logo_geo
თეა წულუკიანი: ვგეგმავთ, მოვიძიოთ თანხები და წელსვე შედგეს პროექტი გორის თეატრის შენობის გადასარჩენად
- +

4 აპრილი. 2022. 16:02

 

 

თეა წულუკიანი დღეს გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა.

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსთან, გიორგი ბოცვაძესთან ერთად, თეატრის შენობა დაათვალიერა და მის წინაშე მდგარ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. თეა წულუკიანი თეატრის ხელმძღვანელობასა და მსახიობთა დასსაც შეხვდა.

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ უმძიმესი ინფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე, რაც გორის თეატრის წინაშე დგას, კულტურის სამინისტრო მოიძიებს შესაბამის თანხებს და ყველა ძალისხმევას გასწევს იმისთვის, რომ მიმდინარე წელს დააფინანსოს გორის თეატრის რეკონსტრუქციის პროექტის შექმნა, ხოლო უკვე მომდევნო წლებში მიმდინარე წელს შექმნილი პროექტის შესაბამისად განხორციელდეს ამ უდიდესი ტრადიციების მქონე თეატრის შენობის რეაბილიტაცია, რათა იგი გადარჩეს.

 

მინისტრმა ისაუბრა შემოქმედებით პროცესზეც და აღნიშნა, რომ ამ პროცესში გორის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სამინისტროსგან აქვს სრული ნდობა.

 

„რასაკვირველია, ჩვენ გამოვიყენებთ აქ არსებულ შემოქმედებით-საკადრო რესურსს, მიუხედავად ასაკისა და ეს თეატრი ღია დარჩება ახალგაზრდებისთვის, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი იქნება არა ასაკი, არამედ ნიჭი და ის სერიოზულობა, რომლითაც თითოეული შემოქმედი ადამიანი უდგება ქართული თეატრის განვითარებას და იმ დიდი ტრადიციების შენარჩუნებას, რომელიც გორის თეატრში არსებობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

big_banner
არქივი