logo_geo
ივანე ჯაფარიძე: როგორ გვჭირდება ნიკო კეცხოველი და მისი მსგავსი მოღვაწეები დღესაც – 21-ე საუკუნის საქართველოში!
- +

26 დეკემბერი. 2021. 14:44

 

26 დეკემბერი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი-ბოტანიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლეგენდარული რექტორის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის დაბადების დღეა. იგი მართლაც ეპოქალური პიროვნება იყო და მისი ღვაწლი დღემდე ახსოვს ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს.

 

კვალი ნათელი

 

ნიკო კეცხოველის პიროვნებასა და მრავალმხრივ მოღვაწეობაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ მის ფენომენზე როცა ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სრულიად თავისებური, ყველასაგან განსხვავებული ნიკო კეცხოველისეული სამშობლოს სიყვარული.

 

შეიძლება ვინმეს ეწყინოს – არც ჩვენ გვიყვარს ნაკლებად ჩვენი სამშობლოო, მაგრამ სამშობლოს სიყვარულის ყველაზე დიდი საზომ-სამანი ის უანგაროდ ნაკეთები საქმე და სიკეთის საგზალია, რომელსაც სამუდამო საკვებად უტოვებ მომავალ თაობებს.

 

 ნიკო კეცხოველი კი თავის ხელში გამოვლილ და გამოჩეკილ „ბარტყებსაც“ საკუთარი ხელით აძლევდა ამ საგზალს, საკენკს უყრიდა, აპურებდა, აარწივებდა და იმ იმედით უშვებდა ცხოვრების უკიდეგანო სივრცეში, რომ ისინი, მძლავრად ფრთებგაშლილნი, მუდამ დიდ სიმაღლეებზე იფრენდნენ და არასოდეს დაკარგავდნენ ორიენტაციას.

 

 სიახლე არავისთვის არის და ყველას კარგად მოეხსენება იმ შეუფასებელი ღვაწლისა და ამაგის შესახებ, რაც დედა უნივერსიტეტს მიუძღვის ქართული მეცნიერებისა და კულტურის გამდიდრებაში, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და სულიერების გადარჩენის საქმეში.

 

დაარსებიდან მოყოლებული, უნივერსიტეტს გამორჩეული მამულიშვილები ედგნენ სათავეში, მაგრამ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, უნივერსიტეტის ლეგენდარული რექტორი აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი იყო, რომელმაც ამ პოსტზე ყოფნის 8 წლის განმავლობაში, არნახულ სიმაღლემდე აზიდა უნივერსიტეტის სახელი და ავტორიტეტი, უდიდესი განძი დაუტოვა შთამომავლობას იმ ადამიანთა აღზრდით, რომლებიც შემდგომ თვითონ ზრდიდნენ და დღესაც ზრდიან საქართველოს მომავალს. ნიკო კეცხოველის აღზრდილებმა მსოფლიოში გაუთქვეს სახელი ქართულ მწერლობას, ხელოვნებას, მეცნიერებას, სპორტს.

 

ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული მეორე მსოფლიო ომი, როცა ნიკო კეცხოველი უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა. ჩვენ ქვეყანას სულიერადაც უჭირდა და მატერიალურადაც. ომიდან დაბრუნებული ახალგაზრდების ნაწილი, სამხედრო ფარაჯებში გამოწყობილნი, პირდაპირ უნივერსიტეტს მიაშურებდნენ სწავლის გასაგრძელებლად. მოდიოდნენ ის ახალგაზრდებიც, რომელთა მშობლების უმეტესობა სამუდამოდ დარჩა ბრძოლის ველზე და უმამოდ დარჩენილნი, ადრე დაკაცებულნი, ცოდნის წყურვილით გულანთებულნი, მონდომებით აბარებდნენ მისაღებ გამოცდებს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე ადგილის დასაკავებლად.

 

ომის შემდეგ, უნივერსიტეტი გახდა ის ჯადოსნური კერა, სადაც მთელი საქართველოს წიგნიერმა ახალგაზრდობამ მოიყარა თავი და დაიწყო სტუდენტთა ბობოქარი, მჩქეფარე შემოქმედებითი ცხოვრება.

 

ამ თაობას უნივერსიტეტში რექტორად დახვდა ნიკო კეცხოველი, უდიდესი კაცი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რომელმაც დაობლებულ სტუდენტობას მამობაც გაუწია და მეგობრობაც. მერე რა, რომ მეტად მკაცრი და მომთხოვნი იყო, იგი ამასთანავე გულმოწყალე და სამართლიანიც ბრძანდებოდა, რაც სტუდენტებში დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იწვევდა.

 

ბატონი ნიკოს რექტორობის პერიოდში, უნივერსიტეტში აყვავდა და გაიფურჩქნა ქართული მწერლობა, ხელოვნება, მეცნიერება, სპორტი, დაფუძნდა ლიტერატურული წრე და გამოიცა ალმანახი „პირველი სხივი“, სადაც ფეხი აიდგეს ჩვენი დროის გამოჩენილმა ლიტერატორებმა, მწერლებმა, პოეტებმა, მეცნიერებმა. ამ თაობამ განათლების, წიგნიერების ახალი ტალღა შემოიტანა უნივერსიტეტში და სტუდენტის სახელს უდიდესი ღირსება შესძინა.

 

ბატონი ნიკოს პიროვნების მრავალმხრივობაზე საუბრისას, შეუძლებელია არ აღინიშნოს უნიკალური ფაქტი, რომელიც, გარდა იმისა, რომ საამაყოა, სამაგალითოა, რადგან იგი ერთადერთია საქართველოში, რომელსაც საქართველოს უმაღლესი ჯილდო - რუსთაველის პრემია მიღებული აქვს არა როგორც აკადემიკოსს, მეცნიერ-ბოტანიკოსს, არამედ როგორც მწერალს, შესანიშნავი წიგნების ავტორს. ამ წიგნებში, ფართო თვალსაწიერის მქონე ბუნებისმეტყველის მახვილი თვალით, ბრწყინვალედაა დახატული საქართველოს მთა-ბარის სილამაზე, საიდანაც ძალუმად შეიგრძნობა ქართული მიწა-წყლის ბარაქა, მადლი და სურნელი.

 

მეც ბუნებისმეტყველი გახლავართ, არც თუ ცოტა მივლია საქართველოს მთასა თუ ბარში, ამიტომაც ძალიან კარგად მესმის ბატონი ნიკოს განცდების სიღრმე და მასშტაბურობა, მისი დამოკიდებულება მოგზაურებისა და მოგზაურობისადმი.

 

მანამდე, 1917 წელს, 20 წლის ნიკო კეცხოველის უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია და წლების მანძილზე იყო მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921–1924 წლებში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე გახლდათ, ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის არალეგალური მთავარი კომიტეტის წევრი და „დამკომის“ წევრი ახალგაზრდა ეროვნულ–დემოკრატთა ორგანიზაციიდან. 1921 და 1923 წლებში იგი დაპატიმრებული იყო. 1924 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ კი ჩამოცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და 1925 წლიდან ქართული ალპინიზმის ფუძემდებლების ჯგუფს შეუერთდა. შემდგომ, წლების განმავლობაში, ამ ვაჟკაცურ საქმიანობასაც დაატყო თავისი მადლიანი ხელი.

 

1925 წელს, ბატონი ნიკო, გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით იალბუზზე მოწყობილ პირველ საბჭოთა ექსპედიციაში მონაწილეობს. ამ ისტორიულ ასვლას კი წინ უსწრებდა საქართველოს მთიანეთსა და ჩრდილო კავკასიაში მოგზაურობა თავის განუყრელ მეგობრებთან - სიმონ ჯაფარიძესა და დევი მიქელაძესთან ერთად, საიდანაც მცენარეთა უმდიდრესი ჰერბარიუმი ჩამოიტანა, რომელმაც შემდგომ უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრაზე არსებულ ჰერბარიუმს დაუდო სათავე, მისმა გეოლოგმა მეგობრებმა კი მინერალოგიურ-პეტროგრაფიული და პალეონტოლოგიური ნიმუშების უმდიდრეს კოლექციას მოუყარეს თავი.

 

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ 1945 წლიდან, ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელისა და საქართველოს ალპური კლუბის დამაარსებლის ალიოშა ჯაფარიძის უშბაზე დაღუპვის შემდეგ, ნიკო კეცხოველი 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ალპურ კლუბს, რომელსაც მისი ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით ალიოშა ჯაფარიძის სახელი მიენიჭა.

 

ქართული ალპინიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანია აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ღვაწლი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარე. ამ პერიოდში საქართველოს ალპური კლუბი წარმოადგენდა ერთადერთ ორგანიზაციას კავკასიაში, რომელიც მთამსვლელურ საქმიანობას მასშტაბურად და წარმატებით ახორციელებდა. ამ პერიოდში ქართულმა მთამსვლელობამ რომ უდიდესი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა, ამაში, რა თქმა უნდა, დიდია ნიკო კეცხოველის დამსახურება.

 

ქართულ მთამსვლელობაში მრავალი ღირსეული მამულიშვილი მოღვაწეობდა, მაგრამ იშვიათია იმ რეგალიების მქონე პიროვნება, რითაც ბ-ნი ნიკო კეცხოველი იყო „აღჭურვილი“.

 

1920-იანი წლებიდან მოყოლებული, ნიკო კეცხოველმა ცხოვრების დიდი და სახელოვანი გზა გაიარა. იყო პედაგოგიური ინსტიტუტის (ბოლშევიკებმა თბილისის უნივერსიტეტი პედაგოგიურ ინსტიტუტად გადააკეთეს და ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გააძევეს. საბედნიეროდ, რამდენიმე წელიწადში პირვანდელი ფუნქცია აღუდგინეს და ივანე ჯავახიშვილიც დააბრუნეს უნივერსიტეტში) დეკანი, თსუ-ისა და სხვადასხვა ინსტიტუტების ბოტანიკის კათედრის გამგე, თსუ-ის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ვიცე-პრეზიდენტი, ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, თსუ-ის რექტორი, საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი, საკავშირო ბოტანიკური საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემიების ლაურეატი, ლენინის, შრომის წითელი დროშის 3-3 ორდენისა და საპატიო ნიშნის ორდენების კავალერი,  არჩეული იყო თბილისის საპატიო მოქალაქედ.

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ერთ კაცს ეკუთვნის, მაგრამ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ნიკო კეცხოველი ქართველი ხალხის მეხსიერებაში მაინც თბილისის უნივერსიტეტის ლეგენდარულ რექტორად დარჩა. ამ თანამდებობაზე ბ-მა ნიკომ მხოლოდ 8 წელი (1945 - 1952 წ.წ.) იღვაწა, მაგრამ ეს წლები ახალი ეპოქა იყო უნივერსიტეტის ცხოვრებაში, ხოლო თუ რა როლი შეასრულა უნივერსიტეტმა ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის განვითარებაში, ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ზნეობისა და სულიერების გადარჩენის საქმეში, ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი...

 

ნიკო კეცხოველი, უკვე უნივერსიტეტის თანამშრომელი, 1924 წელს გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით,  განუყრელ მეგობრებთან, გეოლოგებთან - სიმონ ჯაფარიძესა და დევი მიქელაძესთან ერთად, საქართველოს მთიანეთსა და ჩრდილო კავკასიაში მოგზაურობს, საიდანაც მცენარეთა მდიდარი ჰერბარიუმი ჩამოაქვს (რის საფუძველზეც შეიქმნა შემდგომ თსუ-ის ბოტანიკის კათედრის ჰერბარიუმი), მისმა მეგობრებმა კი პალეონტოლოგიური და მინერალოგიურ-პეტროგრაფიული ნიმუშების უმდიდრესი კოლექცია შეკრიბეს. ეს მოგზაურობა ერთგვარი მოსამზადებელი ვარჯიში იყო მომდევნო წელს იალბუზზე პირველი ქართული ლაშქრობისათვის. იალბუზზე პირველი ასვლისა და თავისი ალპინისტური ნათლობის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს ბ-ნი ნიკო თავის წიგნში `თოვლიან მთებში~, რომელშიც მთამსვლელ მეგობართა პორტრეტებთან ერთად, სახიერად აღწერს საქართველოს მთიანეთის საოცარ ბუნებას...

 

დიდია ბ-ნი ნიკოს ღვაწლი ქართული ენის გამდიდრების საქმეშიც. მან უამრავი საბუნებისმეტყველო ტერმინი ამოკრიფა ძველი წერილობითი ძეგლებიდან, სხვადასხვა კუთხის დიალექტებიდან და ქართულ ლიტერატურულ, წერილობით თუ სამეტყველო მიმოქცევაში შემოიტანა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ მან დაამკვიდრა ქართულში სიტყვა „მეკლდეური“, „გზაგასაყარი“, „მთამაღალი“ და ა.შ. განსაკუთრებულია ნიკო კეცხოველის დამსახურება ქართული სპორტის აღორძინების საქმეში. 1947 წელს, სწორედ იგი იყო უნივერსიტეტში სპორტული კლუბის ჩამოყალიბების მოთავე და მოამაგე, რომლის თავმჯდომარეობაც, რექტორობის მიუხედავად, თავადვე იკისრა. ამ პერიოდში მიეცა დასაბამი უნივერსიტეტის ალპინისტურ ლაშქრობებსა და ალპინიადებს, რომლებიც შემდგომ ტრადიციად გადაიქცა.

 

ნიკო კეცხოველის ღვაწლის აღიარებაზე, მთამსვლელობაში მის დიდ ავტორიტეტზე ისიც მიუთითებდა, რომ ალიოშა ჯაფარიძის ჯგუფის უშბაზე დაღუპვის შემდეგ, 1948 წლიდან 1963 წლამდე, ბ-ნ ნიკო ხელმძღვანელობდა საქართველოს ალპურ კლუბს, რომელსაც 1945 წელს ალიოშა ჯაფარიძის სახელი მიენიჭა და მთამსვლელთა ფედერაციის შექმნამდე მის ფუნქციასაც ითავსებდა. 

 

მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული, ბ-ნი ნიკოს ხელშეწყობით მოეწყო ისეთი ღირსშესანიშნავი ასვლები, როგორებიც იყო შხელდა-უშბის სარეკორდო ტრავერსი, ქართველ მთამსვლელთა პირველი სასიმაღლო ასვლები პამირსა და ტიან-შანში, საბჭოთა კავშირის უმაღლესი მწვერვალის - კომუნიზმის პიკის დალაშქვრა ახალი გზით, დარვაზის ქედის, ოქტომბრისა და ძერჟინსკის სახელობის მწვერვალების ტრავერსები, ასვლები მოსკოვის, კარლ მარქსის, პრავდის სახელობის მწვერვალებზე.

 

პამირ-ტიან-შანში ჩვენი მთამსვლელების პირველი წარმატებული ასვლების შემდეგ ნიკო კეცხოველს გაუჩნდა იდეა, კავკასიონის გარდა, სხვა მთათა სისტემების მაღალ მწვერვალებსაც შერქმეოდა ქართული სახელები. ჩვენმა სახელოვანმა მთამსვლელებმა ფრთები შეასხეს ბატონი ნიკოს იდეას და პამირში გაჩნდა მწვერვალები: „ვაჟა ფშაველა“, „თეთნულდის მსხვერპლნი“, „გიორგი ნიკოლაძე“, „თბილისის უნივერსიტეტი“ და სხვ.

 

ნიკო კეცხოველის ყოველი საჯარო გამოსვლა, რომელიც საქართველოს, მის ბუნებას, წიაღისეულსა თუ მის დაცვასა და გონივრულ მოხმარებას შეეხებოდა, მუდამ გამოირჩეოდა ერისკაცისათვის დამახასიათებელი სიბრძნით, ღრმა ანალიზით, სანდო და უტყუარი დასაბუთებით, ლოგიკური და ანალიტიკური მსჯელობით. ბ-ნი ნიკოს რამდენ მოხსენებასა და საჯარო გამოსვლასაც კი დავსწრებივარ, არ მახსოვს შემთხვევა, რომელიმე ოპონენტი ბ-ნ ნიკოსთან პაექრობაში გამარჯვებული დარჩენილიყო. იგი მართლაც ილია ჭავჭავაძის მოდგმის კაცი იყო, რომელსაც „ერის წყლული აჩნდა წყლულად“. ასევე დაუვიწყარია ჩემთვის და სამუდამოდ დამრჩა მეხსიერებაში 1957 წლის 1 სექტემბერს წარმოთქმული მისი სიტყვა, ალიოშა ჯაფარიძის დაკრძალვის დღეს, როცა 12 წლის შემდეგ, უშბაზე, გულის მყინვარის მიდამოებში იპოვეს ბიძაჩემის ნეშტი და თბილისში ჩამოასვენეს.

 

ბატონმა ნიკომ, როგორც ალპური კლუბის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, მთავრობაში დასვა საკითხი, ალიოშა ჯაფარიძის ვერის ბაღში, მისივე სახელობის ალპური კლუბის გვერდით დაკრძალვის შესახებ და მთავრობამ წინააღმდეგობის გარეშე დააკმაყოფილა ნიკო კეცხოველისა და მთამსვლელთა საზოგადოების სურვილი.

 

ნიკო კეცხოველს ფეხით ჰქონდა შემოვლილი საქართველოს მთა-ბარი. კარგად იცნობდა ყოველ კუთხეს, ყოველ ძეგლს. ბუნების დიდი ქომაგი შესანიშნავი მხარეთმცოდნე იყო. პირადი მაგალითითა თუ თავისი შესანიშნავი წიგნებით ქართველ ახალგაზრდებს ასწავლიდა ბუნების მშვენიერების შეცნობას და აყვარებდა სამშობლოს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბ-მა ნიკომ თავისი განუყრელი ფოტოაპარატით გადაღებული საქართველოს მთიანეთის უნიკალური კადრები და დიდებულ მთამსვლელთა დაუვიწყარი პორტრეტები დაგვიტოვა, რომელთა გარკვეულმა ნაწილმა დაამშვენა კიდეც ალ. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპურ კლუბში ჩემი დირექტორობის დროს აღდგენილი და განახლებული მთამსვლელთა მუზეუმი.

 

ნიკო კეცხოველისნაირ ადამიანებს დიდებულ ძეგლებს უდგამენ ხოლმე. მის სახსოვრად კი მხოლოდ ერთი პატარა მემორიალური დაფა დგას მთაში, ფშავში, აწუნთის უღელტეხილზე - მის საყვარელ გადასახედზე, რომელზეც ხალხური ლექსის ერთი სტროფია ამოკვეთილი:

 

„კარგ ყმასა სწუნობს სოფელი,

იტყვიან - კარგი რად არი?!

როცა კი გაუჭირდებათ,

ყველა კითხულობს - სად არი?..“

 

მართლაც და, როგორ გვჭირდება ნიკო კეცხოველი და მისი მსგავსი მოღვაწეები დღესაც – 21-ე საუკუნის საქართველოში!

 

ივანე ჯაფარიძე

 

P.S. აქვე გთავაზობთ ნიკო კეცხოველის სამ ფოტოსურათს ჩვენი ოჯახის არქივიდან:

  1. ნიკო კეცხოველი;
  2. მარინე უთმელიძე, ოთარ კაპანაძე, ალექსანდრა ჯაფარიძე, დენიზა გოზალიშვილი, ნიკო კეცხოველი, ნოე ჯაფარიძე, მარო ტყავაძე;
  3. ნიკო კეცხოველი, მზია ერისთავი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი