logo_geo
მიხეილ ვორონცოვი – თბილისის „ყველაზე წესიერი რუსი“ და მისი ნამდვილი განზრახვა
- +

2 ნოემბერი. 2021. 13:56

 

 

კნორინგის, ციციანოვის, გუდოვიჩის, ტორმასოვის, პაულუჩის, რტიშჩევის, ერმოლოვის, პასკევიჩისა და როზენის შემდეგ ვორონცოვი იყო პირველი მთავარმართებელი, რომელმაც  შეძლო  და ტფილისის და მთლიანად საქართველოს გარკვეული კეთილგანწყობა მოიპოვა. ტფილისელებმა მას ახლანდელი ზაარბრიუკენის მოედანზე ძეგლიც კი დაუდგეს. რუსეთის იმპერატორის მიერ გამოგზავნილ 5 ათას მანეთს 36 ათასი დაუმატეს და 1867 წლის 25 მარტს თბილისში ვორონცოვის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

 

ვორონცოვი საქართველოში ჯერ კიდევ პავლე ციციანოვის მმართველობისას მსახურობდა.  როცა მისი კავკასიის მთავარმართებლად დანიშვნა გადაწყდა, ქართველები ამ ამბავს სადღეგრძელოებით, ზარბაზნების სროლითა და ჩირაღდნებით შეხვდნენ. წინამორბედებისგან განსხვავებით, ვორონცოვმა ქართველებთან მიმართებაში ერთგვარი რბილი ძალის გამოყენება არჩია და ყველა ხერხით და საშუალებით ცდილობდა,  მათი კეთილგანწყობა მოეპოვებინა. როგორც ვორონცოვი ამბობდა, მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართველ ერს დედინაცვალი მშობელ დედასავით შეჰყვარებოდა“.

 

მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლობის დროს საქართველოში გამოიცა ყოველკვირეული გაზეთი „კავკასიის მხარეთა უწყებანი“ და რუსული გაზეთი „კავკაზი“, დაარსდა რუსული და ქართული თეატრები, ოპერა, სადაც იტალიიდან მოიწვია საოპერო დასი, თბილისში გაიხსნა წმინდა ნინოს სასწავლებელი, პირველი საჯარო ბიბლიოთეკა და ფრანგული წიგნის მაღაზია, მტკვარზე გაიდო ხიდები და აიგო საცხოვრებელი სახლები, აშენდა ფაბრიკა-ქარხნები და განვითარდა მრეწველობა და ვაჭრობა.

 

ვორონცოვს  უკავშირდება  ტფილისის და ტფილისელების ე.წ. ევროპეიზაცია.  ქართველ თავად-აზნაურებს აიძულებდა, თავიანთი  ცოლები და ქალიშვილები უკანასკნელ ევროპულ მოდაზე გამოწყობილები მიეყვანათ მის მიერ მოწყობილ წვეულებებზე. ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული მისი მეუღლეც.

 

 

ამ ყველაფერთან ერთად ვორონცოვი ცდილობდა ძველტფილისური ტრადიციებიც შეენარჩუნებინა. მაგალითად, ყეენობა, რომელიც მისმა წინამორბედებმა აკრძალეს, ვორონცოვმა აღადგინა და მასში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა. უნდა ითქვას, რომ ვორონცოვის ეს პოლიტიკა წარმატებით მუშაობდა და ქართველების დიდი ნაწილი მისით აღფრთოვანებული იყო და მას ყველაზე წესიერ რუსად მოიხსენიებდნენ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ვორონცოვის ნამდვილ განზრახვას კარგად ხვდებოდა. აი, რას წერდა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი:

 

„სხვა წარსული მთავარმართებლები ხომ გვატყუებდნენ, მაგრამ ისინი უფრო დესპოტური მძვინვარებით, ხოლო ის დრო ვორონცოვისა, საქართველოში, ჩვენი გამოუცდელობისათვის სულ სხვაგვარი მოსატყუებელი დრო იყო ვორონცოვისაგან… ალერსითა მითომ კაიკაცობას გვიჩვენებდა, ნამეტნავად კიდევ უფრო იმით, ვინც რუსეთის ინტერესებზე იქცეოდა, მასთან ხელგაშლილი, ჩინებსა და სხვა ჯილდოს იძლეოდა, თან ბევრი შეძლება და განცხრომა ჰქონდა ხოლმე… ამიტომ ვორონცოვის სახელს ადიდებდნენ: ეს რა ღვთიური კაცი მოგვივიდაო, ვიცოდი ესეები სულ მოჩვენება იყო ვორონცოვისგან, რომ საქართველოს ხალხი გართულები იყვნენ დროებითა და ამაებში და მთავრობაზედ ცუდი ფიქრი აღარავის ჰქონდეს. ამისათვის, რომ ვორონცოვის დროს შამილი და დაღესტანი გაძლიერებულნი იყვნენ. ქართველების ეშინოდა, მაგრამ ვორონცოვმა იმ თავისი ცბიერი გონებითა ესეები სუ ჩაშალა და ბოლო დროს ისევ მონობაში დარჩნენ ქართველები, როგორც ადრე იყვნენ რუსებისა”.

 

 

 

ვორონცოვმა საქართველო და შესაბამისად, ტფილისი 1854 წელს დატოვა. მისი ადგილი დროებით ნიკოლაი რეადმა დაიკავა, რომელიც 1854 წლის 22 ივნის კავკასიის ახალმა მთავარმართებელმა, ნიკოლაი მურავიოვმა ჩაანაცვლა.

 

გამოყენებული მასალა: ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი, თამარ ყურაშვილის სტ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი