logo_geo
ვალერი ასათიანი: სააკაშვილის ხელისუფლება უნდა გასამართლდეს!
- +

23 სექტემბერი. 2021. 17:27

 

2000-იანი წლების დასაწყისში არნახულად გააქტიურებული „ახალგაზრდა რეფორმატორების“ (ჟვანია, სააკაშვილი და სხვები) პოლიტიკურმა საყვირმა, „თავისუფალი სიტყვის ფლაგმანმა“ „რუსთავი-2“-მა პროგრამა „60 წუთის“ ბინძური ხელებით მისი განადგურება მოინდომა.

 

ქართველი საზოგადოებრიობა ამ არაადამიანური მცდელობის მომსწრეა და იცის, როგორ დაუპირისპირდა ეს კაცი თვითმარქვია „სახალხო ტელევიზიას“ და თავისი სიმართლის ძალით, სასამართლოს მეშვეობით დაამარცხა ყველაფრის მკადრებელი, ზნეობრივი დეგრადაციის მწვერვალზე აღზევებული და საეჭვო ფინანსური წყაროებით გალაღებული მედროვეების ეს მედიასაშუალება.

 

საქართველოს კულტურის ყოფილ მინისტრთან ვალერი ასათიანთან მონოლოგად ჩაწერილი საუბარი იმ ავად მოსაგონარი დღეებიდან ოციოდე წლის თავზე შედგა:

 

*

ეს იყო 2001 წლის აპრილი, როცა ეთერში გავიდა პროგრამა „60 წუთი“ – გოგიჩაიშვილის გადაცემა. ამ დროს „რუსთავი-2“-ის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი გახლდათ. მოვითხოვე პირდაპირი ეთერი, პროკურატურას მოვთხოვე საკითხის შესწავლა-გამოძიება. ჩემი ადვოკატები იყვნენ შალვა შავგულიძე და დავით ჯანდიერი. სასამართლო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

 

ამ ჯოჯოხეთის გადმოცემა ძალიან ძნელია.

 

მათ უზნეობას საზღვარი არ ჰქონდა! ადამიანი შეიძლება ყველაფერს შეეგუოს, დიდსულოვნებაც გამოიჩინოს, მაგრამ არა ასეთ შემთხვევაში. ჩემთვის „რუსთავი-2“ არის ბოროტების ტელემანქანა.

 

*

პატრიარქმა ერთხელ ჟურნალისტებს მიმართა და პეტრე მოციქულის სიტყვები გაახსენა: იყავით თავისუფალნი, ოღონდ თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ ბოროტების საფარად. “რუსთავი-2”-მა ფაშისტური იდეოლოგიის ნაციონალური მოძრაობის რუპორმა სწორედ ეს ბოროტების მანქანა აამუშავა და ამუშავებს დღესაც დემოკრატიის საფარველით შენიღბულს. ნაციონალებმა გაასხვისეს ქვეყანა, გააუცხოეს, შეურაცხყვეს ადამიანები, პატივი აჰყარეს მათ, დაამკვიდრეს  საზოგადოებაზე ზემოქმედების ისეთი მექანიზმები და მეთოდები, რომელთა შესწავლას მომავალში კვლევითი ინსტიტუტები თუ შეძლებენ, და გაარკვევენ, სადამდე მიდის ადამიანის ფანტაზიის უკიდეგანობა ბოროტების დამკვიდრების თვალსაზრისით და მმართველი ელიტის პიროვნული ამბიციების დასაკმაყოფილებლად.

 

*

„რა საქართველო, რა სამშობლო, რისი მამული“,  რეზო ამაშუკელის ლექსი მახსენდება. რა „ახალი ევროპა“, ახლა სახელი რომ გადაიკეთეს. ესენი ხომ ნეონაციონალები, მრავალთათვის ნეოფაშისტები არიან.

 

მიჭირს რომელიმე ერთი ეპითეტის მოძებნა „ნაციონალური მოძრაობის“ „რუსთავი-2“-ის პორტრეტის დასახატად თავისი კონჩიტებითა და ამბიციებით.

