logo_geo
„ლაღიძის წყლები“ რუსთაველის N 24-ში შესაძლოა ზაფხულის ბოლოს დაბრუნდეს
- +

14 ივლისი. 2021. 01:46

 

2018 წლის ზაფხულის ბოლოს შესაძლოა „ლაღიძის წყლები“ კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდეს.

 

მიტროფანე ლაღიძის შთამომავალი, თინათინ ლაღიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ, ობიექტის ამჟამინდელ უცხოელ მფლობელს და მერიას შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, ხოლო მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ „ლაღიძის წყლები“ რუსთაველის გამზირზე #24-ში კვლავ დაბრუნდება.

 

თინათინ ლაღიძე ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების დასრულებას ზაფხულის ბოლოს ელოდება და მას მიმდინარე პროცესის მიმართ დადებითი მოლოდინი აქვს.

 

როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია „ლაღიძის წყლების“ ნედლეული რუსეთის ბაზარზე ისევ გადის.

 

სანქტ-პეტერბურგში მდებარე „ტიხვინის ლიმონათის ქარხანასთან“ პარტნიორული ურთიერთობა 15 წელია არსებობს. 2013 წელს იყო წყვეტა, ხოლო, ახლა ურთიერთობა დალაგდა და წარმოებაც განახლდა. თუმცა ნედლეულის მიწოდება დიდი ოდენობით აღარ ხდება, რადგან რუსული კომპანია ნედლეულს ძველი რაოდენობით ვეღარ იბარებს.

 

„ლაღიძის წყლების“ ძველი ტერიტორია 2007 წელს სახელმწიფომ გაყიდა. ლაღიძის კაფის ისტორიულ ადგილზე აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელს  გააჟღერა და შესაბამისი დავალება თბილისის მერს კახა კალაძეს მისცა.

 

„ვისურვებდი, რომ „ლაღიძის წყლები“ და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ“, - განაცხადა მაშინ  გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი