logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ზუსტად ეს დღე, 1914 წლის 7 თებერვალი ითვლება სასაცილო და სევდიანი პატარა მაწანწალას დაბადების დღედ...
- +

7 თებერვალი. 2022. 13:08

 

ზუსტად ეს დღე,   1914 წლის 7 თებერვალი ითვლება ყველაფრით დიდი და ბუმბერაზი ჩარლი ჩაპლინის სასაცილო და სევდიანი პატარა მაწანწალას სცენური იმიჯის დაბადების დღედ... რადგანაც ამ დღეს ეკრანებზე, ფილმში „საბავშვო ავტორბოლები“ პირველად გამოჩნდა ჩარლის დაუვიწყარი გმირი, ულვაშით, დაჭმუჭნული ცილინდრით, ტროსტით და უზარმაზარი ფეხსაცმლით...

 

თავად ჩარლი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელსაც უბრალოდ დაარქვა „ავტობიოგრაფია“, იხსენებდა, რომ სინჯების წინ რატომღაც, რაღაცა გუმანით ამოიცვა სასაცილო განიერი შარვალი... მერე კონტრასტისთვის, წელში გამოყვანილი პიჯაკი... თავზე ჩამოიფხატა ერთი ზომით პატარა ცილინდრი და მის ჯინაზე ამოიცვა რამდენიმე ზომით დიდი ფეხსაცმელი... მოიზომა მოკლე ულვაში, მიმიკა რომ არ დაეფარა და ელეგანტურად მისწვდა ტროსტს... მან თავიდან არ იცოდა, ახალგაზრდა იქნება თუ ბებერი, კეთილი თუ ბოროტი, მაგრამ ასე რომ გამოეწყო, უცებ იგრძნო თავისი ახალი იმიჯი და დაიბადა მისი ახალი პერსონაჟი... 

 

ჩარლის საყვარელი ფრაზა იყო - „ჩემი საუკეთესო მეგობარი სარკეა. რადგანაც, როდესაც მე ვტირი, ის არასდროს არ იცინის“...

 

მან ძალიან რთული გზა გაიარა თავის მწვერვალებამდე... დაიბადა ლონდონში, მიუზიკ-ჰოლის მსახიობების ოჯახში, მაგრამ მის მამას ჰქონდა სერიოზული პრობლემები ალკოჰოლთან დაკავშირებით და ჩარლი სულ პატარა იყო, რომ გარდაიცვალა. ჩარლის დედა კი ფსიქიკურად დაავადდა... ასე რომ, პატარა ჩარლი მუშაობდა გაზეთების მიმტანად, ტიპოგრაფიის მუშად და ექიმის ასისტენტადაც...

 

პირველ როლებზე სინჯების დროს, ჩარლი ძლივს კითხულობდა და სულ ეშინოდა, რომ რეჟისორს მისთვის როლის წაკითხვა არ დაეძალებინა...

 

1913 წელს გადაწყვიტა კალიფორნიაში წასვლა და ბედმა გაუღიმა...

იცის ხოლმე, ვის და როდის გაუღიმოს.

 

1914 წელს ჩარლიმ მონაწილეობა მიიღო  მოკლემეტრაჟიან კომედიაში „ცხოვრებისთვის ფულის შოვნა“, ხოლო მეორე ფილმში კი, უკვე მაწანწალას როლში მოგვევლინა...

 

ჩარლი ჩაპლინს ისეთი შესანიშნავი მიხვრა-მოხვრა და მიმიკა ჰქონდა, რომ იმ დროისთვის მუნჯ ფილმებშიც მშვენივრად და ბუნებრივად გრძნობდა თავს...

 

მოგვიანებით წარმოთქვა -

„ზოგჯერ მენანება მუნჯი კინო... რა სასიამოვნო იყო, იმის დანახვა, ქალი პირს რომ აღებს და მისი ხმა რომ არ გესმისო“.

 

ჩარლი ჩაპლინი ოფიციალურად 4-ჯერ იყო დაქორწინებული და ყველა მეუღლე მასზე გაცილებით უმცროსი გახლდათ...

 

ჩარლის ბიოგრაფის, ჯოის მილტონის მტკიცებით, მისი მეორე ქორწინება 16 წლის ლიტა გრეიზე (ლილიტ  მაქმიურეი), რომელზეც  35 წლის ჩარლიმ იქორწინა და 3 წელიწადში დაშორდა, საფუძვლად დაედო ცნობილი მწერლის ვლადიმერ ნაბოკოვის ცნობილ რომანს „ლოლიტას“...

 

მაგრამ თავისი რეკორდი ჩარლი ჩაპლინმა მე-4 ქორწინების დროს დაამყარა, როდესაც 54 წლის ასაკში ცოლად შეირთო დრამატურგ იუჯინ ო’ნილის 18 წლის საოცრად მომხიბვლელი და უჭკვიანესი ქალიშვილი, უნა, რომელიც ჩარლიში უზომოდ შეყვარებული იყო მათი გაცნობის დღიდან ჩარლი ჩაპლინის გარდაცვალების დღემდე და გაუჩინა 8 შვილი. ბოლო შვილი გაჩნდა, როდესაც ჩარლი იყო 72 წლის...

 

ამბობენ, მას ოფიციალურად ჰყავდა 12 შვილი, მაგრამ, მისი მრავალრიცხოვანი რომანების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მეტი...

 

ტყუილად კი არ ამბობდა - „მე არასდროს არ ვყოფილვარ ანგელოზი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ვიყო ადამიანი“...

 

ჩარლი ჩაპლინი ყველაფერში ნიჭიერი კაცი იყო... ნოტები არ იცოდა და სმენით ისწავლა დაკვრა პიანინოსა და ვიოლინოზე... თავად წერდა შესანიშნავ მუსიკას თავისი ფილმებისთვის, რომელთა რეჟისორიც, სცენარისტიც და პროდიუსერიც იყო... მონტაჟსაც კი თავად ახორციელებდა...

 

პარადოქსია, მაგრამ მის მიერ მიღებული 3 „ოსკარიდან“ არცერთი არ მიენიჭა როგორც მსახიობს...

 

ჩარლი ჩაპლინი იყო მსოფლიოში პირველი მსახიობი, რომლის ფოტოც გამოქვეყნდა ჟურნალის ყდაზე; ასევე გახდა პირველი კინოვარსკვლავი, ვინც ხელი მოაწერა 1-მილიონდოლარიან კონტრაქტს;

 

1954 წელს მან მიიღო მსოფლიოს საერთაშორისო პრემია. ამავე დროს, აშშ-ში ცხოვრების 40 წლის განმავლობაში, ძლივს ეღირსა მოქალაქეობის მიღებას. ის მეორე მსოფლიო ომის დროს მხარს უჭერდა მეორე ფრონტის გახსნას და ერთ-ერთი თავისი გამოსვლა დაიწყო სიტყვებით „ამხანაგებო“, რისთვისაც ჩაწერეს „შავ სიაში“ და წლების განმავლობაში ეკრძალებოდა აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა;

 

ამავე დროს,  ფილმ „დიდი დიქტატორის“ გამოსვლის შემდეგ, ჰიტლერმა ჩარლი ჩაპლინი „საპატიო“, ანუ თავისი პირადი მტრების სიაში შეიყვანა, საბჭოთა დიქტორის ლევიტანის გვერდით;

 

1975 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ჩარლი რაინდის წოდებით დააჯილდოვა და ის გახდა სერ ჩარლზ ჩაპლინი...

ჩარლ ჩაპლინს ძალიან უყვარდა ცეკვა. განსაკუთრებით „ტანგო“;

ჰქონდა შესანიშნავი იუმორის გრძნობა...

ერთხელ მიიღო ალბერტ აინშტაინის წერილი -

„თქვენი ფილმი „ოქროს ციებ-ცხელება“ გასაგებია მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ აუცილებლად გახდებით დიდი ადამიანი“.

2 წუთში აინშტაინს გადაუგზავნა პასუხი -

„მე თქვენით უფრო მეტად ვარ აღფრთოვანებული! თქვენი ფარდობითობის თეორია მსოფლიოში ვერავინ ვერ გაიგო და მაინც გახდით დიდი ადამიანი“.

ამბობენ, ამ მიმოწერის შემდეგ დამეგობრდნენ...

 

გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე, ჩარლიმ ინკოგნიტოდ მიიღო მონაწილეობა საფრანგეთში ჩატარებულ ჩარლი ჩაპლინის ორეულების კონკურსში და მას  მხოლოდ მესამე ადგილი ხვდა წილად... ყვებიან, რომ ამის მიზეზი იყო ის, რომ შავ-თეთრ ფილმებში ჩარლის თვალები ნაცრისფერი იყო, ცხოვრებაში კი საოცრად ლურჯი ფერის გახლდათ... და ვერავინ ვერ წარმოიდგინა ლურჯთვალება ჩარლი...

 

ჩარლი ჩაპლინი გარდაიცვალა წყნარად და მშვიდად, შვეიცარიაში, 1977 წელს, 25 დეკემბერს - შობის ღამეს... მის გვერდით იყვნენ მისი მეუღლე უნა და მათი შვილები... მაშინ უნამ განაცხადა - „ჩარლიმ მსოფლიოში იმდენი სიხარული მოიტანა, რომ გულდასაწყვეტია, რომ შობაზე მიგვატოვაო“...

 

მე კიდევ მგონია, რომ, რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, მაგრამ ამავე დროს, სიმბოლური... ზღაპარივით მოგვევლინა და შესაბამისად, ჯადოსნურ დღეს წაბრძანდა...

 

ძალიან მიყვარს მისი სიტყვები:

„ყველაზე დიდი ბრილიანტი - მზე არის და რა ბედნიერებაა, რომ ის ყველასთვის ბრწყინავს!“

 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ბრწყინვალე დღეს!!!

 

 

 

 

 

big_banner
არქივი