 

*

როგორც თებე შავი ჭირისგან ვერ გათავისუფლდებოდა, სანამ ლაიოსის მკვლელის ვინაობა არ გაირკვეოდა, ასევე საქართველო, ჩემი ღრმა რწმენით, ვერ გათავისუფლდება იმ ბოროტებისგან, რომელზეც ვლაპარაკობ, თუ არ გასამართლდა ნაციონალურ-ფაშისტური მოძრაობა თავისი იდეოლოგებით, დღეს პარლამენტში რომ სხედან და ჭკუას გვარიგებენ!

 

საშველი არ დაადგა ახალი ნიურნბერგის პროცესის ჩატარებას! რა კოაბიტაცია, რის თანაცხოვრება!

 

*

ხალხი ელოდებოდა, რომ სისხლიანი რეჟიმის შემდეგ მოხდებოდა სამართლიანობის აღდგენა ისე, როგორც ეს თავის დროზე დავით აღმაშენებელმა გააკეთა რუის-ურბნისის კრებაზე, როცა „წარკვეთა ვერღირსებით აღზევებულნი“.

 

ნუ ყელყელაობენ და თავს ნუ გვამადლიან! ეს, მაძღარ პითონებად წოდებულნი თავის დროზე წითელი ყელსახვევებით მარშირებდნენ, კომკავშირშიც იყვნენ და პარტიულ კარიერაზეც ოცნებობდნენ.

 

მახსოვს, როგორ შესციცინებდნენ თვალებში ედუარდ შევარდნაძეს მის ფრთებქვეშ დაზრდილი „ახალგაზრდა რეფორმატორები“, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, როგორ უღალატეს მას და შემდეგ წლების განმავლობაში მიზანში ჰყავდათ ამოღებული, როგორც საგინებელი ობიექტი.

 

*

საბჭოთა სტრუქტურებში მუშაობა ჩვენი ხვედრი იყო და არა არჩევანი: იმ ეპოქაში დავიბადეთ.

 

ძალიან ადვილად და ჰაიჰარად გადახაზავენ ხოლმე წინამორბედ თაობებს.

 

კათოლიკურმა ეკლესიამ ბოდიში მოიხადა ინკვიზიციის გამო, გერმანელებმა _ ფაშიზმის გამო. მაგრამ ახსოვს კი ვინმეს, რომ „რუსთავი-2“-მა ვინმეს ბოდიში მოუხადა, ან სააკაშვილმა, ან მისმა ნარჩენებმა, ჭკუას რომ გვასწავლიან და დიდაქტიკოსებად რომ გვევლინებიან?!

 

*

ახლა „რუსთავი-2“-ზე გადავალ და გეტყვით, გავახსენებ ქართველ საზოგადოებას რაც ნამუსგარეცხილმა „60 წუთმა“, გოგიჩაიშვილმა დამაბრალა: თითქოს მე ჩემი, მძიმე სენით დაავადებული ვაჟის გადასარჩენად (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული) სატანისტური მკვლელობა ჩავიდინე, მოვკალი ორი ადამიანი, მათი ცხედრები დავანაწევრე და სხვადასხვა ადგილზე დავმარხე.

 

ვუჩივლე. მოვიგეთ ეს პროცესი. ყოველთვის მადლობელი დავრჩები რამდენიმე ათეული ადამიანის, რომლებიც იმ უმძიმეს დღეებში ჩემს გვერდით იდგნენ და სიმართლისთვის იბრძოდნენ. „რუსთავი-2“-ის მიერ ჩემთვის მოცხებული ჩირქის გამო კეთროვანივით გავხდი – ხალხი თვალს მარიდებდა. გასაგებია, რას ნიშნავდა ჩემთვის თანადგომა ისეთ სიტუაციაში, როგორსაც მტერს არ ვუსურვებ.

 

რომელი ერთი ჩამოვთვალო: ჯანო კახიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ნუგზარ ფოფხაძე, ჟანრი ლოლაშვილი, თემო გოცაძე, მიხეილ ლოლაძე და ა.შ. და ა.შ.

 

კიწმარიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში რამდენიმე ხნის შემდეგ აღიარა – ჩვენ ვიცოდით, რომ გადაცემაში ხარვეზები (!) იყო, მაგრამ გუნდი უკან ვერ დაიხევდაო.

 

აი, ამ „ზნეობით“ მოვიდა ეს გუნდი. მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენი თაობის ადამიანები წარმოეჩინა მკვლელებად, კორუმპირებულებად, რუსეთის აგენტებად და, რა ვიცი, კიდევ რა ჯანდაბად და ოხრობად, და ეთქვათ – აი, ჩვენ მოვდივართ, რეფორმატორები, მოგვაქვს ახალი იდეები, ახალი საქართველო და ა.შ.

 

როგორი „ახალი საქართველო“ მოიტანეს, ხომ ვიცით!

 

...პროცესი მოვიგეთ. ტელევიზიით სრულად გადაიცა უზენაესი სასამართლოს სხდომა, გამოცხადდა განაჩენი, დაიბეჭდა გაზეთებში და... „რუსთავი-2“-ს დღემდე ბოდიში არ მოუხდია! მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ამის გაკეთება დაევალა! დამარცხდა და ეს იყო მთავარი, რადგან შეიქმნა პრეცედენტი.

 

ჩემს გამართლებას ნაკლები რეზონანსი ჰქონდა, ვიდრე იმ ცილიმსწამებლურ კამპანიას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გამართა „რუსთავი-2“-მა. ჩემს შემდეგ გამოაცხადეს, რომ „60 წუთი“ გაუქმდა და ამით დაიძვრინეს თავი.

 

მე მოვითხოვე გოგიჩაიშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც დღესაც ყელყელაობს ეკრანზე. დღესაც ამას ვითხოვ! ხანდახან მეტყვიან, რომ არ უნდა დახვიდე მათ დონემდე და, საერთოდ, მათზე ლაპარაკი არც ღირსო. მაგრამ დღეს ისევ თეთრ ცხენზე რომ არიან ამხედრებული, ასეთი „არაფრად ჩაგდების“ ბრალია.

 

საზოგადოება კი დუმს.

 

სად არის საზოგადოება? სად არის ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიები? ვინ არის მსაჯული? რაღაცის განკიცხვა ხომ უნდა ხდებოდეს. „განკიცხულნი“ მარტო ლიტერატურაში ხომ არ უნდა იყოს?!

 

ახალ ევროპაზე რომ გველაპარაკებიან დღეს, იმათ, როგორც ამბობდნენ, ბოკერიას დიდი მცდელობით, თავის დროზე კანონის ძალით დაადგინეს, რომ ცილისწამების ბრალდება  ჟურნალისტს საერთოდ მოეხსნა. ასეთი შედეგი მოჰყვა იმ ცილისმწამებლურ გადაცემას, რომელიც მე მომეძღვნა და იმ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგად სრულად გამტყუნდა „რუსთავი-2“.

 

დღეს კანონის წინაშე ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ დადგა დღის წესრიგში.

 

ახლა გეტყვით იმას, რაც აქამდე საჯაროდ არ განმიცხადებია.

 

მოსამართლე იყო ქალბატონი მადი ჩანტლაძე. მან ვერ უღალატა სინდისს, პროფესიონალიზმს და მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა სააკაშვილმა, რომელიც იუსტიციის მინისტრი ბრძანდებოდა შევარდნაძის მთავრობაში, დაავალა, ბოლომდე მიეყვანა ეს საქმე და მე დიდი ხნით, 20-25 წლით, ჩავესვი ციხეში. ასეთი ხმები მოდიოდა და ეს სააკაშვილისგან სულ არ იყო გასაკვირი...

 

იმასაც ამბობდნენ, რომ ქალბატონმა მადიმ არ შეასრულა დავალება და ცოტა ხანში მართლმსაჯულების სისტემიდან დაითხოვეს, თუ მიზეზთა გამო, თავად წავიდა...

 

*

ტკივილს ვადა არ გასდის, დრო მისი მკურნალი არ არის. ამიტომ ვიმეორებ კვლავ და კვლავ: სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლება უნდა გასამართლდეს!

 

რომაელებს ჰქონდათ ფრთიანი ფრაზა – „მემენტო მორი!“ („გახსოვდეს სიკვდილი!“)... დიახ, უნდა გვახსოვდეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი! ასეთია ჩემი ფორმულა.

 

*

ვეუბნები ხალხს: ადამიანებს აღარ ატერორებენ, არ ამცირებენ, არ აუპატიურებენ, ნოტარიულად ღამე შენს ქონებას არ გადაუფორმებენ სხვას. „რუსთავი-2“-მა კი ამოიჩემა ტერმინი „უნიათო ხელისუფლება“ და ამას ყოველდღიურად ჩასჩიჩინებს ხალხს. მოგეხსენებათ წყლის წვეთის ეფექტი, რომელიც თავის კვალს ყოველთვის ტოვებს, ამ შემთხვევაში – ხალხის შეგნებაში.

 

ვინ ამბობს „უნიათოო“? მკვლელები, ქვეყნის გამსხვისებლები და სინდის-ნამუს გარეცხილი ადამიანები ამბობენ, რომლებმაც უნდა იყუჩონ, მოინანიონ და ილოცონ?!

 

*

შეიძლება, მაგალითად, დღემდე პასუხგაუცემელი იყოს აფრასიძეების საქმე? რამდენია ასეთი საქმე!

 

*

ბეწვის ხიდზე გავდივართ. ხანდახან ვიტყვით, უფსკრულში არ გადავიჩეხოთო, მაგრამ მეტი რა უფსკრული გინდა, როცა სააკაშვილის უგნურობით (ამას რბილად ვამბობ) დავკარგეთ კოდორის ხეობა, ცხინვალის რეგიონის 150 სოფელი, რომლებსაც „ქვების გროვა“ უწოდა დიდმა „სტრატეგოსმა“.

 

*

ამ სიტუაციაში გვერდს ვერ ავუვლით ბიძინა ივანიშვილის პიროვნებას, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ეროვნულ მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდება!

 

მაგრამ, როგორც ვთქვი, ჟანგბადი რომ გაჩნდა ქვეყანაში, ადამიანის განვითარების სურვილიც გაძლიერდა, თუმცა ტემპი, რომელიც ამ მიმართებით გვახასიათებს, სრულიად არ შეესაბამება იმას, რისი მოლოდინიც გვქონდა და რაც გვინდა, რომ იყოს.

 

უმადურობა დიდი ცოდვაა. რამდენი რამ გააკეთა სასიკეთო ამ ადამიანმა. მარტო ის ხალხი რომ ავიღოთ, რომლებსაც მან პირადად ხელი გაუმართა და შიმშილს გადაარჩინა, იმათი ხმამაღალი სიტყვა არ ისმის...

 

*

ნაცებს და მათ პატრონებს თვალში არ მოსდით პატრიარქი. ვერ ეგუებიან, რომ ქვეყანას ჰყავს მწყემსმთავარი, რომელსაც მიჰყვება ხალხი, ვერ ეგუებიან იმას, რომ ეპარქიების რაოდენობა ათჯერ გაიზარდა, რომ ახალგაზრდობა ეკლესიის აზრს ანგარიშს უწევს...

 

მე სულაც არ ვაიდეალებ ყველა ღვთისმსახურს, ვიცით, რომ საპატრიარქოში არის პრობლემები, და ყველას ცოდვა თავად პატრიარქმა იტვირთა.

 

მისი საგალობელი „დავიღალე“ სულის ყივილია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი