logo_geo
ვატიკანში გამგზავრებამდე სამების ტაძრის მგალობელთა გუნდს ვატიკანის საელჩომ უმასპინძლა
- +

24 ივნისი. 2022. 22:55

 

 

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი მგალობლები სიქსტეს კაპელაში იმღერებენ - ვატიკანში გამგზავრებამდე სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა საპატრიარქო გუნდს, ვატიკანის საელჩომ უმასპინძლა.

 

ელჩმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა წარმატებული ვიზიტი უსურვა ქართველ მგალობლებს და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენაა.

 

შეხვედრაზე, რომელსაც კულტურის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ, სამების მგალობელთა გუნდმა რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა საკუთარი რეპერტუარიდან.

 

მგალობელთა საპატრიარქო გუნდი ვატიკანში ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და გალობის 20 ნიმუშს წარადგენს. ვატიკანში ისტორიული ვიზიტის საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია ,,იმედი".

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სასცენო სამოსი და აქსესუარები გადასცა. სწორედ სამინისტროს დაკვეთით, ვატიკანში გამგზავრებისთვის, უმოკლეს პერიოდში, ერთ თვეში შეიკერა „სამოსელი პირველის” მიერ 38 ჩოხა, აქსესუარები კი ოსტატმა ოთარ ჩიბირაშვილმა დაამზადა.

 

სამების გუნდი 1998 წელს შეიქმნა და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ტრადიციული გალობის აღდგენა-პოპულარიზაციაში.

 

 

big_banner
არქივი