logo_geo
დღეს დოდო აბაშიძის დაბადების დღეა
- +

1 მაისი. 2017. 14:46



ქართველი მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი დავით (დოდო) ივანეს ძე აბაშიძე 1924 წლის 1 მაისს თბილისში დაიბადა. მამამისი ვანიკო აბაშიძე რეჟისორ სანდრო ახმეტელის მეგობარი და მსახიობთა გარეთიანება - „დურუჯის" წევრი იყო. 1937 წელს, სანდრო ახმეტელთან ერთად, სტალინური რეპრესიების დროს დახვრიტეს. დედა - ნინო ანდრონიკაშვილი, ნატო ვაჩნაძის და, მარტო ზრდიდა დოდოს, რომელსაც ეს სახელი იმიტომ უწოდეს, რომ ბავშვობაში ზოგიერთ ასოს ვერ გამოთქვამდა და გოგონებს „გოგო"-ს ნაცვლად „დოდოს" ეძახდა.


თორმეტ წლამდე პატარა დოდო ხშირად ავადმყოფობდა, თანაც ფიზიკურად ძალიან სუსტი და გამხდარი იყო. ოჯახში ყველა მის კვებასა და გასუქებაზე ზრუნავდა. ბავშვობაში ქარგვაც კი ისწავლა და მთელ დღეებს ქარგვაში ატარებდა. ერთ დღესაც, ვარდისუბნის იტალიურ ეზოში, სადაც დოდო ცხოვრობდა,  მეზობელმა აივანზე განტელები ჩამოკიდა. დოდომ ვარჯიში დაიწყო და თანდათან საოცარი აღნაგობა ჩამოუყალიბდა, ისე, რომ უბნის ბავშვებს უკვე იმას ეუბნებოდნენ „ჭამე, დოდოსავით ძლიერი რომ გახდეო".


ვარდისუბნის ქუჩაზე, დოდო აბაშიძის მეზობლად ბევრი საზოგადო მოღვაწე ცხოვრობდა. მათ შორის ქართული თეატრის კორიფეები: აკაკი ხორავა, ემანუილ აფხაიძე, მეტყველების პედაგოგი მალიკო მრევლიშვილი. სკოლის დამთავრების შემდეგ, მათი რჩევით, დოდო აბაშიძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა, თანაც მსახიობობა ხომ გენში ჰქონდა, მაგრამ გამოცდაზე ლექსი ისე ცუდად წაიკითხა, კომისიის წევრები გაოცებულნი დარჩნენ. აკაკი ხორავამ მაინც დატოვა ინსტიტუტში, დროებით, თავისუფალ მსმენელად. ინსტიტუტის პირველ კურსზე კი დოდო ერთადერთი იყო, ვინც  მარჯანიშვილის სახელობის სტიპენდიას იღებდა.


აბაშიძემ დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. ომის მძიმე წლებში მაღაზიაში პურის გამყიდველად დაიწყო მუშაობა. ბევრი გოგონა იყო მაშინ ამ ახალგაზრდა, სიმპათიურ გამყიდველზე შეყვარებული, შემდეგ ვალები დაუგროვდა და მტვირთავად მოეწყო: კინოთეატრ „სპარტაკიდან" „რუსთაველში" კინოფირები გადაჰქონდა. როდესაც უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი მარინა ახვლედიანი შეუყვარდა, მისი გულის მოსაგებად დოდომაც ამ ინსტიტუტში ჩააბარა. მართალია, სიზარმაცის გამო ერთი წლის შემდეგ გარიცხეს, მაგრამ მარინას სიყვარულს მაინც მიაღწია და მალე მისი მეუღლე გახდა.


დოდოს სამსახიობო კარიერა დაიწყო საკურსო სპექტაკლით „გამარჯვებულთა ღიმილი". ეს იყო მისი ნათლობა, რომელმაც საშუალება მისცა, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობი გამხდარიყო. 1952-1956 წლებში მან თეატრში 7 როლი ითამაშა, მაგრამ  შემდეგ თეატრს ზურგი შეაქცია და კინომ გაიტაცა. განსახიერებული აქვს გოდუნის (ლავრენიოვის „რღვევა"), გიორგის (ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი"), როლერის (შილერის „ყაჩაღები") და სხვა როლები. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა", 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი", 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი", 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა", 1965), ომარის („მაცი ხვიტია", 1966), სოსანას („დიდი მწვანე ველი", 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში", 1969; პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა", 1970) და სხვა სახეები.


ბოლო ფილმი, რომელშიც დოდო აბაშიძე მონაწილეობდა, იყო „ფესვები", სადაც მან ემიგრანტი ქართველის როლი ითამაშა, მაგრამ  ფილმის დასრულებას ვეღარ მოესწრო. მისი მონტაჟის დროს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1989 წელს მას რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა" მიენიჭა.


დოდო აბაშიძე 1990 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.




 

big_banner
არქივი