავსე პიროვნება იყო. მისი ოხუნჯობანი და სხარტულები მყისვე ვრცელდებოდა ქალაქში, მაგრამ მის იუმორს მაშინდელი სიტუაციის ისეთი ბეჭედი დაჰკრავს, რომ დღეს შეიძლება ბევრისათვის გაუგებარიც იყოს, იმ დროისა და მომენტისათვის უაღრესად ზუსტი და ღიმილის მომგვრელი გახლდათ.

 

დღეს, როცა ნიაზს ვიგონებ, ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთს ვავლებ თვალს, რომელიც მასთან ერთად გავატარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა ბედნიერი ვიყავი ამ სიახლოვით. ძალიან ბევრს უწილადა სიამოვნება, აჩუქა ღიმილი და სიხარული. ჩემი თაობის და ჩემი წრისათვის ნიაზ დიასამიძე დიდი პიროვნება იყო. ჩვენ ყველამ მისი „უნივერსიტეტი“ გავიარეთ. მადლობელი ვარ ჩემი ბედისა, მისი ახლობელი რომ ვიყავი. ვიცი, გულწრფელად ვუყვარდი და ისიც მარად დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.

 

გივი ჭელიძე

ჩემი სტუდენტობისდროინდელი ამბავია. მაშინდელი პლეხანოვის პროსპექტის ვიწრო ჩასახვევში ერთი ჩემი ნათესავი გოგონა ცხოვრობდა. ყველა თაობას ჰყავს თავისი საფიცარი მანანები, გულნარები და ხათუნები. ის ქალიშვილიც ომის შემდგომი თაობის უბრწყინვალესი ასულთაგანი იყო: ლამაზი, ზრდილი, ჩინებული ოჯახის შვილი... ერთი სიტყვით შესაშური სასძლო გახლდათ და ნახევარი თბილისის შეღერებულ ბიჭებს ქორივით ეჭირათ მასზე თვალი.

 

თაყვანისმცემელთა შორის ერთი საუცხოო ვერისუბნელი ჭაბუკიც ერია. თანატოლებს შორის ისიც აშკარად გამოირჩეოდა და პირველ ბიჭად ითვლებოდა. მართლაც მომხიბვლელი, მისაბაძი ვაჟკაცი იყო. არ ვიცი, მართალია თუ არა, რომ ინგლისელი ლორდები სერ ენტონი იდენივით იცვამდნენ და წვერ-ულვაშსაც იყენებდნენ, მაგრამ იმის ცოცხალი მოწმე კი გახლავარ, რომ თბილისელების ჩემმა თაობამ იმ ჭაბუკის მიბაძვით დაიწყო საყელოაწეული ლაბადის ტარება, ჰალსტუხსაც მისეული კვანძით ვისკვნიდით, ის კი არა, ზოგი სიარულშიც ბაძავდა... უკრავდა ისე, სხვა რომ ვერავინ უკრავდა თბილისში - თავისებური იმპროვიზაციით მღეროდა, საკუთარი სტილითა და მანერით ძერწავდა, ხატავდა. საოცრად ნათელი გონება და მოსწრებული ენა ჰქონდა. მისი ნაკვესები მაშინვე მოედებოდა ხოლმე ქალაქს და ყოველი მათგანი იმდენად თავისთავადი იყო, ავტორის გამოცნობა არავის უჭირდა... ერთი სიტყვით, პირველი ბიჭი იყო ნიაზ დიასამიძე და პირველბიჭობდა კიდეც...

 

ფერი ფერსო და მადლი ღმერთსო, შესაფერისნი კი იყვნენ, მაგრამ გოგო იყო უკარება და არ გატყდა, არ ინდომა. ბიჭი მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს. ცდას არ აკლებდა.

 

დაბადების დღეს ყოველთვის მოკრძალებულად, მაგრამ მხიარულად აღნიშნავდა ის ქალიშვილი. მაშინაც ასე იყო - ოცი წელი რომ შეუსრულდა. არც მეინახენი იყვნენ მრავლად, და არც ღვინის ღვარი ჩქეფდა, იყო სილაღე და... მოლოდინი. რადგან ყველამ იცოდა, რომ ის ბიჭი მოვიდოდა, მოვიდოდა და რამე მოულოდნელს ჩაიდენდა, რადგან ამხანაგებში დაიქადნა - ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ, თქვენ სიცოცხლეში ვერ დაივიწყოთო. დაიქადნა და შეასრულა კიდეც:

ზარმა რომ დარეკა, გოგონამ ყველას დაასწრო მაგიდიდან წამოხტომა, კარი გაიღო და იქვე უხერხულად ჩადგა. მის წინ ჟღალწვერმოშვებული ღმერთკაცი იდგა და იღიმებოდა.

 

- შეიძლება?

 

გოგონა სულ დაიბნა, აილეწა, დაიმორცხვა, მაგრამ ის კი მოახერხა, რომ კარები ფართოდ გაეღო: ჭერმა აიწია, დიდი სიკეთის ნათელი ჩადგა ვრცელ ოთახში. პოეტი მაგიდის კუთხეში აპირებდა ჩამოჯდომას - სათამადო ადგილზე დააბრძანეს. ყველა ფეხზე ადგა, ის ერთი იჯდა და უკვე მერამდენედ ეხვეწებოდა დამხვდურთ - დასხედით, ძამიკოებო, დასხედით და თავისუფლად განაგრძეთ, თორემ იცოდეთ, წავალო...

 

მაგრამ ვინ შეელეოდა ასე მალე სანუკველ სტუმარს! ერთადერთი სადღეგრძელოს სათქმელად შემოსულმა, საათზე მეტ ხანს დაჰყო სუფრასთან, გაიხარა და სხვებიც გაახარა...

 

თემურ გოცაძე

როდესაც ნიაზი გავიცანი, მისი „კულტი“ უკვე ზენიტში იყო. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და „გეოგრაფიული სიახლოვის“ წყალობით, რუსთაველის პროსპექტზე გავიცანით ერთმანეთი. იმ წლებში თბილისში ტელეფონი ცოტას თუ ედგა, ასე რომ, ჩვენი დამაკავშირებელი, ხსენებული გამზირი გახლდათ.

 

უმეტესად ლაღიძის წყლებთან ვიკრიბებოდით. ვინმეს ნახვას თუ მოისურვებდით, რუსთაველზე გამოხვიდოდით და უსათუოდ შეხვდებოდით კიდეც.

 

იყო დაკა-დაკებიც. გოგოს გულისთვის ხშირად გვიჩხუბია. ასეთი „დუელები“ მეტწილად დადიანის (ძველი ველიამინოვის) ქუჩაზე იმართებოდა. ძველბიჭობასაც თავისი პეწი ჰქონდა. ამ ბიჭების მარაქაში ჩაწერა ძნელი საქმე იყო, თუ გამორჩეული თვისებებისა არ იყავი.

 

მაშინდელი „რუსთაველი“ მკვეთრი კონტრასტულობითაც ხასიათდებოდა. აქ ბუბა კიკაბიძესაც ნახავდი და მის გვერდში ვინმე „პაკრიშკასაც“.

 

ამ ფონზე ნიაზი ავტონომიურ პიროვნებად აღიქმებოდა.

 

სასტუმრო „თბილისის“ მეორე სართულზე კაფე იყო. კაფეში მებუფეტედ არარატა მუშაობდა. კარგი ხაში იცოდა არარატამ. ჩვენი თაობა ზარხოშზე ამ კაფეში გამოდიოდა. ერთხელ, წინადღით ნაქეიფარს, ჟანრი ლოლაშვილი იმ კაფეში შემიძღვა და ჩემი თავი არარატას ჩააბარა. არარატამ მოხარშული კვერცხი შუაზე გაჭრა, ზედ 2-3 მილიმეტრის სისქეზე მდოგვი წაუსვა, მდოგვზე შავი პილპილი ბარაქიანად მოაყარა, ძმარიც მოასხა და 200 გრამ არაყთან ერთად მომართვა. დავლიე და შემოთავაზებული ნაბახუსევზე გამოსასვლელიც დავაყოლე. ამას „პოტოლსტოვსკის“ ეძახდნენ. თურმე ა. ტოლსტოიც ასე გამოდიოდა „პახმელიაზე“.

 

იმ დღეს კიდევ დავლიე. საოცარი ის იყო, რომ არ მომეკიდა. ჟანრი ლოლაშვილმა ამიხსნა: „დილით რომ კვერცხი მოგართვა არარატამ, ეს იმის დამსახურებააო“.

 

საღამო ხანს სამაიას ბაღთან მივედი. ჩვენი თაობა იქაც იკრიბებოდა. ბაღში ნიაზი დამხვდა. მეც ავდექი და დილით ნასწავლი რეცეპტი შევთავაზე. მეორე დღეს ნიაზსაც მიუმართავს ამ რეცეპტისათვის. მესამე დღეს რომ შემხვდა, კინაღამ მომკლა: - რა მასწავლე, ბიჭო, ეს ამდენი არაყი რად გამაფუჭებინე, მე არაყს დასათრობად ვსვამ და არა იმისათვის, სულ ფხიზლად რომ ვიაროო...

 

60-იან წლებში თბილისში სამოღვაწეო ასპარეზზე უაღრესად ნიჭიერი თაობა გამოვიდა. მათ შორის ნიაზ დიასამიძესაც ღირსეული ადგილი ეკუთვნის.

 

მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ტანჯავდა. მისი უმთავრესი ნიშანი მარტოსულობა და სევდიანობა იყო. მეგობრები არ დაჰკლებია, და მაინც მარტო დარჩა ეს კაცი...

 

იგი კეთილგანწყობილი გახლდათ ყველას მიმართ, ვისაც სძულდა და ვისაც უყვარდა, მას ყველა უყვარდა.

 

1968 წელს ტელევიზიაში თითქმის ერთდროულად დავიწყეთ მუშაობა. შემდეგ ბათუმში აღმოვჩნდით ერთად. იქ, მაშინ „არაჩვეულებრივ გამოფენას“ იღებდნენ. მე სცენის გასაფორმებლად ჩავედი. ნიაზი გადაცემის მოსამზადებლად იყო წასული. უკანასკნელად იქ ვნახე.

 

გია ფერაძე

ალბათ ყველამ იცის, ვინ იყო ნიაზ დიასამიძე. მის იუმორზე ბევრი დაწერილა და შეიძლება ბევრმა იცის კიდეც ეს ამბავი...

 

ნიაზი ხშირად დადიოდა ერთ სომეხ პარიკმახერ აშოტასთან. ერთხელ აშოტამ ეს ჩვენი ნიაზა ცუდად გაკრიჭა, რის გამოც ნიაზი კარგა ხანს საპარიკმახეროში არ შესულა. სამი თვის შემდეგ, როგორც იქნა, მივიდა აშოტასთან. გახარებულმა პარიკმახერმა შესძახა:

- ვა, ნიაზჯან, სად იყავი აქამდე?

- სომხეთში ვიყავი, აშოტ.

- ვა, კარგია, მოგეწონა?

- ძალიან, აშოტ, ტბაზე წამიყვანეს, მიმიქარავს ჩვენი რიწა და პალიასტომი.

- სევანზე იყავი, ნიაზჯან? - გაუხარდა აშოტას შექება.

- კი, სევანზე, მანდ თევზი მაჭამეს, ახლოს ვერ მივა ჩვენი კალმახი გემოთი.

- იშხანი ჭამე, ნიაზჯან? - სომეხი სიხარულისგან ფრინავდა.

- ეგ იყო, ხო... მერე ეკლესიაში წავედი, იქ ტერტერა წირავდა, ყველამ დაიჩოქა, ჩემ გარდა. მე ვუთხარი, თქვენ გრიგორიანელები ხართ, მე - მართლმადიდებელი-მეთქი. ტერტერამ მითხრა, რა მნიშვნელობა აქვს, შვილო ჩემო, ყველანი ქრისტიანები არ ვართო?

- მერე, მერე რა მოხდა? - პარიკმახერი უკვე სიხარულისგან ტიროდა.

- მერე მოვიდა ჩემთან ტერტერა და თავზე ხელი დამადო.

- რაო, რა გითხრა? - არ ცხრებოდა აშოტა.

- რაო და, რას გიგავს ეგ თავი, ვინ გაგპარსა, მე იმისი ასე და ისეო....

აშოტას სავარცხელი ხელიდან გაუვარდა.

 

25 ოქტომბერი, 2015

 სანტიაგო გაუჩო

 

 

 

right_banner big_banner
არქივი