logo_geo
„ცოცხალი წიგნები“ სკოლებში
- +

31 იანვარი. 2017. 17:32


 


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროექტით „ცოცხალი წიგნები" თანამშრომლობას იწყებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რაც პროექტის მონაწილე თანამედროვე ქართველი მწერლების სკოლებში სტუმრობასა და მოსწავლეებთან  შეხვედრებს გულისხმობს.


პროექტის ფარგლებში, 1 თებერვალს, 11:00 საათზე, ქალაქ თბილისის №55 საჯარო სკოლას  პოეტი, მარიამ წიკლაური ეწვევა. 12:00 საათზე კი, 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას გამართავენ მწერლები - რეზო თაბუკაშვილი და გაგა ნახუცრიშვილი.


ამავე დღეს, დაგეგმილია თანამედროვე ქართველი მწერლების სტუმრობა მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლაში, ქართველ იუნკერთა სახელობის ქალაქ თბილისის №52 საჯარო სკოლასა და სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის №54 საჯარო სკოლაში.


მწერალთა შემადგენლობაში არიან: ვასო გულეური, გიორგი კაკაბაძე, დათო ყანჩაშვილი, მარიკა მამალაძე, ნინო გუგეშაშვილი, ირაკლი შამათავა.


პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 70-მდე თანამედროვე ქართველი მწერლის შეხვედრა მოსწავლეებთან, თბილისის 150 სკოლაში.


 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები" 2016 წლის 14 აპრილს, „დედაენის დღეს" დაიწყო. პროექტი, რომელშიც თავდაპირველად 75 მწერალი იყო ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და  გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, - „ცოცხალი წიგნები" შეხვედრებს მართავს როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში, აგრეთვე, უკვე სკოლებშიც, სადაც თანამედროვე ქართველ მწერლებს სკოლის მოსწავლეები პირადად ეცნობიან. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო - სპექტაკლის სახით ეცნობა.


პროექტის „ცოცხალი წიგნები" მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები" გამოიცემა. პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი - მარიამ წიკლაური.


2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები" „საზოგოდოებრივი მაუწყებლის" ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში" მფლობელი გახდა.






 

big_banner
არქივი