logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ვის გათავისუფლებას ითხოვთ, კაცი სისხლში ბანაობს...
- +

16 ოქტომბერი. 2021. 13:48

 

სულ ტყუილია, აქ რომ გაღიმებულ და გაცისკროვნებულ ფოტოებს ვდებ, ყვავილებს და ნატურმორტებს, სინამდვილეში სული კბილით მიჭირავს და საკუთარ თავსაც მინდა გავექცე, აბა, ისე სად გამქცევი ვარ, ვერასოდეს , ვერც ერთხელ ვერ მივატოვე აქაურობა, არ შემიძლია მე უამქვეყნოდ, არა! რა აღარ გამოვიარეთ, რა არ ვნახეთ, არც სამოქალაქო ომი დაგვკლებია, შუაგულ რუსთაველზე ტყვიები თავზე რომ ზუზუნებდნენ და ახლობლებს საავადმყოფოებში და მორგებში ვეძებდით, მერე აფხაზეთი და სამაჩაბლო - საშინელი დღეები, წაგლეჯილი ქვეყანა, უშუქობაში, პურის რიგებში, გაყინულ სახლებში  გაზრდილი შვილები, მაგრამ რაც ახლა ხდება, ასეთი არასოდეს გამომიცდია. ყოველდღე საკუთარი თვალებით ვუყურებ, როგორ ვიყოფით, გაღმა-გამოღმა  როგორ გვყოფს ზიზღი და გაუტანლობა... და  ამისი წამქეზებელი ციხიდან ხარხარებს და შიმშილობით  ცდილობს,  არ მოადუნოს „მხარდამჭერები“.  ჯერ იყო, მისი ჭამით აგვიკლო და ახლაა, მისი უჭმელობით არ გვაძლევს მოსვენებას. ხინკალი პირიდან გამოაცალეთო, - ბედავს თქვას  უგულავა სინდისგარეცხილი, 20 დღის  ნაშიმშილებ  სულხან მოლაშვილს პირიდან ლუკმა რომ გადმოაგდებინეთ, ეგ სამართალი იყო?.. მიშას ყველა ცოლ-შვილი თავზე ახვევია და დიდი შედი-გამოდი აქვთ, არიქა და, ბიჭმა არ მოიწყინოს, მოლაშვილს მონატრებული  შვილის ნახვის უფლებას რომ არ აძლევდით, ეგეც თქვენი სამართლის ნორმა იყო... ათასობით ოჯახი რომ გააუბედურეთ და მკვდრებს ან ცოცხალ-მკვდრებს რომ უგზავნიდით დედებს, ცოლებს, შვილებს, ამას ქვეყნის აღმშენებლობა ერქვა თქვენებურად. ასობით პატიმრის  ციხის ისტორია თქვენს ჯალათობრივ რეჟიმზე და სისასტიკეზე  ყვება და ჯერ არავის დავიწყებია ქუჩაში დახოცილი ადამიანები. გირგვლიანის ამბავი გაზვიადებულიაო, ასე უბრძანებია ნაცხროვის აქტივისტს, მივალ და მისი სახლის კედლებზე ჩამოვუკიდებ თოვლში დაგდებული დაჩეხილი ბიჭის ფოტოს, იქნებ  დაინახოს, დაიჯეროს, რომ ასე თავისით ადამიანები არ კვდებიან... ხუთი შვილის მამა - კობა დავითაშვილს, წარსულში თქვენს მეგობარს, როგორ გაუსწორდით, სასიკვდილოდ როგორ დაასახიჩრეთ... ახლა ვის გათავისუფლებას ითხოვთ, კაცი სისხლში  ბანაობს და ვაი მაგას, იმ დახოცილი ადამიანების  აჩრდილები რომ თავზე დაადგება, მერე არც თქვენი ხელმოწერები უშველის და არც თქვენი მიტინგები. ამ ხელმოწერებით  კი ყველა იმ დანაშაულების და რეჟიმის  თანამონაწილეობაზე აცხადებთ თანხმობას. ამ ხელისუფლებას კი მინდა ვუთხრა- სანამ ქვეყანაში გეყოლებათ ადამიანები, ვინც 50 და 100 ლარის გულისთვის საკუთარ სახლ-კარს მიატოვებს და  დედაქალაქში ჩამოვა სამიტინგოდ, იმიტომ რომ  შია, ვერ უხდის შვილებს სწავლის ქირას, უძვირებთ პურს და წამალს, ვერ ასაქმებთ, ბანკის ვალები ახრჩობთ, სხვა რა დარჩენიათ, ჩაჯდებიან „მარშუტკებში“ და გზას გამოჰყვებიან, სულაც რომ უთხრათ - მაო ძედუნთან შეხვედრაზე მივდივართო! ასეა, ეს! პატივი ეცით ადამიანებს წარსულის და შესაძლებლობების მიხედვით და ყველა დაისაჯოს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს!!!

 

 

big_banner
არქივი