logo_geo
ანა კალანდაძის „მოგონებები კოლხური კოშკის ბინადრებთან“
- +

25 ივნისი. 2021. 13:51

 

1963 წლის 22 ივნისს, შაბათს, ინსტიტუტში დამირეკა მირანდა გამსახურდიამ და შვილიშვილის მონათვლა მთხოვა, ხვალ მანქანას გამოგიგზავნითო.

 

ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, პაპის სეხნია, კონსტანტინე (შინაობაში - კოკო), 24 ივნისს 2 წლისა ხდებოდა.

 

ნათლობის ცერემონიალის ჩატარება სიონის საკათედრო ტაძარში ბატონმა კონსტანტინემ კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ მეორეს სთხოვა.

 

კათოლიკოსმა ნათლიები იკითხა. ბატონმა კონსტანტინემ წარგვადგინა - თავისი უახლოესი მეგობარი აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი და ამ სტრიქონების ავტორი.

 

ბავშვი უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ და მოხუცმა მღვდელმა მონათლეს. ბიჭი „ბაბუკას“ ძახილით ბატონი კონსტანტინესაკენ იწევდა...

 

უწმინდესმა ბატონ კონსტანტინეს ფრთხილად შეაპარა იმ დღეს თავისი გულისტკივილი: თქვენს რომანში კათოლიკოსი მელქისედეკი სათანადოდ ვერ გამოიყურებაო. ამაზე ბატონმა კონსტანტინემ მიუგო: პირიქით, მელქისედეკი მსოფლიოს გავაცანიო. კათოლიკოსმა მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.

 

როგორც ქალბატონ მირანდასაგან გავიგე, ჩემი ნათლიად არჩევა თავად ბატონ კონსტანტინეს უნებებია, რაიც ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ (აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნათლიად მოკიდებამდე გამსახურდიების ოჯახის არც ერთ წევრს პირადად არ ვიცნობდი, თვით ბატონი კონსტანტინეს ჩათვლით)...

 

ჩვენ ახლა ნათესავები ვართო, - ხშირად მეუბნებოდა იმ დღეს ბატონი კონსტანტინე.

 

ნათლობას სიონში ესწრებოდნენ: თავად ბ-ნი კონსტანტინე, ბავშვის მშობლები, დალი ლოლუა, ზვიად გამსახურდია და ბავშვის მამიდა, თამარ გამსახურდია.

 

კოლხურ კოშკში იმ დღისადმი მიძღვნილ სუფრაზე პირველი სიტყვა ბატონმა კონსტანტინემ წარმოთქვა. მან აღნიშნა, რომ იგი ქართულ, ქრისტიანულ ტრადიციებს არ ღალატობს და რომ დღევანდელი დღეც მხოლოდ ამ ტრადიციებით იყო ნაკარნახევი.

 

სუფრაზე ნათესაობა და ბატონი კონსტანტინეს უახლოესი ადამიანები იყვნენ (გიორგი ლეონიძე, აკაკი გაწერელია, პროფ. პლატონ შუშანია, დავით ლომაძე მეუღლით, ვ. თოფურიძე და სხვ.). სუფრას უძღვებოდა ოჯახის ნათესავი ვალოდია თოფურიძე.

 

big_banner
არქივი