logo_geo
პაატა ნაცვლიშვილის ომნიბუსი დაიძრა!
- +

18 ოქტომბერი. 2021. 10:50

 

 

— ბატონო რედაქტორო, შევთანხმდეთ, ისევ ისე უნდა მოგმართოთ, ბევრი წლის წინ რომ მოგმართავდით, როგორც ჩემს პირველ რედაქტორს, თუმცა ახლა ჩემი რესპონდენტი ბრძანდებით. დავიწყოთ?

 

— რაღაც არ მახსენდება, რომ ან შენ, ან რომელიმე სხვას ჩემს მაშინდელ თანამშრომელთაგან „ბატონო რედაქტოროთი“ მოგემართოთ, მაგრამ რაკი ახლა შენ ჩემი ინტერვიუერი ბრძანდები, მიდი, დავიწყოთ!

 

— პაატა ნაცვლიშვილი ვიცით მოგზაური, ჟურნალისტი, პოეტი, მხატვარი, დიზაინერი, მეცნიერი, პროფესორი, რედაქტორი, გამომცემელი, მაგრამ ეს „საავტორო-საგამომცემლო ომნიბუსი“ რაღაა, ამ რამდენიმე დღის წინათ რომ დაგვიანონსეთ ფეისბუქზე სათექვსმეტოქტომბროდ? ომნიბუსი ხომ ეტლში შებმული ცხენებია, მაგრამ იქნებ გაქცევას არსად აპირებთ, ბატონო რედაქტორო, და შეკაზმული ცხენების ნაცვლად მათი ეჟვნების წკარა-წკურს გვპირდებით?

 

— ჩემმა ამ სათექვსმეტოქტომბრო ანონსმა ბევრი დააბნია. ოთხასამდე ნაცნობ-მეგობარმა დამგულა, დამტაშა და დამილაიქა და თუმცა უმეტესობა მხოლოდ ვარაუდით მიხვდა, რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი, ყოველი შემთხვევისთვის ყველამ წარმატებები მისურვა. იყო ერთი-ორი განსხვავებული, მაგრამ ფრთხილი კომენტარიც: „რაღაც საინტერესოშია საქმე!“, „ვფიქრობ, რაღაც მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება!“, „რას გვიპირ-გვპირდები?“, „არც ერთი 16 ოქტომბერი წამოწყების გარეშე!“, „კიდევ რით უნდა გაგვაოცო?“, „გამიკვირდებოდა, რამე უჩვეულოდ საინტერესო რომ არ ყოფილიყო“... ერთი მეგობარი მეკითხება, რა ტიპის გამომცემლობაა ეგ შენი ომნიბუსიო? მეორემ, – შენს მონაგარს ომნიბუსიც ვერ დაიტევსო! მესამემ, – სულ წინ-წინ იაროს შენმა ომნიბუსმაო. ერთმა გაამერიკელებულმა მეგობარმა კი მომწერა, მეც ჩავჯდები შენ ომნიბუსში, თუ შეიძლებაო! შეიძლება, როგორ არ შეიძლება, მაგრამ ის კი არ ვიცი, რატომ იფიქრა ზოგიერთმა, რომ XXI საუკუნეში XIX საუკუნის ტრანსპორტით მოვინდომებდი წინ-წინ მოძრაობას. შენს მშვენიერ და ხატოვან კითხვაშიც ეჟვნების ნოსტალგიურ წკარა-წკურთან ერთად ერთგვარი დაბნეულობაც გამოსჭვივის. რაკი დასაწყისშივე ჩემს რედაქტორობას გაუსვი ხაზი, რედაქტორულად უნდა გითხრა, რომ ონიბუსი, ავტობუსის ეს წინაპარი, ტრადიციული გაგებით, ცხენებშებმული ოთხთვალაა, თუგინდ – ეტლი, და არა ეტლში შებმული ცხენები, როგორც შენ ამბობ. მაგრამ ამ შემთხვევაში არც ერთია მართალი და არც მეორე. „ომნიბუსი“ სატრანსპორტოსთან ერთად საგამომცემლო ტერმინიც გახლავთ.

 

— სწორედ ეს მინდოდა გამერკვია, ბატონო რედაქტორო! თავიდან მართლა დავიბენით, მაგრამ რაკი თქვენი ომნიბუსი „საავტორო-საგამომცემლოა“, სანამ მეორე დღეს პირველ განმარტებას გააკეთებდით, ყველამ ვიგუმანეთ, რომ ეჟვნების წკარა-წკურიც, ცხენებიც და ომნიბუსიც საგამომცემლო საქმეს უკავშირდებოდა. ვიცი, რომ 16 ოქტომბერს, თქვენი დაბადების დღეს ყველაფერს დაწვრილებით აგვიხსნით თქვენს ფრენდებს, მაგრამ იქნებ მანამდე, როგორც თქვენს ძველ თანამშრომელს, ექსკლუზიურად გამიმხილოთ თქვენი ჩანაფიქრი, მით უმეტეს, რომ როცა ეს ინტერვიუ ჩვენს გაზეთში დაიბეჭდება, თქვენი წლევანდელი დაბადების დღე უკვე ჩავლილი იქნება.

 

— ო’კაი, სწორედაც როგორც ჩემს ძველ თანამშრომელსა და კეთილსინდისიერ კოლეგას, წინასწარ გეტყვი ყველაფერს და იმედი მაქვს, გაზეთის გამოსვლამდე ამ ექსკლუზიური ინფორმაციით ფეისბუქზე თავის გამოჩენას არ მოინდომებ ხალხის დასპოილერებით და ისედაც კუსტარულ „სარეკლამო კამპანიას“ სუმთლად არ გამიბანძებ. ომნიბუსს ევროპულ საგამომცემლო სივრცეში ძირითადად ისეთ წიგნებს უწოდებენ, რომლებშიც ერთი ავტორის სხვადასხვა დროის პუბლიკაციებია თავმოყრილი. ანალოგიურ გამოცემებს თუ კრებულებს აღმოსავლეთში „დივანი“ ჰქვია, მაგრამ მათში მხოლოდ პოეტური ნაწარმოებებია გაერთიანებული. ქართველმა მკითხველმა შედარებით უკეთ იცის ჰაფეზის დივანი და გოეთეს „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“, ან თუნდაც ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ შედგენილი „აღმოსავლურ-დასავლური დივანი“, ვიდრე ვთქვათ, ჟიულ ვერნის, არტურ კონან-დოილის, აგათა კრისტისა თუ ჯიმ კორბეტის ომნიბუსები. აღმოსავლური დივანისა და დასავლური ომნიბუსის ყველაზე სრულყოფილი სახე ერთი ავტორის თხზულებათა სრული კრებულები ან აკადემიური გამოცემებია. პირველად ჩემი ნაწერების შეკრება და წიგნებად გამოცემა 2017 წლისათვის მოვინდომე, ჩემი დაბადების 65-ე წლისთავზე. მინდოდა, ამ თარიღისთვის ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი 65 წიგნად გამომეცა და ჩემი გრაფიკული ნამუშევრების თუ კოლექციების რეტროსპექტული გამოფენაც მომეწყო. ლექსები რამდენიმე დივანში უნდა გამეერთიანებინა, სხვა ნაწერები – ომნიბუსებში. დავიწყეთ კიდეც მუშაობა ქართული ლიტერატურის მუზეუმთან ერთად, მაგრამ, სამწუხაროდ, მუზეუმის მრავალწლიანმა პარტნიორმა „მაგთიმ“, რომელსაც ამ მუზეუმთან ერთად(აც) არაერთი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, ჩვენი პროექტის მხარდაჭერაზე მუზეუმის ხელმძღვანელობას უარი უთხრა, ამჯერად სხვა პრიორიტეტები გვაქვსო. მაშინ არ გამოვიდა, მაგრამ აი, ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ, გამომცემლობა „პეტიტთან“ თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა იმ დიდი პროექტის საგამომცემლო ნაწილის განხორციელება. თუმცა ახლა უკვე 70 წიგნის გამოცემა მაქვს ჩაფიქრებული. ეს ისე ერთბაშად ვერ მოხერხდება, როგორც მაშინ ვაპირებდი ძლიერი სპონსორის თანადგომით, მაგრამ მთავარია, რომ დავიწყეთ და 2021 წლის 16 ოქტომბერს ჩემი ომნიბუსი დაიძრა!

 

— ფეისბუქზე ანონსით გვატყობინებთ, რომ ომნიბუსში მდაჯამებული იქნება თქვენი გამოცემები. შემოქმედების შეჯამებას აპირებთ თუ „ჯანი გავარდეს, ჯამში ჩავარდეს“ ამბავია?

 

— მიყვარს კალამბურები! თუნდაც ინტერვიუერის სერიოზულ კითხვაში! არ ვიცი, ჯამი იქნება, ფიალა, ქვაბი თუ კონტეინერი, მაგრამ მართლა მინდა თავი მოვუყარო ყველაფერს, რაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მიკეთებია – სხვადასხვა სახის ტექსტებს, მიმოწერას, ფოტოებს საფოსტო მარკებს, პოლიგრაფიული დიზაინის ნიმუშებს... სხვას ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. დაჯამებას თუ შეჯამებას რაც შეეხება, ეს ალბათ კიდევ სხვა რამ არის. დრო ვერ მოვიხელთე, თორემ სიამოვნებით გადავიკითხავდი კიდევ ერთხელ სომერსეტ მოემის „შეჯამებას“, რომელმაც მრავალი წლის წინათ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვფიქრობ, მისი წაკითხვა ჩემთვის ახლა უფრო უპრიანია, ვიდრე ახალგაზრდობისას იყო. ჩემი ომნიბუსი, რომელსაც „2022“ დავარქვი, ალბათ იმ შთაბეჭდილებების ერთგვარი გამოძახილიც არის. ეს ომნიბუსი შეიძლება არაკლასიკური, მაგრამ მაინც პირველი ომნიბუსია ქართულ საგამომცემლო სივრცეში. დარწმუნებული ვარ, მალე სხვა ქართული ომნიბუსებიც გაჩნდება. ისე, როგორც სახელობითი გამომცემლობების მთელი წყება გაჩნდა მას შემდეგ, რაც მე „პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა“ ჩამოვაყალიბე უკვე შორეულ 1993-ში. სწორედ პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობისა და გამომცემლობა „პეტიტის“ თანამშრომლობის შედეგია ეს პირველი ქართული ომნიბუსიც, რომელშიც ჩემი პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური თუ სხვა სახის წიგნების რამდენიმე სერიის გამოცემა მაქვს გათვალისწინებული. პირველ სერიაში 22 წიგნი იქნება.

 

 — იყო დრო, თქვენს „წერილებს“ გოგოები ერთმანეთისგან ხელით ვიწერდით და მერე ვიზეპირებდით კიდეც. შემდეგ გაგვანებივრეთ – ის პოემები წიგნებად გამოეცით. დევს თუ არა თქვენს „ომნიბუსში” ყმაწვილკაცობის დროინდელი ის თქვენი შემოქმედება?

 

— კი, რა თქმა უნდა, დევს. „წერილებს“, რომელთაგან პირველი მესამეკურსელმა სტუდენტმა დავწერე, გვერდს ვერ ავუვლიდი. მიხარია, რომ თუმცა ხელით უკვე აღარ იწერენ, რაკი კოპირების ტექნიკა ძალიან წავიდა წინ, მაგრამ ის ჩემი „წერილები“ დღესაც ისევე პოპულარულია ახალგაზრდებში, როგორც მრავალი წლის წინათ, მათი ბებიების თაობაში იყო.

 

— როცა ციფრული ტექნოლოგიების პირისპირ აღმოვჩნდით, ჩემი თაობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ „პასტა“ კლავიატურაზე უკეთ წერდა: გადახაზავდი და ჩანდა, ჩასწორებულსაც უკეთ ეტყობოდა, ბოლო-ბოლო ხელნაწერს სხვა ენერგეტიკა აქვს. როგორია პაატა ნაცვლიშვილის „პასტა“ ახლა?

 

— სხვათა შორის, შენახული მაქვს თითქმის ყველა „პასტა“ და „არაპასტა“ კალამი, რომლებიც წლების განმავლობაში მიხმარია. ზოგიერთი მათ შორის საკმაოდ ძვირფასია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მემსახურა!!! თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო, მეორე კურსზე მამაჩემს ჩემთვის საწერი მანქანა რომ არ ეყიდა. მაშინ ეს ერთგვარი ფუფუნება იყო და ამ მანქანის გამო იმ წელიწადს ახალ ფეხსაცმელზე უარის თქმა მომიხდა. ჩემი ის პირველი საწერი მანქანა ნახმარი ტროფეული „კონტინენტალი“ გახლდათ, მერე კი, როცა ჯერ ისევ სტუდენტი ვიყავი, მაშინდელ ლენინის მოედანზე მდებარე სამხედრო მაღაზიაში ახალთახალი იუგოსლავიური საწერი მანქანა ვიყიდეთ. ქართულ შრიფტზე გადაკეთებიანად სამას მანეთზე მეტი დაჯდა და იმ წელიწადსაც ძველი ფეხსაცმელებით მომიხდა სიარული. თუმცა კალამს ყველგან და ყველა პირობებში ვხმარობდი და დღესაც ვხმარობ, საწერ მანქანას სტუდენტობიდანვე ძალიან მივეჩვიე და ამიტომ კომპიუტერის კლავიატურაზე გადასვლა არც გამჭირვებია და სხვებზე ადრეც შევეგუე. მერე დასაკაბადონებელი პროგრამებიც ავითვისე და ახლა ჩემი ომნიბუსის წიგნებსაც თავადვე ვაკაბადონებ.

 

— როდის აიღებს სტარტს თქვენი ომნიბუსი? ვინ იქნებიან მისი პირველი მგზავრები?

 

— პროექტი იწყება 2021 წლის 16 ოქტომბერს, ჩემი დაბადების დღეს, და იწყება იგი არა ერთი, არა ორი ან სამი, არამედ პირდაპირ ცხრა წიგნით! ეს არის ლექსების საკოლექციო ცხრაწიგნეული საერთო სათაურით „ცხრა“. ცხრაწიგნეულის თითოეულ წიგნს თავისი საკუთარი სახელიც აქვს: „ცხრის პირველი“, „ცხრის მეორე“, „ცხრის მესამე“ და ასე შემდეგ „ცხრის მეცხრემდე“. სულ ცხრაწიგნეულში 800-ზე მეტი ლექსია გაერთიანებული. მე ვისურვებდი, რომ ჩემმა მეგობრებმა ამ წიგნებით მიულოცონ საკუთარ თავს ჩემი წლევანდელი დაბადების დღე. მით უმეტეს, რომ ცხრავე წიგნის ყველა ეგზემპლარი სახელობითია! გამომცემლობა „პეტიტი“ უზრუნველყოფს, რომ თითოეულ წიგნში ჩაიბეჭდოს მფლობელის სახელი და გვარი, მე კი წიგნის ერთადერთობას და უნიკალურობას ომნიბუსი დაიძრა! ჩემი ავტოგრაფით დავადასტურებ. ასე რომ, თითოეული ეგზემპლარი დაბეჭდვისთანავე ბიბლიოგრაფიული იშვიათობა, მეტიც – ბიბლიოგრაფიული უნიკა იქნება. ჩემი ომნიბუსი ამ მხრივაც არის გამორჩეული. „პეტიტი“ შეკვეთებს მიიღებს როგორც ცხრავე წიგნზე ერთიანად, ისე თითოეულზე ცალ-ცალკე, სურვილისამებრ. თითქოს სიმბოლურია, რომ „ცხრის“ ცალკე აღებული ნებისმიერი ერთი წიგნი 9 ლარი ღირს. ცხრავეს ერთად კი, თითქოს ელემენტარული არითმეტიკის ჯიბრზე, 81 ლარის ნაცვლად გამომცემლობამ 65 ლარი დაადო ფასად. თუ თქვენი გაზეთის მკითხველები დაინტერესდებიან, როგორ გააფორმონ შეკვეთა, შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ „პეტიტის“ ტელეფონის ნომერი: 555 60 56 05. „პეტიტი“ უკვე 16 ოქტომბრიდან იღებს შეკვეთებს.

 

— უკვე მეორე წელიწადია, ფეისბუქის თქვენს გვერდზე ყოველკვირეულად აქვეყნებთ „ხუთშაბათის ლექსებს“. დღემდე უკვე 91 ხუთშაბათის ლექსია გამოქვეყნებული. არაერთი მათგანი დიდად პოპულარულიც გახდა ფეისბუქზე. ეს ლექსები ან მათი ნაწილი თუ შედის ამ ცხრაწიგნეულში? ან აპირებთ თუ არა ცალკე წიგნად გამოსცეთ „ლიბროკუბიკულარისტის შთანაწერები“, რომლებიც რეგულარულად იბეჭდება „ლიტერატურულ საქართველოში“?

 

— „ლიბროკუბიკულარისტის შთანაწერები“ ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა მიიღებს წიგნის სახეს, მაგრამ ეს უფრო შორეულ გეგმებშია. ხუთშაბათის ლექსები კი მალე გამოიცემა, მაგრამ ამ ცხრაწიგნეულში არა, ხუთშაბათის ლექსები აქ არ არის. ცხრაწიგნეული აერთიანებს შედარებით ძველ ლექსებს, რომლებიც 9 (აქაც 9!) წლის განმავლობაში – 2010-2019 წლებში იბეჭდებოდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში, კონკრეტულად – ირაკლი ჯავახაძის „ლიტერატურულ გაზეთსა“ და შოთა იათაშვილის „ახალ საუნჯეში“. ხუთშაბათის ლექსებს რაც შეეხება, მეასე ხუთშაბათის შემდეგ, როგორც ამას ყოველ ხუთშაბათს ვახსენებ გვერდის სტუმრებს, მოვკრებ ლაიქების რაოდენობით გამორჩეულ 69 საუკეთესო ლექსს და ალბათ წლის ბოლომდე ომნიბუსის პროექტის ფარგლებში ცალკე წიგნად გამოვცემ სათაურით „69“.

 

— უახლოეს ხანებში კიდევ რა წიგნებით გაახარებს თქვენი ომნიბუსი მკითხველს?

 

— ჯერ ისევ ლექსებზე ვიტყვი: მზად არის დასაბეჭდად ანაგრამული ლექსების დიდი კრებული “555 პაატაური“. აგრეთვე ჩემი „შესაკრებთა გადანაცვლებანი“ და პოლემიკური წერილები მის გამო. გარდა ამისა, წელსვე მინდა გამოვცე ერთი პუბლიცისტური კრებულიც: ზუსტად ათი წლის წინათ ქართული პრესის კაბადონზე გაიელვა განახლებულმა გაზეთმა „დრონმა“, რომელსაც სათავეში ისევ იმ პირველი „დრონის“ რედაქტორი არჩილ გოგელია ედგა. აჩიკომ ამ ახალ „დრონში“ თავის მოადგილედ მიმიწვია. სამწუხაროდ, „დრონის“ მეორე სიცოცხლე სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მაგრამ სხვადასხვა ჟანრის იმ ჟურნალისტურმა ტექსტებმა, რომლებიც მე ამ მოკლე პერიოდში იქ გამოვაქვეყნე, მთელი წიგნი შეადგინა და ისიც უკვე მზად არის გამოსაცემად სათაურით „ვაჰ, დრონი!“

 

— დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ბატონო რედაქტორო! კითხვები კიდევ მაქვს, მაგრამ მოდით, ისინი სამომავლოდ შემოვინახოთ. ეს ინტერვიუ კი თქვენს რეზოლუციას ელოდება: „დაიბეჭდოს!“...

 

— კვლავაც სიამოვნებით ვუპასუხებ შენს კითხვებს, ომნიბუსზე იქნება ისინი, ავტობუსსა თუ ტროლეიბუსზე, ჟურნალისტიკაზე, პროზასა თუ პოეზიაზე... ხოლო ამ ინტერვიუს დაბეჭდვა-არდაბეჭდვის ამბავს თქვენი კოხტა გაზეთის რედაქტორი გიორგი მამაცაშვილი გადაწყვეტს. სიტყვამ მოიტანა და, მინდა გითხრა და გთხოვ, გიორგისაც გადასცე, რომ თუმცა თქვენი „ქართული აზრი“ ეს-ეს მარის შემოვიდა ქართულ საგაზეთო ბაზარზე, ჩემი ქართული აზრით, იგი უკვე გამოირჩა საერთო ფონზე როგორც ფორმით, ასევე შინაარსით. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. დღეს გაზეთის გამოცემა საკმაოდ სარისკო საქმეა, მაგრამ, იმ ანდაზისა არ იყოს, ვინც არ რისკავს, ის ვერც შამპანურს მიირთმევს! ვინძლო, ეს ანდაზა მე და ჩემს ომნიბუსსაც გვეხებოდეს!

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი