logo_geo
“კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება” – რას ფიქრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები
- +

5 აგვისტო. 2021. 00:51

 

 

5 ივლისს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას, პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ შემდეგი რამ განაცხადა:

 

„ერის გამოწვევა ხდება. ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური, ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე. ეს რომ აღარ განმეორდეს, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება“.

 

ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შე საბამისად, კანონმდებლობაში მსგავსი ჩანაწერის გაკეთების საკითხი აქტუალობას არ კარგავს... საინტერესოა, რას ფიქრობენ მეუფე შიოს მიერ გაჟღერებულ აღნიშნულ ინიციატივაზე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები? „ქართულმა აზრმა“ ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა, რასაც აქვე გთავაზობთ:

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, უფლებადამცველი:

 

- პირველ რიგში, მინდა, ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო თავად მეუფე შიოს მიმართ, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით დამაიმედებელი განცხადებები ჯერ კიდევ 2018 წელს გააკეთა. მან ღიად განაცხადა, რომ დროა, სამღვდელოება გამოვიდეს, მრევლში იქადაგოს და ცოცხალი სარწმუნოება მიიტანოს თითოეულ ადამიანამდე. როდესაც უკვე დღეს მეუფე შიო აკეთებს განცხადებას, შედგეს დიალოგი ერისა და ბერის მონაწილეობით და მთავრობამ მხედველობაში მიიღოს ქვეყნის მცხოვრებლების აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება ისეთი საკითხების მიმართ, რომელშიც მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იქნებიან ინიციატორები, ბუნებრივია, სხვადასხვა კონფესიებიც გამოვლენ ასეთი ინიციატივის მხარდასაჭერად - მხედველობაში მაქვს იუდეველი, ისლამური თემები. საქართველოს კონსტიტუციაში, ორგანულ კანონმდებლობაში და ზოგადად, საკანონმდებლო სივრცეში, უნდა განხორციელდეს იმ ტიპის ცვლილებები და დამატებები, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა ყველა შესაძლებლობა, გარკვეულმა ჯგუფებმა სპეკულირება და საზოგადოების პროვოცირება მოახდინონ ასეთი თემებით.

 

ბონდო მძინარაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი:

 

- ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, კანონმდებლობაში აისახოს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის დასჯადი. ჩვენ ვართ მრავალკონფესიური ქვეყანა, ჩვენთან არიან მცირე მოცულობის სექტებიც, რომლებსაც ასევე აქვთ თავიანთი რელიგიური გრძნობები. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არავის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა! ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და საქართველოს სახელმწიფოს გაფორმებული აქვთ კონკორდატი, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს სახელმწიფოში გამორჩეული როლი აქვს. ამიტომაც სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებელთა მიმართ გამოთქმული აგრესიის შეჩერებას! აუცილებელია, ეს აგრესია შეწყდეს და საზოგადოება დამშვიდდეს, რადგან ნებისმიერი სასულიერო პირის შეურაცხყოფა, იქნება ეს კათოლიკოს-პატრიარქი, მუფტი, სომეხთა პატრიარქი, კათოლიკეებისათვის რომის პაპი, იუდეველებისათვის რაბინი - ასევე შეურაცხყოფს სხვა კონფესიების წარმომადგენლებსაც.

 

პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს აღნიშნული ინიციატივა დიდი ხანია, საზოგადოებაში მხარდაჭერილია და მას ახლა უკვე სჭირდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრის - პარლამენტის და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხარდაჭერა. კანონმდებლობაშიც და კონსტიტუციაშიც ეს აუცილებლად უნდა იყოს ასახული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელია, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ ვართ მრავალკონფესიური ქვეყანა და აქ დაცული უნდა იყოს ყველა მორწმუნის უფლება!

 

არ შეიძლება, რომ უღმერთო ადამიანები (და მე არ ვგულისხმობ ათეისტებს ან აგნოსტიკოსებს) ლანძღავდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს, ეპისკოპოსებს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პატრიარქს, ეს ყველაფერი კი მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით ვრცელდებოდეს. ამიტომ როდესაც კანონი ამას მოაწესრიგებს, ტელევიზიების, რადიოების, გაზეთების, ონლაინ-გამოცემების მესვეურებს უკვე ეცოდინებათ, რომ აუცილებლად დაისჯებიან ასეთი ტიპის ლანძღვის და შეურაცხყოფების ტირაჟირებისთვის. მერე უკვე იმ ადამიანებსაც, ვისაც ამის სურვილი აქვთ, აღარ ექნებათ ფართო ასპარეზი იმისთვის, რომ საზოგადოებაში განხეთქილება გააჩინონ და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთმანეთთან დააპირისპირონ. აღნიშნული კანონი საჭიროა, პირველ რიგში, საზოგადოებაში სიმშვიდის დასამკვიდრელად და ქვეყნის მშვიდად განვითარებისთვის!

 

ხათუნა ხოფერია, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი:

 

- რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას ვეთანხმები და აუცილებელიც არის ამის გაკეთება, რადგან საქართველო არის მართლმადიდებელი ქვეყანა, ამავდროულად, ძალიან ტოლერანტიულია სხვა ეკლესიებისა და აღმსარებლობების მიმართ. ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დგება იმის აუცილებლობა, რომ გვიწევს ჩვენი ეკლესიისა და რწმენის საკანონმდებლო დონეზე დაცვა!

 

სანამ ჩვენი პატრიარქი ცოცხალია, მანამდე მაინც დაყენდნენ ზოგიერთები, რადგან ჩვენ, პრაქტიკულად, ცოცხალი წმინდანი გვყავს - მამა, რომელსაც უდიდეს პატივს მიაგებს ყველა სარწმუნოება და მრევლი, რომელიც საქართველოში და საერთოდ, მსოფლიოში არსებობს! უდიდესია პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ და ამ ჭიაღუებს მცდელობაც კი არ უნდა ჰქონდეთ იმის, რომ მას რაიმე ზიანი მიაყენონ, რადგან ამას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ! იცით, როგორ მდგომარეობაში არიან, ვინც ამას ცდილობს? ბავშვობაში ლექსს რომ გვასწავლიდნენ - „აქეთ გორას წიხლსა ვკრამ, იქით გორასა ძვრას ვუზამ, ადიდებულსა მდინარეს პირს გავაღებ და ყლაპს ვუზამ“... დაყენდნენ, რა! ვერც პირს გააღებენ, ვერც ყლაპს უზამენ, ვერც ძვრას უზამენ ვერც გორას, ვერც მთას და ვერც პატრიარქს! კიდევ უფრო გასაგებად რომ გითხრათ - გუშინდელ პლენარულ სხდომას ვუყურებდი (კომენტარი ჩაწერილია 19 ივლისს - ნ.ლ.) და მათი, „ნაცმოძრაობისა“ და დანარჩენი ე.წ. ოპოზიციის ქცევა მორალის თვალსაზრისით, იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ მათთვის გასაგებ ენაზე ვიტყვი ახლა - ყველამ თავის მამიდას მიხედოს, რა!

 

გოგა ხაინდრავა, კინორეჟისორი:

 

 - ცალსახად ვეთანხმები! საერთოდ, უდიდესი პატივისცემით ვარ გამსჭვალული მეუფე შიოს მიმართ, მე მას კარგა ხანია, ვიცნობ, სასულიერო პირი სანამ გახდებოდა, მანამდეც ვიცნობდი. მეუფე შიო ერთ-ერთი გამორჩეული კაცია, ამ ქვეყნის მოყვარული და უფლის ერთგული. უფლის ნების გარეშე არ ხდება, რომ ის პატრიარქის თანამოსაყდრე გახდა, ისევე, როგორც უფლის ნება იყო, რომ თავად ილია მეორე გახდა პატრიარქი. მე მესმის კიდეც, რატომ არის ასეთი შეტევა დღეს უწმინდესსა და უნეტარესზე, რადგან მსოფლიო მართლმადიდებლობის ბურჯი დღეს სწორედ საქართველოს პატრიარქია და ამას მთელი მართლმადიდებელი სამყარო ცნობს! მეუფე შიომ აბსოლუტურად სწორად დააყენა საკითხი, რადგან იმის ატანა, რაც მოედინება ამ გარყვნილების ბუდეებიდან, რასაც ეს სიბილწის მაშხალები მიკროფონებში გაიძახიან, ბუნებრივია, შეუძლებელია!

 

ლალი მოროშკინა, პოლიტოლოგი, პიარ-ტექნოლოგი:

 

- არის ასეთი ფილმი „ეშმაკის განდევნა“ და მგონია, რომ დღეს ჩვენთან ამ ფილმიდან რაღაც ფრაგმენტებს ვუყურებ. ზოგადად, არ მიყვარს ე.წ. შეთქმულებების თეორიები, მაგრამ ამჯერად ვირწმუნე, რომ ალბათ, არსებობს ეს რაღაც დემონური ძალები, მასობრივი ფსიქოზი... როგორც გითხარით, წესით, ნორმალურ სამყაროში ასეთი კანონები არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ასეთი კანონები იყოს და შესაბამისად, მე ამ ინიციატივას მხარს ვუჭერ! ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ყველა სახის კონფესია და რელიგიური მიმდინარეობა. ჩვენ სეკულარული ქვეყანა ვართ, აქ ბევრი სხვადასხვა რელიგიური კონფესიაა და როგორც ჩანს, ყველას დაცვა გვიწევს, რადგან აქ არ არის საუბარი მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანობაზე, ან კათოლიციზმზე - ზოგადად ქვეყანაში არსებული ყველა ეთნოსის იდეოლოგია უნდა იყოს დაცული და არ უნდა მიეცეთ ადამიანებს იმის უფლება, ანაფორიანებს მისდევდნენ, ხელებს ურტყამდნენ, ბერ-მონაზვნებს ხელებს უტყაპუნებდნენ, ხსნიდნენ ჯვრებს!

 

 

right_banner big_banner
არქივი