logo_geo
„სიზმარი აგიხდათ - მზე გარდაიცვალა“
- +

27 აპრილი. 2017. 23:17


„გივის სიკვდილი ვინ გაიგონა... მან ადამიანის უსულგულობის ნაცვლად მზეს თავისი გული წაუღო სიყვარულის გასაცოცხლებლად. გივისნაირები არ კვდებიან..."


საქართველოს ჰყავდა კაცი, რომელიც ამდიდრებდა კაცობრიობას. ეს იყო ჩვენი ბერიკა - სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გივი ბერიკაშვილი. მისი გადამდები ღიმილი, ლოყაზე ჩაკეცილი ჭრილით, იმდენად მშობლიური და ნაცნობი იყო ყველასთვის, რომ ბევრი ოჯახის წევრად თვლიდა... სადაც გამოჩნდებოდა, აპლოდისმენტები სწყდებოდა იქაურობას. ყველას ერთი სურვილი ჰქონდა - ეს კაცი გულში ჩაეკრა და ხმამაღლა თუ უსიტყვოდ, მადლიერება გამოეხატა იმ უკიდეგანო სიყვარულისთვის, რაც მან უანგაროდ დაამკვიდრა ხალხში...


ჩვენს ძვირფას პატრიარქთან გახლდით ამას წინათ. ძილად მისვლის ლოცვებს­ დავესწარით. სულ რამდენიმე ადამიანი ვესწრებოდით ლოცვას, მათ შორის იყო გივი ბერიკაშვილი. ერთი მხრის ხალხი ვართ, ღვინომრავალი და პურმადლიანი კახეთიდან. წავუკახურებდით ხოლმე შეხვედრისას:


- როგორ ხარ, გივი ძია?


- კაცი რომ 80 წელიწადს გადასცდება, როგო იქნებაო, - მიპასუხა.

 

- შენ მთელ ერს უზომოდ უყვარხარ და განა უფლება გაქვს, რომ ცუდად იყო-მეთქი?


- წლებით დატვირთული კაცის ცხოვრება მართლა მძიმეა, მაგრამ რომ ვგრძნობ, რამხელა სიყვარულია ხალხის მხრიდან, სწორედ ეგ მაცოცხლებსო...


გულში ჩავიკარი და მოვეფერე. იმწამს მართლა მინდოდა გადამეცა მთელი ერის სიყვარული. თვალები აუცრემლდა...


ნეტა გენახათ მისი შეხვედრა უწმინდესთან. ასაკით ტოლ-სწორები, მამულზე ზრუნვით წელში მოხრილნი, როგორ ტკბი­ლად უზიარებდნენ ერთმანეთს უკიდეგანო სითბოს. ორი სათნო მოხუცის შევერცხლილი ჭაღარა იქაურობას ასპეტაკებდა და ანათებდა...


მის თვალებში სევდაც მახსოვს, უძირო სევდა. გივი სიცილის და ღიმილის მეფე კი იყო, მაგრამ იმავე დოზით იცოდა დარდიც. ისედაც დინჯი კახელი, საქართველოზე, მის მომავალზე საუბრისას გაირინდებოდა, დასალიერს გადასწვდებოდა მისი ნაღვლიანი მზერა და წუხდა დაკარგულ ზნეობაზე, გაციებულ ადამიანებზე, სანთლით საძებარ სიყვარულსა და სულთმობრძავ სამშობლოზე.


ახლა, გივიზე რაიმე მოვიგონოთ და იუმორი არ შევურიოთ, გამორიცხულია. ვსხედვართ ერთხელ „კვირის პალიტრის" რედაქციაში, ამ მთისას და იმ მთისას ვსაუბრობთ, ქართულ სუფრაზე ჩამოვარდა სიტყვა და ასეთ ამბავს მომიყვა:


„ქუთაისში ვარ და ვინ გამომიშვებდა უპურმარილოდ, ჩემმა ქუთათურებმა მომიტაცეს და აღმოვჩნდი გრანდიოზულ სუფრასთან. თამადამ იქვე გამოაცხადა, ჩემი მოადგილე იქნება ბატონი გივი ბერიკაშვილიო და ტაშის გრიალში დაიწყო სადღეგრძელოები. ერთი, მეორე, მესამე ჭიქა მიაყარა იმ დალოცვილმა ზედიზედ. დაჯდომა მინდა და ვერ ვახერხებ. თევზი გადავიღე მხოლოდ და ველოდები, რომ ცოტა პაუზა გააკეთოს, ლუკმა გავტეხო. არადა, ავიტაცებ თამადის სადღეგრძელოს, შევსვამ, ჭიქა მოხსნილი არ მაქვს პირიდან და მაგიდაზე დადგმული, რომ ვიღაც იქვე მივსებს. ამ თამადასაც მეტი რა უნდა, სავსე ჭიქას ხედავს და ეგრევე: - ბატონო გივი, ერთიც შევსვათ...


მეოთხე სადღეგრძელოზე, როგორც კი მომენტალურად შემივსეს ჭიქა, უკან მოვიხედე, ნეტა ეგრე ოპერატიულად ვინ მემსახურება-თქო. დგას წარმოსადეგი ყმაწვილი, ხელადა უჭირავს და ფეხს არ იცვლის იქიდან.


მე ვუთხარი, - შვილო, ვინა ხარ მეთქი?


- მერიქიფე ვარ, ბატონო გივი, პატივი მინდა გცეთო...


- შვილო, ჩემი პატივისცემა თუ გინდა, ამ თევზიდან ფხები გამამირჩიე და ღვინოს მე თავად დავასხამ-თქო...

 

ატყდა სიცილ-ხარხარი. ის ყმაწვილი მართლა გულით იდგა ჩემთან, უნდოდა რითიმე გავეხარებინე. გულში ჩავიკარი და მადლობა გადავუხადე"...


შემსწრე ვარ გივის და ზურა ქაფიანიძის, გივის და კახის ენამოსწრებული და ღიმილიანი პაექრობისა. ეს იყო მახვილსიტყვაობის, ლაღი იუმორის და ძმაკაცობის დღესასწაული.


მოაყოლეს გივის ერთხელ, როგორ იყო, პიჯაკს რომ უკერავდი შენს მეგობარს და „პრიმერკაზე" წახვედითო?... მისულან მკერავთან "პრიმერკაზე" გივი და მისი ძმაკაცი. მოიზომა კაცმა და რას ხედავს, ყველაფერი მშვენივრადაა და ცალი სახელო ისეთი მოკლეა, იდაყვსაც არ უფარავს. მკერავი დაიბნა, ვერ ხსნიდა როგორ დაემართა ეს "იაღლიში"" და ისევ გივიმ გამოიყვანა უხერხული სიტუაციიდან: - ე რა არი, ბიჯო, ცალი სახელო მწნილის ამოსაღებად დაუტოვეო?!


წუთისოფელი ღარიბდება, როდესაც მაგარი კაცი ტოვებს საწუთროს. თუმცა, ასეთები არ კვდებიან, გივის სიკვდილი ვინ გაიგონა. თაობებს გაახსენდებათ და იამაყებენ გივი ბერიკაშვილის უკვდავი შემოქმედებით. გივი იცოცხლებს - ლონდრეში თუ ტიგრანაში, ახალსოფლის თავმჯდომარეში თუ კოსტა დასტურიძეში, მიტუაში თუ ბონდო ლანჩავაში, ფირუზაში თუ ბულიკაში...


ბულიკაში... თავის გმირივით წავიდა მართლაც. გახსოვთ „მარადისობის კანონი"? - სიზმარი აგიხდათ, მზე გარდაიცვალა... „გივიმ ადამიანის უსულგულობის ნაცვლად მზეს თავისი გული წაუღო სიყვარულის გასაცოცხლებლად. გივისნაირები არ კვდებიან, ისინი, მზესავით ნათელი, უკვდავების თანაზიარი ხდებიან...


ასეთია მარადისობის კანონი...


„ასე დაიხურა ქუდი და წავიდა - დამტოვა!"


სიკვდილის მეშინიაო, - უთქვამს ერთხელ გივი ბერიკაშვილს. ექიმს უნუგეშებია, მე აქ არა ვარო?! არა, თქვენ ვერ მიმიხვდით, იმ ქვეყნად ისეთი მსახიობები არიან წასული, ვშიშობ, მიმიღებენ კი იმქვეყნიური თეატრის დასშიო...


კახი კავსაძე: - გივი ჩემი ძმა და უახლოესი ადამიანი იყო! 50 წელი ერთად ვიყავით, ერთად ვცხოვრობდით, ვმუშაობდით და ასე დაიხურა ქუდი და წავიდა - დამტოვა! მეგონა, გამოვიდოდა ამ მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ ასე არ მოხდა... მთელი თეატრალური სამყაროდან ძალიან ძლიერი, კეთილი ძალა წავიდა. კაცი, რომელსაც ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა!


ნიკა წულუკიძე: - მახსოვს, ერთხელ მე და გივი ბერიკაშვილი მისი კოლეგის დაკრძალვიდან გამოვედით, ნახეთ, რამდენი ადამიანი მოვიდა მის უკანაკნელ გზაზე გასაცილებლად-მეთქი, გავიკვირვე; ე, სიკვდილი არ მინდა, თორემ ხალხის სიმრავლეს მე გაჩვენებ ჩემს გაცილებაზო,­ სევდანარევი ღიმილით ჩაილაპარაკა... მართლაც მთელმა საქართველომ დაიტირა.


ტრისტან სარალიძე: - გოდერძი ჩოხელის "მიჯაჭვული რაინდების" გადაღება რომ დავასრულეთ, მე, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი ერთად დავბრუნდით ხევსურეთიდან. გადასაღებ მოედანზე როგორც ვიყავით, ისევე წამოვედით, ტანთ არ გამოგვიცვლია; კახის დონ-კიხოტის კოსტიუმი ეცვა, გივის - სანჩოსი, რამაზს - ლუარსაბ თათქარიძისა და მე კი, მისი მოჯამაგირე დათიკოსი. გზად რამაზმა თქვა, ეგება გადაღების დასრულების აღსანიშნავად ერთი ბოთლი ღვინო დაგველიაო. შევედით მცხეთაში, რესტორანში. მებუფეტე სალათას ჭრიდა, რამაზმა, რას შემოგვთავაზებთო, ჰკითხა და თავი რომ ასწია, თვალები კეფაზე აუვიდა. ერთი წუთითო, გვითხრა და გავარდა. ცოტა ხანში დირექტორი მოვიდა, მოგვიბოდიშა, ღვინო საუცხოო მაქვს, მაგრამ ყველა კუპე დაკავებულია და იქნებ ცოტა მოიცადოთო. გივიმ, არა უშავს, დარბაზში დავსხდებითო. დავსხედით და ხუთ წუთში­ კუპეები დაიცალა, ყველამ დარბაზში გადმოინაცვლა. მაშინ კინოგადაღების შესანიშნავი გამოსამშვიდობებელი საღამო გამოგვივიდა...


ახლა გივის დავემშვიდობეთ. მანამდე რამაზი გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე.

 

იმედო კახიანი: - გივი გარდაცვალებამდე ათიოდე დღის წინ მესტუმრა. რამდენიმე მეგობარი შევიკრიბეთ. დავსხედით, ვილაპარაკეთ. ძალიან უყვარდა მაყურებელს. სადაც გამოჩნდებოდა, სიხარული და სიყვარული შეჰქონდა, იმიტომ, რომ უბოროტო და კეთილი იყო. ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა, ნაღდი კახელი იყო, თავისი საოცარი იუმორით. ცხოვრება წუთისოფელია მართლა. ამიტომ, სანამ ვართ, სიკეთე ვაკეთოთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! იმ ქვეყნადაც კარგი ადამიანები განისვენებენ, ალბათ, იქაც იქნება თეატრი...


ნანული სარაჯიშვილი: - ერთხელ, გადაღებაზე, გაუთხოვრები ვინც ვიყავით, ისინი ჩაგვსხა მანქანაში, დღეს მხოლოდ გაუთხოვრები უნდა გაქეიფოთო. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ ყოველთვის თანატოლივით მექცეოდა.


P.S. 13 აპრილს გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს... ქართველ მსახიობთა ზეციურ თანავარსკვლავედს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა - ვარსკვლავი, სახელად გივი ბერიკაშვილი.


ეკა სალაღაია

 

ზვიად სეხნიაშვილი

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი