logo_geo
15 წლის ჩოხოსანი: ჩოხა სულის სამოსია, წინაპრებთან კავშირი, ქართული სულის გამოძახილია
- +

15 ნოემბერი. 2019. 21:03

 

მას ყველა იცნობს პოეზიის საღამოებიდან, სადაც ჩოხაში გამოწყობილი კითხულობს ლექსებს. გამოდის საქველმოქმედო პოეზიის საღამოებზეც. 2014 წელს, პირველი ადგილი აიღო გალაკტიონობაზე, ნომინაციაში – ,,გალაკტიონის ლექსის მხატვრულად წაკითხვა“.

ჰქონდა საკუთარი საავტორო გადაცემა „ავტოგრაფი“ ინტერნეტტელევიზია STV –ზე.

სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა.  

თორნიკე თოდრიას ლექსების მხატვრულად კითხვა მშობლებმა შეაყვარეს. პირველად სცენაზე, 2012 წელს, დედაენისადმი მიძღვნილ კონკურსზე გამოვიდა. ამის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სააქტო დარბაზში – შემოქმედებით საღამოზე. ასე დაიწყო ნელ-ნელა სხვადასხვა საღამოზე გამოსვლა.  

 

მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ, რომ ლაღი და კარგი ბავშვობა მქონოდა. ბავშვობიდან დამამახსოვრდა ჩემი სოფელი, იქ გატარებული დრო, გურული კრიმანჭული. ბახმარო მისი ულამაზესი მთებითა და მზის ჩასვლით, ჯირითობა ცხენზე. ყოველ ღამე ინთებოდა კოცონი, სადაც ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვერთობოდით და ეს ძალიან სახალისო ლამაზი, კარგად დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის”, - ამბობს თორნიკე თოდრია.


რაც შეეხება, ნომინაციაში – ,,გალაკტიონის ლექსის მხატვრულად წაკითხვა“, პირველი ადგილის მოპოვებას, როგორც პატარა ჩოხოსანი ამბობს, კონკურსი ჭყვიშში, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში ჩატარდა, სადაც წაიკითხა ლექსი „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“…

 

პირველი ადგილის აღება ჩემთვის მოულოდნელი დიდი სიხარული იყო. სიტყვით ძნელია იმ ბედნიერების გადმოცემა, რაც იმ დროს ვიგრძენი. ეს მართლაც დიდი პატივი იყო ჩემთვის“, - ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი.

 

ის პატრიარქის ჩოხოსანია და მაყურებლის წინაშე მხატვრული კითხვის საღამოებზე ყოველთვის  ჩოხაში გამოწყობილი გამოდის.  ამბობს, რომ ლექსის წაკითხვისას ჩოხა კიდევ უფრო მეტ ძალას და ენერგიას აძლევს, რადგან ჩოხა მის წინაპრებთან აკავშირებს. მიაჩნია, რომ ეს სამოსი ქართული სულის გამოძახილია.



ბავშვობიდან მიყვარდა ჩოხის ჩაცმა და ყოველთვის მინდოდა, რომ პატრიარქის ჩოხოსანი გავმხდარიყავი, ამ სურვილის ასრულებისთვის, დიდი მადლობა ბატონ ზვიად სეხნიაშვილს.

 

ჩოხა ჩემთვის სულის სამოსია, ისტორიაა. მისი ჩაცმისას ვგრძნობ, რომ მიწაზე მყარად ვდგავარ… პატრიარქის გვერდით ყოფნა უდიდესი მადლი და პატივია. პატრიარქის დალოცვის წუთები უძვირფასესი და უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში“, - ამბობს თორნიკე თოდრია. 

 

 ნაწყვეტი თამარ შაიშმელაშვილის ინტერვიუდან

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი