logo_geo
აშშ-ის ხელისუფლებამ Wu-Tang Clan-ის ალბომის ერთადერთი ეგზემპლარი გაყიდა
- +

28 ივლისი. 2021. 14:04

 

 

აშშ-ის ხელისუფლებამ რეპ ჯგუფის Wu-Tang Clan-ის ალბომ Once Upon a Time in Shaolin-ის ერთადერთი ეგზემპლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის პროკურორის ოფისი ავრცელებს.

 

ალბომი აქამდე ამერიკელ ბიზნესმენ მარტინ შკრელის ეკუთვნოდა, რომელსაც 2018 წელს ფინანსური მაქინაციებისთვის 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მაშინვე სასამართლომ მას კომპენსაციის სახით დაზარალებულებისთვის 60 მილიონი დოლარის, ხოლო სახელმწიფოსთვის - 7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. Wu-Tang Clan-ის ალბომი შკრელის აქტივების კონფისკაციის ფარგლებში იყო ამოღებული.

 

ვინ და რა ფასად შეიძინა უნიკალური ალბომი, არ სახელდება. NYT-ის ცნობით, მყიდველი შესაძლოა არა ცალკეული ადამიანი, არამედ ადამიანთა ჯგუფი ან კომპანია იყოს.

 

ალბომის გაყიდვიდან შემოსული ფულით სახელმწიფოს წინაშე შკრელის დავალიანება დაიფარება. იმის გათვალისწინებით, რომ აპრილში დავალიანების ოდენობა 2,2 მილიონ დოლარს შეადგენდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალბომიც სულ მცირე 2,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

2015 წლის აგვისტოში, მარტინ შკრელის ფარმაცევტულმა კომპანია Turing Pharmaceuticals-მა, 50 მლნ დოლარად შეიძინა აივ-ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა სამკურნალო წამლის წარმოების პატენტი, სექტემბერში კი ერთი აბის ღირებულება 18-დან 750 დოლარამდე გაზარდა, ანუ პრეპარატი 4166 პროცენტით გააძვირა.

 

ალბომი Once Upon a Time in Shaolin-ი 2014 წელს არის ჩაწერილი და ერთ ეგზემპლარად არის გამოშვებული. მარტინ შკრელიმ ის 2015 წელს 2 მილიონ დოლარად შეიძინა.

 

 

big_banner
არქივი