logo_geo
ნინო ახობაძე: არ გადამაყოლეს ამ ერთი მუტრუკის ხუშტურებს?
- +

28 ოქტომბერი. 2021. 22:58

 

 

 

ორთაჭალის ციხის, რა დავარქვა ალბათ მოსაცდელი, ადგილი, სადაც პატიმრების პატრონები ელოდნენ რიგს, ზოგჯერ დილამდე;

აი, ამ ღია, მაგრამ სულჩახუთულ სივრცეში ყველაზე დიდი უიმედობა და გაუცხოება იგრძნობოდა; აქ თითქოს არავინ არავის ენდობა. ან დახატული ღიმილით და მოგონილი წყენით უყვება რიგში ხუთი წუთის წინ გაცნობილი ქალი მეორეს რომ "წარმოგიდგენიაა? ჩემი უდანაშაულოა"... მერე ამას აყოლებს წყევლას და თვალებს მალავს. ვერ უყურებს უცხო ქალს თვალებში, იტყუება და იმიტომ.

უდანაშაულოს პატრონი ზის თავისთვის, გაქვავებული და არავის შესჩივის. იცის, რომ აქ მაინც ვერ იპოვის სამართალს. დაღლილია და ზის თავისთვის, ფიქრობს მეასიათასეჯერ ერთსა და იმავეზე "რა ვქნა?" მეტს ვერაფერს ფიქრობს.

აქ უმეტესობა ასე ზის  თავისთვის, ჩუმად.

ჭუჭყი და ნაგავი ძირს იმდენია, რამდენიც დარდია ამ პატარა სივრცეში; დიდი, უზარმაზარი ლურჯი ფერის ცელოფანის პარკები, როგორც პატიმრები, ისე დგანან რიგში. ზოგი გატენილია, ზოგიც შედარებით მსუბუქი.

წინ სცენასავითაა მოწყობილი;

ამ „სცენაზე" უსახური მსახიობები დგანან, როგორც ჯალათები ცულის გარეშე;

ცნობისმოყვარედ ჩასცქერიან ლურჯი პარკების შიგთავსს, აფათურებენ შიგ დაუბანელ ხელებს და თითქოს გამარჯვების თასი ასწიესო, ისე წევენ ზემოთ რომელიღაც აკრძალულ ნივთს ან პროდუქტს.

- რა არის, ქალო ეს? - გიყურებს და იღიმის, დაგცინის, კმაყოფილია;

ეს მათი გამარჯვებაა, მათი ზეიმია  როცა პატიმრის დედას თვალწინ აუფრიალებენ ყურძნის ლიმონათს.

ჰო.

-ამის შეტანა არ შეიძლება!

- ეს უკან წაიღე!

მერე ათას სხვის მოტანილში უკვე ათასჯერ ჩარჭობილ ჭუჭყიან დანას დაარტყამენ შემწვარ ქათამს, დაჯიჯგნიან, ამოწმებენ; და გრჩება განცდა რომ ამით უშველებელ სიამოვნებას იღებენ;

შენ დგახარ მათ წინ, ხმას არ იღებ, თითქოს გრცხვენია, თითქოს იცი, რომ აქ არ უნდა იყო, აქ არ არის შენი ადგილი მაგრამ…

ითმენ მათი სახის უზომოდ ბრიყვ გამომეტყველებას და შენდაუნებურად გეფიქრება: "ალბათ დილას სახლიდან რომ გამოვიდა, შვილს უთხრა:  მე ახლა სამსახურში მივდივარ, მამიკო, რა მოგიტანო?"

მერე მეზობელს მიესალმა, გაუღიმა...

მერე მოვიდა აქ და შეუდგა საქმეს: უნდა ჩიჩქნოს სხვისი ამანათები…

და რაც მეტ აკრძალულს იპოვის, მით მეტჯერ აენთება თვალები სიხარულით;

შეიძლება პრემიაც გამოუწერონ;

ეს არის მისი საქმე, მისი სამსახური, რატომ ბრაზობ?

შენ შეგიძლია ის შეიბრალო და არავითარ შემთხვევაში არ შეიზიზღო!

ის ერთი პატარა, ერთიბეწო ჭანჭიკია მთელ ამ უსახურ, მახინჯ სისტემაში;

და აჰა! როგორც იქნა, დაამთავრა ჩხრეკა!

აწერ ხელს ფურცელზე და გესმის მისი ყვირილი: „შემდეეგიი!"

ჩამოდიხარ ამ „სცენიდან" და მიდიხარ გასასვლელისკენ. იცი  დღეს ღამე კარგად დაიძინებ. დღეს შენი პატიმარი გემრიელად შეჭამს და ისიც იცი იმდენი მიიტანე, სხვასაც გაუყოფს.

მოდიხარ გასასვლელისაკენ სწრაფად, თავდახრილი, არ გინდა, აქ ვინმე შეგხვდეს; და რამდენ მეტრსაც გაივლი, იმდენი მეტრით შორდები სადღაც ზემოთ მყოფ ადამიანს, რომელიც შენს თავზე მეტად გიყვარს.

ამ დროს ტყდება ჩოჩქოლი, ჩერდები.

მიიხედავ უკან და ხედავ მოხუც ქალს, რომელსაც დამჭკნარ ხელში პატარა პარკში ჩაყრილი, ალბათ ნახევარი კილო ორცხობილა უჭირავს;

ხედავ ამ ქალს და იმასაც ხედავ  როგორ ეჭიდავება ამ ჩიტივით მოხუცს ვიღაც ბრდღვიალა, ოქროსჯინჯილებიანი გასიებული ქალი წითელი პომადით;

ინსტინქტურად მიდიხარ მათკენ, ანუ უკან ბრუნდები;

ეკითხები  რა მოხდა, ბებო?

და ბებო ტირილით გიყვება  როგორ დგას რიგში უკვე ექვსი საათი და რომ „ეს ქალბატონი", რომელიც სულ ახლა მოვიდა, ურიგოდ მიდის!

გახედავ გამწარებული ქალბატონს და მის უკან დიდი ლურჯი პარკით ხელში მდგომ დაცვის მოზვერს;

ქალბატონის სახეზე გამარჯვების ღიმილს დაინახავ და ხვდები:

ეს ზუსტად ის ღიმილია, რომელიც ცოტა ხნის წინ „პერედაჩის" მჩხრეკავი ბიჭის „ტუპოი"
 სახეზეც ნახე, როცა მან თავისი პაწაწინა „გამარჯვება" იპოვა შენს პარკში...

და არ, აღარ იცი, რა ქნა. ამათ რომ აჯობო, ან ამ `ქალბატონისნაირი~ უნდა იყო, ან მისი დაცვის ბიჭზე უფრო ღონიერი...

ამასობაში ზემოდან დაუძახებენ (ჩაწყობილია) და ოქროსჯინჯილებიანი ზიზღით გადმოგხედავს და თითქოს `ოსკარი~ უნდა მისცენო, ისე თავაწეული ადის სცენაზე...

შენ მოხვევ ხელს ატირებულ ჩიტივით ბებოს და მოგყავს ხის სკამისკენ. ეფერები და ამშვიდებ...

აქ, ამ ციხისწინა სივრცეში, სადაც ადამიანებს თითქოს ერთი გასაჭირი აქვთ;

სადაც დამნაშავის და უდანაშაულოს პატრონი ერთ ჭუჭყში ზის საათობით და იცდის, როდის მოვა მისი რიგი;

სადაც მათ მიტანილ საჭმელს და ტანსაცმელს ზემოთ კამერაში ერთმანეთს უყოფენ და უნაწილებენ პატიმრები - რატომ უნდა მოგინდეს, განზე გასწიო მოხუცი ქალი ნახევარი კილო პეჩენიით ხელში და მასზე გაიმარჯვო?

როგორი გულისამრევია არა? პრივილეგირებული პატრონი პატიმრისა....

მერე მოდიხარ სახლში, რაღაცნაირად შემსუბუქებული

„ნეტავ უკვე აუტანეს?"  ფიქრობ შენთვის და რაღაცა გიხარია.

მერე რა, რომ იქ დატოვე შენიანი: ჭუჭყში, ასოცდაათკაციან კამერაში და არც ის იცი _ როდის გამოვა იქიდან...

მერე ხუჭავ თვალებს და ღმერთს ათას მადლობას უხდი იმის გამო, რომ გლდანში არ მოხვდა...

მერე ერთ მშვენიერ დღეს მიხვალ ორთაჭალის ციხესთან დიდი ლურჯი პარკით და იგებ, რომ ყველა პატიმარი გადანაწილებული და გადაყვანილია.

არ იცი, სად.

რაღაცით ეს ყველაფერი გახსენებს ფილმ `მონანიების~ მორების სცენას;

შიში და გაურკვევლობა გაგიჟებს!

ეძებ სიებს…

არანაირი სია არ არის...

არც ტელევიზიაა არსად.

მერე გადის წლები.

უკვე ყველაფერი წარსულშია.

აღარც ის ციხეა იქ, ორთაჭალაში;

და როცა დღეს ერთი პატიმრის გარშემო ატეხილ მთელ ამ აჟიოტაჟს უყურებ და ისმენ, ძალაუნებურად გახსენდება ის დრო, ის ბებო... შეიძლება მისი შვილიც უდანაშაულო იყო, ან არ იყო, მაგრამ არც ერთი ტელევიზია არ მოსულა მაშინ იქ.

არც ერთ _ დღეს მყვირალა ჟურნალისტს არ აინტერესებდა, რა ხდებოდა ციხის წინ!

არც ამ ბებოს შვილის წერილებს ასაჯაროებდა ვინმე…

იქნებ მასაც უნდოდა ლეიბი?

და არც ეს მოხუცი მიუწვევია ვინმეს ინტერვიუზე...

ამიტომ!

არანაირად არ მიჩუყებს გულს არც ვინმეს ყროყინი და არც იმ ეშმაკის ადვოკატის ჩხავილი!

კიდევ კარგი, დემენცია არ მაქვს და გადასარევად მახსოვს, რა უხაროდა პატიმრის პატრონს:

"ოღონდ გლდანი არა"!!!

აი, ეს ხდებოდა ციხის გარეთ და შიგნით რა ხდებოდა, ყველამ კარგად იცის!

ჰოდა, მოდი რა, ნუ გაგვიხურეთ საქმე და ნუ წაგვიღეთ ტვინი ამ ერთი პატიმრით!

უნდა? იშიმშილოს!

უნდა? ჭამოს, აი დარდი...

დრო იყო, ნახევარ კილო ორცხობილას უყოფდა ერთი პატიმარი ასოცდაათს!

არ გადამაყოლეს ამ ერთი მუტრუკის ხუშტურებს?

იცოცხლოს, კარგად იყოს, ოღონდ იქ, სადაც მისი ადგილია!

ციხეში!

მე თუ სხვისი შვილების წამებაზე და სიკვდილზე თვალს დავხუჭავ, მეც ჩამსვან!

არ წაიღეს ტვინი?

ვითომ ახლა სხვა პრობლემა არა აქვს ჩემს ქვეყანას...

ჰოდა, მთავარი:

აქ რომ შეფარულად მიშას ეტრფით...

იცით, რამდენი დედა ინატრებდა ახლა  მისი შვილიც ცოცხალი იყოს?

აი, ის შვილი, გიულის შვილის რეჟიმმა რომ იმსხვერლა!

ასე რომ, ცოტა ნელა იყავით!

რა ვიცი, მე არაფერი შემრჩა ცხოვრებაში, რაც არასწორად გავაკეთე და…

ნურც თქვენ დახტიხართ სხვისი შვილების საფლავებზე!

როგორ არ მიყვარს ასეთი წერილების წერა...

მოკლედ, ნუ შეგვაღონეთ რა ამ მიშათი…

მაგაზე კაი ბიჭები ისხდნენ ციხეში!

გაცილებით კარგი...

და ვინც ცოცხალი დარჩა, დღეს აგრძელებს ცხოვრებას, ზოგი ინვალიდის სავარძელში, ზოგიც ჩვეულებრივად.

მადლობა თქვას ქ-ნმა გიულიმ, ორთაჭალის ციხის რიგში რომ არ დგას!

იმ დროის გლდანზე ჩუმად ვარ...

გვაცალეთ რა ცხოვრება, ნუ შეგვჭამეთ და შეგვაღონეთ!

რეალითი შოუა თუ ციხე, მამაძალი....

 

 

 

big_banner
არქივი