logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: მე მშვიდად ვარ!
- +

23 ნოემბერი. 2021. 18:52

 

 

ვუყურებ ყოველდღიურად საინფორმაციოებს და გული მერევა.

თუმცა, მშვიდად ვარ.

 

გული მერევა „გამართულ“ ქართულზე.

 

გული მერევა ადამიანების „ბულინგზე“, რეალურად ჩაგვრას რომ ნიშნავს. ზიზღზე, ყველა ეთერიდან რომ მოედინება.

 

არადა, ეს კინო უკვე ნანახი მაქვს, თან არაერთხელ. განსაკუთრებით მძაფრად ოთხმოცდაათიანებიდან მახსოვს. მაშინაც ეს ხალხი იყო სადიზმის სადარაჯოზე. გია ბარამიძე, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მაისურაძე...

 

კიდევ სხვაც ბევრი.

 

ბევრი გარდაიცვალა.

 

ზოგმა მოინანია.

 

ზოგი დღესაც ქანდარაზე ზის...

 

ეკა ხერხეულიძეც იყო მაშინ, მაგრამ ერთი განსხვავებით - ის გოჩა კელენჯერიძესთან, სანდრო ბრეგაძესთან, ზაზა დავითაიასთან, ირაკლი შონიასთან, დავით ცინდელიანთან (სხვათაშორის, ეს ის დავით ცინდელიანია, სააკაშვილის სისხლიანმა ჯალათებმა წამებით რომ მოკლეს!) და რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად სიმართლის სადარაჯოზე იდგა მაშინ. ეკა მართლა თავგანწირვით იბრძოდა იმ წლებში უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ და დიახ, ბევრი ჩვენგანისთვის მაგალითიც იყო!

 

დღეს, იმ სისხლიანი დღეებიდან შემორჩენილი მოგონებებიდან სხვანაირად ვაფასებ მის ქმედებებს.

 

პატივისცემას ვინარჩუნებ ძველი წლებისას და მშვიდად ვარ.

 

უბრალოდ, მიკვირს...

 

ნუგზარ წიკლაურისაც მიკვირს.

 

მამუკა წიკლაური ჩემი რედაქტორი იყო. რეალურად, ჩემი პირველი რედაქტორი „საქართველოს სამრეკლოში“.

 

მანამდე მზია შერვაშიძესთან ვმუშაობდი. „საქართველოს ცის ქვეშ“ ერქვა გაზეთს და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შემდეგ შეჩერდა მისი გამოცემა.

 

ის წლები მახსოვს, დევნისა და ტყვიების ზუზუნში რომ გამოვცემდით გაზეთს...

 

გელა ლანჩავას ჯალათებისა და ჯაბა იოსელიანის „მხედრიონელების“ მიერ დარბეულ მიტინგებს რომ ვიღებდი ბიძაშვილისგან ნათხოვარი „ზენიტით“...

 

ბავშვი ვიყავი, მაგრამ ტკბილად მახსენდება „საქართველოს სამრეკლოში“ გატარებული დღეები. მამუკა წიკლაური, გია არგანაშვილი, ზაურ იობაია, ფრიდონ ქობალია... კიდევ სხვაც ბევრი. მერე ნუგზარ წიკლაური დედაუნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელად დაინიშნა და დავით პაიჭაძის მონა გახდა. პაიჭაძის რა... მიშას მონები იყვნენ ორივენი!

 

მერე დედაჩემი გამოაძევეს დედაუნივერსიტეტიდან. გია ხუბუას იმის კაცობა არ აღმოაჩნდა, პაიჭაძისა და წიკლაურის ყმა არ გამხდარიყო. პაიჭაძისა და წიკლაურისა რა... სააკაშვილის ყმა!

 

ის ხალხი გვიკითხავს მორალს, მონობის უღელი დღესაც რომ არ გადაუგდია კისრიდან.

 

რატომ ვიხსენებ ახლა ამ ყველაფერს...

 

ყველა დარბევა მახსოვს. ყველას შიმშილობა მახსოვს. ნამდვილი შიმშილობა, სხვათაშორის და არა გიულევიჩის შიმშილობის მსგავსი. ყველას „მიქარული“ მახსოვს. ბევრის მონანიებაც მახსოვს და ბევრის „თამაშიც“.

 

უბრალოდ, ვიხსენებ და მშვიდად ვარ.

 

ვიცი, რომ ვეღარ დაბრუნდება წარსული და მშვიდად ვარ.

 

ვუყურებ დღევანდელობას და გული მერევა-მეთქი, თავში ვწერდი...

 

გული მერევა ბუღაძეზე. მამადუ ბუღაძეზე, რომელიც დღეს გამსახურდიას სახელით სპეკულირებს და ამასობაში, ფურთხების პერფორმასნსით გაითქვა სახელი. ვიღას ახსოვს მისი კედლის მხატვრობა...

 

გახსოვთ, ალბათ... დასვა რამდენიმე სტუდენტი წრეში და ერთმანეთის სახეში აფურთხებინა. დღეს ამ კაცს მიტინგზე უსმენენ. მიტინგზე რა... ვიწრო პარტიულ შეკრებაზე.

 

ან, აქ რა მოსატანია, მაგრამ... ყუბანეიშვილიც პოეტია. არადა, ბილწი და ბინძური ფრაზების გარდა თუ ვინმეს ახსოვს მისი სტრიქონი, აფერუმ მას...

 

გამოდის მამა ხოშტარია და - მესამე პრეზიდენტს ვერ მოვკლავთო, - გვამუნათებს. არადა, პირველი პრეზიდენტი მან და სიგუამ ერთად გაიმეტეს მოსაკლავად!

 

ბრძენ ერს ესეც ახსოვს.

 

და ზუსტად რომ ვიცი, ხალხს ესეც რომ ახსოვს, მშვიდად ვარ.

 

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე დუმილი მისივე მეგობარს ელენე ხოშტარიას დაღად დაემჩნევა მთელი ცხოვრების მანძილზე და შიმშილობით ვერ გამოისყიდის ამას. არაუშავს, ახალ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების ჟამს გამოადგება მისი დღევანდელი თავგანწირვა.

 

ვერც მაჭუტაძის შიმშილობა გადაფარავს იმ რეალობას, რასაც ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ კადრებში ვისმენდით - ქარდავასა და მუხაძის „გმირობას“ ვგულისხმობ.

 

დარწმუნებული ვარ, ეს ჯოჯოხეთი აღარ განმეორდება და მშვიდად ვარ.

 

სადისტებისგან რა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ სადიზმიცაა და სადიზმიც. თუმცა, რაც მთავარია, უგულავამ დაგმო.

 

იმ უგულავამ, რომელიც ერთ-ერთი პირველი ჯალათი იყო სააკაშვილის ზეობის ხანაში. იდეოლოგიური ჯალათი!

 

ბოკერიასთან ერთად იყოფდა ამ წოდებას...

 

სააკაშვილისგან პირადად დაჯილდოვებული ქარდავასგან განსხვავებით, უგულავა ჟურნალისტებისა და მწერლების მიმართ იჩენდა სადიზმს. აკი, გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამოყრილი ჟურნალისტების, დარბეული რედაქციებისა და გაჩანაგებული მწერალთა კავშირის დარბევის ცოდვა სწორედ გიგი უგულავას კისერზეა!

 

გიორგი არველაძესთან და გრიშა ბაიბურთთან ერთად!

 

არადა, იყო დრო, გიორგი არველაძესთან მეც ვმეგობრობდი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. მერე ტყავი იცვალა მანაც და მინი-სააკაშვილად გადაიქცა.

 

გრიშა ბაიბურთის გამო კი დღესაც სირცხვილით ხვდება კოლეგებს მისი მამა, შვილის მიერ „სამშობლოდან“ ასევე გამოგდებული, დამსახურებული ჟურნალისტი ვან ბაიბურთი.

 

დარწმუნებული ვარ, ეს ჯოჯოხეთი აღარ განმეორდება და მშვიდად ვარ.

 

მეც ვშიმშილობდი 2008 წლის მარტში. „ასავალ-დასავალში“ ვმუშაობდი იმ წლებში და ნაციონალური ჯოჯოხეთის ქრონიკებს ვწერდი. მაშინ დამთხვეულმა ფიუნესმა - კობა ხაბაზმა შალვა ნათელაშვილს დააბრალა ჩემი „შიმშილობა“ - მამაცაშვილს ნათელაშვილი მართავსო... საბედნიეროდ, ღმერთმა დამიფარა და ამ უკანასკნელის სამართავი ვერ(!) გავხდი. თუმცა, მანაც უმადურობა გამოიჩინა და სააკაშვილის „ღიმილს“ დახარბდა 2012-ის მერე...

 

სხვათაშორის, ეს ხალხი, დღეს რომ ენები დაუგრძელებიათ, არ მახსენდება ჩემი შიმშილობის დროს ერზე და ჟურნალისტებზე მჭმუნვარების მანტიით შემოსილნი...

 

რას ვიზამთ, მაშინ ჭირდა გადახდა (!)...

 

2011 წლის 26 მაისის ღამესაც მშვიდად ვიყავი.

 

ჩემი ჟურნალისტური და პროფესიული საქმიანობის გამო - დარბეული, რეზინის 37 ტყვიით დაცხრილული, ტვინის შერყევით, ქუჩაში ძაღლივით დაგდებული, ნაცემი, მაგრამ... მშვიდად ვიყავი.

 

ჰო, აღარ მქონდა გაბრძოლების თავი და ეს ერთადერთი იძულებითი სიმშვიდე იყო ჩემს ცხოვრებაში!

 

ახლა მოდაშია და „დაგუგლეთ“ და გაარკვიეთ, რას წარმოადგენდა იმ წლებში ბაროზო. ბაროზოს წერილსაც შუბლზე ავაფარებ, თუ ვინმეს დააინტერესებს, რას წერდა ჩვენზე...

 

რატომღაც, მაშინ არ ამოუღიათ ხმა დღეს მოკაკანე ინდაურებს!

 

არც ტელეჟურნალისტებს, რომლებიც მაშინაც ეკრანზე იყვნენ და დღესაც ეკრანზე არიან!

 

მონები იყვნენ მაშინაც და იმიტომ!

 

სამწუხაროდ, მონები არიან დღესაც!

 

ირმა ინაშვილი და „ობიექტივი“ ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ყველანაირად გვერდში დაგვიდგნენ!

 

და თუ კიდევ რომელიმე ტელეკოლეგის მხარდაჭერა ვიგრძენით, ეს ინგა გრიგოლია და გიორგი თარგამაძე იყვნენ!

 

დღეს ჟურნალისტებად მომუშავე ბავშვებს ეს არ ახსოვთ.

 

თუმცა, იმ აქციის ლიდერებს აღარ ახსოვთ და კვლავ სააკაშვილ-ბოკერია-უგულავას გვერდით იღებენ სელფებს და 20-23 წლის გოგო-ბიჭებს რა უნდა მოვთხოვო, ნაპროკურორალი გვარამიას ნორმატივებით რომ აბარებენ „გამოცდებს“ თანამედროვე ჟურნალისტიკაში...

 

მხოლოდ მიკროფონის პირში შეთხრა რომ ჰგონიათ ჟურნალისტიკა...

 

საბედნიეროდ, აღარც 26 მაისი განმეორდება და ამიტომაც, მშვიდად ვარ.

 

რაც მთავარია, ბელადმა შიმშილობა შეწყვიტა.

 

რაც მთავარია, გადამალული გივი თარგამაძე ისევ გამოჩნდა. გადამალული მაია ნადირაძეც გამოჩნდა.

 

მიშა მაჭავარიანიც შევნიშნე ერთ-ერთ ტელეშოუში.

 

და რადგან ეს გადამალული ხალხიც დავინახე, კიდევ უფრო დავმშვიდდი. და მშვიდად ვარ.

 

ამ უნამუსოებმა ყველა სახის „ბულინგი“ არ იკმარეს და ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან პლაკატები გაშალეს და არ ვიცი, რა ბზიკმა უკბინათ, მაგრამ თხუტმეტ წუთში მათი ბუნდღა აღარ იყო.

 

ჰოდა, მშვიდად ვარ.

 

მშვიდად ვარ, „ორგვამა“ მერაბიშვილის ნაცვლად გომელაური რომ ჰყავს ამ ქვეყანას შს მინისტრად, ადეიშვილის ნაცვლად - რატი ბრეგაძე, ნაძირალა უგულავა-ჭიაბერაშვილის ნაცვლად - კახი კალაძე, გოდერძი ჩოხელის ფეხზე დამკიდებელი გოკა გაბაშვილის ნაცვლად - თეა წულუკიანი, „მეჩანგლე“ ბაქრაძის ნაცვლად - კახა კუჭავა, „დაღლილ ვირად“ წოდებული ნოღაიდელის ნაცვლად - პრემიერი ღარიბაშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარედ, „შადრევან პირველის“ ნაცვლად - კობახიძე...

 

.

 

ჰო, შაშკინმა, - სააკაშვილი ისევ აიღებს დროშის ტარს და მალე ჩაუდგება ქვეყანას სათავეშიო. რაღა გვიჭირს?! ეს ის შაშკინია, ხალხმა შაშურკინი რომ შეარქვა ჯალათი შაშურკინის „პატივსაცემად“!

 

რანკოვიჩის ხროვის ლიდერი ლომაიაც გამოჩნდა ასპარეზზე. გენერალ ბორისოვს ლენინგორი რომ ჩააბარა, ის ლომაია. განათლების სისტემას დედა რომ უტირა, ის ლომაია. „ამერიკამ უკრაინას ლეტალური შეაიარაღებით დახმარებაზე  პირობა მისცა და ნეტავ, საქართველოშიც მალე დადგეს ეს დღეო“... ანუ, ლეტალურ შეიარაღებაზე და მორიგ სისხლისღვრაზე ფიქრობენ ეს მანქურთები და აღარც მალავენ.

 

არადა, მაინც მშვიდად ვარ...

 

მთავარია, ბელადმა შიმშილობა შეწყვიტა და მშვიდად მოიხდის სავალდებულო „სამსახურს“. ისიც დამშვიდდება და მეც მშვიდად ვიქნები.

 

მერე რა, რომ 26 მაისის სისხლიან დარბევაზე ბრალი დღესაც არა აქვს წაყენებული.

 

მერე რა, რომ 2011 წლის სექტემბერში თავად აღიარა, 26 მაისის აქციის დარბევის ბრძანება მე გავეცი და ამით ვამაყობო!

 

მაინც მშვიდად ვარ.

 

ამ ბრალსაც წაუყენებენ, დარწმუნებული ვარ!

 

P.S.

„რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ“!

 

ღალატიც ბევრი მინახავს, ორპირობაც, ზიზღიც და ქილიკიც... კიდევ ბევრი რამის და ვინმეს გახსენებაც შემეძლო, ბევრის „გმირობასაც“ შევხებოდი, მაგრამ ზოგი რამ მომავლისთვისაც გადავდოთ.

 

მთავარია, ბელადი აღარ შიმშილობს...

 

და რაც მართლა მთავარია, დღეს აღარ და ვეღარ განმეორდება 1991 წლის დეკემბრის სისხლიანი დღეები!

 

ვერც 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალება - „ვარდების რევოლუციის“ სახელით შეფარული!

 

ვერც „მაიდანს“ ეღირსებიან მავანნი!

 

სახელმწიფო შემდგარია და ვისაც არ მოსწონს, ბელადის დანატოვარი ფაფა ჭამოს.

 

ჰოდა, მშვიდად ვარ! მშვიდად!

 

 

 

right_banner big_banner
არქივი