logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: წინასაახალწლო დღეებში ხშირი საუბრები გვქონდა, უჭირდა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ ვწერდით საუბრებს – მეც, ბევრის მსგავსად, ჩემი წილი ბატონი რეზო მყავდა...
- +

11 იანვარი. 2022. 02:06

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი ქართველი საზოგადო მოღვაწის რეზო ამაშუკელის შესახებ წერს:

 

„მისი უკანასკნელი ინტერვიუ დეკემბრის თვით თარიღდება.

წინასაახალწლო დღეებში ხშირი საუბრები გვქონდა.

უჭირდა, მაგრამ ნაწილ-ნაწილ ვწერდით საუბრებს.

ბოლო ფრაგმენტი დეკემბრის მიწურულით თარიღდება.

გავაცილებთ უფლისკენ სავალ გზაზე და მერე “ქართული აზრი” იქნება მისი უკანასკნელი ამოსუნთქვის მებაირახტრე…

აკი, სოფოსადმი მიძღვნილი ლექსიც, (დიდი პოეტისთვის უკანასკნელი…) ფრაზა – ფრაზა მაქვს ჩაწერილი დიქტოფონზე.

თითქმის ერთი თვის განმავლობაში ყველაფერზე ვისაუბრეთ.

ყველაზე და ყველაფერზე.

ზოგი რამ ვერ გამოქვეყნდება.

მისი სურვილი ასეთი იყო.

ვრცელ ინტერვიუსაც მალე იხილავს ქართველი მკითხველი.

ხშირად ვსაუბრობდით და ცოტ – ცოტას. უჭირდა დიდხანს საუბარი, მაგრამ ჩვეული შემართებით იცავდა ქვეყანასაც და ქვეყნისთვის დამაშვრალ ადამიანებსაც…

ბოლოს ახალი წლის დღეებში ვისაუბრეთ. მივულოცეთ ერთმანეთს და ძველი ახალი წლისთვის ( “უკეთ თუ გავხდი და შევძელიო…”) დავგეგმეთ საგაზეთო საუბრების გაგრძელება.

ინტერვიუს გადაგახედებთ – მეთქი, შევთავაზე და იუარა.

რომ გენდობი, იმიტომაც გირეკავ დღეში რამდენჯერმეო…

დღეს წავიდა.

წავიდა ბუმბერაზ მწერალთა და ბუმბერაზ პოეტთა საუფლოში.

აკი, თავადაც ბუმბერაზი იყო!

დიახ, ბუმბერაზი პოეტი იყო და ხშირად, მავანთათვის სამწუხაროდ – სიმართლის პირში მთქმელი!

მეც, ბევრის მსგავსად, ჩემი წილი ბატონი რეზო მყავდა…

ვიზიარებ ოჯახისა და ქართველი საზოგადოების გულწრფელ მწუხარებას!

რეზო ამაშუკელი აღარაა”, - წერს გიორგი მამაცაშვილი.

 

 

big_banner
არქივი